კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:07

 

გაზაფხული იყო. გალობდა დედაბუნება.

გაღვიძებას ზეიმობდნენ მთები.

მე და დედაჩემი მივყვებოდით. წვრილიან ტყეში გაჭრილ ბილიკს. დროდადრო დედაჩემი შედგებოდა და ყურს მიუგდებდა ახლადგაფოთ- ლილ ტყის სუნთქვას. ეტყობოდა, რომ ეშინოდა. სუსტი მხრები უცახცახებდა, სახეზე კი არ იმჩნევდა შიშის კვალს.

მეც მეშინოდა, მაგრამ არც მე ვიმჩნევდი შიშს. უკვე თოთხმეტ-თხუთმეტი წლისა ვიყავი და ვვაჟკაცობდი. კარგა გვარიანად ჩაჟანგული ერთლულიანი „ცენტრალკა“ მეკიდა მხარზე.

ახლადგამოფოთლილი ტყე იდუმალად იყო განაბული.

წინ დედაჩემი მიდიოდა. რამდენიმეჯერ დავაპირე გადასწრება, მაგრამ არ დამანება. ხელში ეჭირა პატარა წალდი, რომლითაც გამხმარი ფიჩხები უნდა მოგვეჭრა, მხარიღლივ კანაფის საბელი ჰქონდა გადავლებული.

რისი გვეშინოდა?

დათვის ბელებიანი ყელთეთრა დათვის. რაც თავი მახსოვს, ეს ყელთეთრა დათვი იყო ამ არემარის ბატონ-პატრონი. მე რომ პირველ კლასში მიმიყვანეს, სწორედ იმ გაზაფხულზე წაართვეს, ეტყობა, ჯერ კიდევ გამოუცდელ დედა დათვს ბელები შეშაზე წასულმა სოფლის დედაკაცებმა. ყვირილი რომ აუტეხეს, დათვი ხევდახევ გაქცეულა, ბელებიც გამოსდევნებიან დედას, მაგრამ ისე პატარები იყვნენ, მალე დასწევიან დედაკაცები, დაუჭერიათ და კალთებში ჩასხმულნი მოუყვანიათ სკოლის ეზოში.

სკოლის ეზო რიყის ქვით იყო შემოღობილი და მთელი ერთი კვირა იმ ბელებთან თამაშით ვერთობოდით ბალღები. ისინი პატარა ბასრი კლანჭებით გვიგერიებდნენ და ამაოდ ცდილობდნენ ყორეზე აფოფხებას. ზარი რომ დაირეკებოდა და მოწაფეები კლასებში შევიდოდით, ფანჯრიდან ჩანდა, როგორ ჩამოსკუპდებოდნენ უკანა თათებზე, თავებს ერთმანეთს მიადებდნენ და ბღაოდნენ, ბღაოდნენ გულსაკლავად, ალბათ დედას ეძახოდნენ ტყისაკენ დრუნჩებგაშვერილები.

ერთი კვირის თავზე ბელები ტომარაში ჩასხეს და სადღაც წაიყვანეს.

იმ ზაფხულს სოფლის საქონელს გამოესია გულთეთრა დათვი. რა არ იღონეს მონადირეებმა, მაგრამ ხელში ვერ მოიგდეს გულთეთრა.

ამ რამდენიმე წლის წინ კი დედაჩემიც კინაღამ იმსხვერპლა. შეშაზე წამოსულს, სწორედ ამ ბილიკზე შეჰყრია გზაში. მაშინაც ჰყოლია ბელები და, რაკი ქალი დაინახა, ეტყობა, პირველად რომ წაართვეს ქალებმა ბელები, იფიქრა, ახლა ესეც წამართმევსო და ხახადაღებული გაქანებულა დედაჩემისაკენ. ბედად დედაჩემს ცული სჭერია ხელში და თურმე იმით იგერიებდა დათვს, რომელიც ცულის მოქნევაზე უკან გადახტებოდა და ისევ ხახადაღებული გაექანებოდა დედაჩემისაკენ.

გაღმა მთებზედაც კი გაუგონიათ მწყემსებს დათვის ღრიალი და დედაჩემის განწირული ყვირილი.

იმ პატარა ბელებსაც შეშინებიათ და აჯღმუტუნებულან. დათვი ერთი წუთით მათკენ შებრუნებულა და, რაკი სოფლისაკენ მიმავალ ბილიკს მოშორებია, უხელთნია დედაჩემს დრო და გამოქცეულა.

სოფლის თავში დაიჭირეს დედაკაცებმა დედაჩემი, იმას კი უფიქრია, დათვმა დამიჭირაო, და გული წასვლია.

- კიდევ ბედი!

- კიდევ იღბალი, რო ცული არ დაარტყა დათვს, თორემ დაჭრილი აღარც მოეშვებოდა, სანამ სულ არ დაამტვრევდა ძვლებს. - გაიძახოდნენ ჩვენი ახლობლები და ისევ და ისევ ირტყამდნენ დედაკაცები მუხლებზე ხელებს:

- რას გადარჩა, ქალოო!

- ვაი, შე საწყალო ლელავ!

- კიდევ ბედი, კიდევ იღბალი!

- რაზე ე ბალღებს დააობლებდაა!

დედაჩემი კი თანდათან გონს მოდიოდა, ხალხში მე მეძებდა შეშინებული თვალებით. მე რატომღაც ვიმალებოდი, დედაჩემისა მეშინოდა, დღესაც არ ვიცი, რატომ.

აი, ახლაც იმავე ბილიკზე მივდივართ, გულთეთრა ისევ ცოცხალია და კაცმა არ იცის, სად გამოგვიხტება. ჩვენ კი სხვა გზა არა გვაქვს, ჩემი დის საქორწილოდ ხმელი შეშა უნდა შევაგროვოთ ტყეში.

აი, გავუსწორდით იმ ადგილს. აგერ ის წიფელი, დედაჩემი რომ ზურგით ეყრდნობოდა და გამწარებული იქნევდა ცულს.

- მოვუქნევდიი, გადახტებოდა უკან, ისევ წამომეტანებოდა, აღებდა დიდ ლაშთ, ატრიალებდა წითელ ენას და ღრიალებდა, - ხმის კანკალით მიყვება დედაჩემი.

- ძალიან შეგეშინდა?

- მე ჩემი თავი სადღა მახსოვდა, უცებ მამაგონდით თქვენა და იმიტომღა ვიქნევდი ცულს, ობლად რო მრჩებოდით.

რატომღაც ვიუხერხულე, რომ დედაჩემს სიკვდილის პირას მე შევეცოდე, და მრავალმნიშვნელოვნად მოვიხსენი მხრიდან ჩემი ჩაჟანგებული თოფი.

გავცდით იმ ადგილს და გავედით ველში. ზემოთ შავი კლდე იყო წამოყუდებული. ქვემოთ, ღორღიან ჭალაზე, შავი არაგვი მოექანებოდა და მოატყლაშუნებდა ამღვრეულ ტალღებს. არაგვის გაღმა უფრო მზისპირი იყო და უკვე თეთრად იყვნენ ტყემლები გადაპენტილნი.

უცებ დედაჩემი შედგა და მე მომხედა. სასწრაფოდ შევაყენე თოფის ჩახმახი.

- ხედავ? - მკითხა გაფითრებულმა დედაჩემმა და იმ ადგილს მიაჩერდა, სადაც მდინარე ყველაზე გაშლილად მოდიოდა ხეებს შორის. სწორედ იმ ადგილას მოვკარი თვალი გულთეთრა დათვს და თოფი მივუღერე.

მაიცა, არ ესროლო, - ჩამჩურჩულა დედაჩემმა, - ხედავ, ისევ პატარა ბელები ჰყავს. ახლაღა შევამჩნიე დათვის ფეხებთან ორი პატარა ბელი,

გულთეთრა არაგვის ნაპირზე სუნსულებდა და ჰაერს ყნოსავდა.

მაგან, ეტყობა, ჩვენი სუნი იკრა და გაღმა აპირებს გასვლას, - მითხრა დედაჩემმა, - თან ეხლა იქ უფრო კარგი სასუსნავი ეგულება, მზისპირია და კენკეშა უკვე ამოსული იქნება.

კარგა ხანს მიმოდიოდა მდინარის ნაპირზე დათვი. ტალღების თავზე წამოქოჩრილ შავ ნისლს ყნოსავდა, წყალში შესვლა კი ვერ გადაეწყვიტა, ეტყობა იმაზე ღონავდა, როგორ გადაეყვანა ერთდროულად ორივე ბელი გაღმა ნაპირზე.

როგორც იქნა, გაბედა. ჩაავლო ერთ-ერთ ბელს ზურგში, კისერთან, პირი და თავაწეული შევიდა აბობოქრებულ მდინარეში. რამდენჯერმე მოიტაცა წყალმა, მაგრამ იყოჩაღა და მშვიდობიანად გაიყვანა ბელი გაღმა ნაპირზე. გაიყვანა და ბალახებში დასვა. თვითონ ტანი გაიბერტყა და გამოღმა დარჩენილი ბელისაკენ წამოვიდა. იქით რომელიც გაიყვანა, ის ჩხავილით გამოედევნა დედას უკან. გამოღმადარჩენილმაც დააპირა წყალში შესვლა. დათვს მეტი გზა აღარ ჰქონდა, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა. გაღმაგაყვანილი ბელი სილაზე დააწვინა და ზემოდან ქვა დაადო, თვითონ კი გამოღმადარჩენილი ბელის გასაყვანად ეცა მდინარეს.

გამოღმაც მშვიდობიანად გამოვიდა. ისევ ისე ჩასჭიდა ბელს ზურგში პირი და თავაწეული შევიდა მდინარეში.

ახლა უფრო გაუჭირდა გასვლა. რამდენჯერმე ისე გაიტაცა მდინარემ, აღარც კი ჩანდა შავ ტალღებში. მაინც მაღლა ეჭირა თავი. ცდილობდა ბელი არ გაშვებოდა პირიდან. როგორც იქნა, გააღწია. ბელი დაბლა დასვა და მეორისაკენ გაიქცა.

მივიდა, გადაჰხადა ქვა.

ჯერ თათი წაჰკრა.

მერე დასუნა.

ყური დაადო.

ისევ დასუნა.

მიმოიხედა.

ბელი გაუნძრევლად ეგდო ერთ ადგილას. ჩაიმუხლა და ახლა ისე დაადო ბელს ყური დათვმა.

წამოდგა, უკანა ფეხებზე კაცივით შედგა, მაღლა ახედა ცას და განწირული ხმით საზარლად დაიღრიალა.

მე ვერ გაგიგე, როდის გამვარდა თოფი ხელიდან.

დედაჩემი იჯდა და ტიროდა.

ჩვენს თავზე ჩხიკვმა გადაიფრინა.

ჩხიკვს ბეღურების გუნდი მოჰყვა.

შაშვებმაც გაბმული ჭახჭახი მორთეს. რაღაც ხდებოდა ტყეში.

რაღაც აშფოთებდა დედაბუნებას.

დედაჩემი იჯდა და ტიროდა. შვილის სიკვდილს თანაუგრძნობდა გულთეთრა დათვს. მე კი მაშინ არც კი მესმოდა, თუ ასეთი რამე შეიძლებოდა. ახლა მესმის, მაგრამ ახლაც ვერ გადმოგცემთ ამ თანაგრძნობას სიტყვებით.

დედაშვილობის მადლი და დედის გული სულ სხვაა, დედის გულში იმნაირი გრძნობა ეტევა, სიტყვა უქმი და ყალბია მის გამოსახატავად. მხოლოდ დედის თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლი გამოხატავს ხოლმე დიდ გრძნობას უნაკლოდ.

დედის ერთი ცრემლი სამყაროზე უფრო მძიმეა და გათენებაზე უფრო ნათელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen