კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:16

 

„დაიპყრეს ბერძენთა ყოველი ქართლი და დაუტევეს (2) ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი (3) იგი, მპყრობელად ქართლისა. და უბრძანეს აზონს, რათა პატივსცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკულავთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა.

ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული მოცემული, იწყო კერპთმსახურებად (4), და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი - გაცი და გაიმ“.

აზონ იყო კაცი ძნელი (5) და მესისხლე (6). მან თავის ჯარს უბრძანა: მოკალით ყოველი ქართველი, რომელსაც საჭურველს (7) უპოვით.

ასეც იქცეოდნენ. ქართველებში ტანადობითა და მშვენიერებით გამორჩეულთ ხოცავდნენ. ქვეყანა დიდ განსაცდელში ჩავარდა.

ამ დროს მცხეთაში იყო ერთი ჭაბუკი, რომელსაც სახელად ფარნავაზი ერქვა. „ესე ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი (8) და მონადირე ხელოვანი“.

აზონის შიშით ფარნავაზი თავის სიკეთეს მალავდა; მაგრამ აზონმა მაინც შეიტყო, რომ ფარნავაზი გაწაფული მონადირე იყო და ამის გამო მოეწონა იგი. დედა ევედრა ფარნავაზს:

- შვილო ჩემო, უფრთხილდი აზონს. შენს სიკეთეს ნუ გაამჟღავნებ, ვაითუ მოგკლას.

შიშმა და ძრწოლამ სულ უფრო იმატა. მაშინ დედამ უთხრა ფარნავაზს:

- შვილო ჩემო, მიატოვე მამა-პაპის სამყოფელი, ჩემს ძმებთან წამიყვანე და აზონისგან ამით იხსენ თავი.

განზრახულის აღსრულება გადაწყდა. ფარნავაზს უჭირდა სამშობლოს დატოვება, მაგრამ წასვლას დიდი შიში აიძულებდა.

ერთხელ მან სიზმარი იხილა: თითქოს უპატრონოდ მიტოვებულ სახლში იმყოფებოდა. გარეთ გაღწევას ლამობდა და ვერ მოეხერხებინა.

მაშინ სარკმლიდან მზის შუქმა შემოანათა, ფარნავაზს წელზე შემოერტყა, მიიზიდა და გარეთ გაიყვანა. ველზე მდგარმა ფარნავაზმა ნახა, რომ მზე დაბლა ჩამოსულიყო. იგი ხელით შეეხო მზეს, ცვარი მოჰხოცა და თვითონ იცხო სახეზე.

ერთ დღეს ფარნავაზი მარტო გაეშურა სანადიროდ. დიღმის ველზე ირმის ჯოგს დაედევნა, ირემი დაჭრა და უკან მისდია. მალე ნადირი ერთი კლდის ძირას დაეცა.

იმ კლდეში გამოქვაბული იყო. ქვით ამოშენებულ მის კარს სიძველისაგან რღვევა დაეწყო. ამასობაში საშინლად გაწვიმდა. ფარნავაზმა ჩუგლუგით (9) შეანგრია კარი და გამოქვაბულს შეაფარა თავი. 

აქ მან აურაცხელი ოქრო-ვერცხლი იხილა. ფარნავაზი გაოცდა. მერე სიზმარი გაახსენდა და სიხარულით აღივსო. გამოქვაბულის კარი დაგმანა, სასწრაფოდ წავიდა და ყველაფერი დედას და თავის ორ დას ამცნო. ისინი კი იმავე ღამეს წავიდნენ სახედრებით, გამოქვაბულიდან განძის გატანა და მოხერხებულ ადგილას დაფლვა იწყეს.

მერე ფარნავაზმა მსახური გაუგზავნა ეგრისის (10) ერისთავს ქუჯის და შეუთვალა:

- უთვალავი განძი მაქვს. თუ ინებებ, მოვალ შენთან, ძმებივით ვიყოთ, ეს განძი ორივემ მოვიხმაროთ და აზონ ერისთავს მტრად მოვეკიდოთ. დე, ღვთის ძალით მოგვენიჭოს ძლევა კეთილი!

ქუჯიმ დიდად გაიხარა და შემოუთვალა:

- მოდი ჩემთან! ნუ დაიშურებ განძს. ვიდრე აზონს თავს დავესხმებით, მაგ ოქრო-ვერცხლით ლაშქარს გაგიმრავლებ. მაშინ კი გაიხარებენ მისგან აკლებული ქართველები!

გახარებულმა ფარნავაზმა დედა და დები წაიყვანა, ფარულად წავიდა და წაიღო განძი, რამდენის წაღებაც კი შესაძლებელი იყო.

და უთხრა მას ქუჯიმ:

- შენ შეგფერის ჩემი უფროსობა. ღმერთმა ძლევა თუ მოგვანიჭა, შენ იქნები უფალი (11) ჩემი და მე - მონა შენი!

ფარნავაზმა და ქუჯიმ შეკრიბეს ურიცხვი ლაშქარი და აზონის წინააღმდეგ დაძრეს. აზონმა თავის ლაშქარს უხმო. მრავალ მებრძოლს აზონისაგან მხოლოდ ბოროტება ახსოვდა. ისინი განუდგნენ მას და ფარნავაზს მიემხრნენ. აზონს იმდენი სიავე ჰქონდა ჩადენილი, რომ ერთგული ცოტა ეგულებოდა. წავიდა და ერთ ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.

ფარნავაზი მივიდა მცხეთას და ხელთ იგდო ციხესიმაგრეები.

გავიდა ერთი წელი და აზონ ერისთავმა საბერძნეთიდან იხმო ლაშქარი. დიდად გაძლიერებული აზონი ფარნავაზის წინააღმდეგ დაიძრა.

ფარნავაზსაც გაეძლიერებინა ლაშქარი. მან ქუჯისაც უხმო და გაერთიანებული ძალებით მიაშურეს ნაქალაქევს (12), რომელსაც იმ დროს ქაჯთა ქალაქი ერქვა. აქ გაიმართა სასტიკი ბრძოლა. აზონი მოკლეს, მისი აურაცხელი ლაშქრის დიდი ნაწილი გაანადგურეს, სხვები დაატყვევეს, გამარჯვებული ფარნავაზი კი მცხეთას შემოიქცა.

ფარნავაზი ოცდაშვიდი წლისა გამეფდა.

სამოცდახუთი წელი მშვიდობით მეფობდა - ააყვავა და განამტკიცა ქართლი.

„და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა (13) ნათესავთაგანი!, ამან განავრცო? ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენაპ ქართლსა შინა თვინიერ? ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობაი? ქართული“.

 

* * * * * * * * *

 

1. ფარნავაზი - საქართველოს მეფე ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში.

2. დაუტევეს - დატოვეს.

3. სპანი - ლაშქარი.

4. კერპთმსახურება - კერპების თაყვანისცემა.

5. ძნელი - აქ: სასტიკი, დაუნდობელი.

6. მესისხლე - სისხლისმღვრელი.

7. საჭურველი - საბრძოლო იარაღი.

8. შემმართებელი - მარჯვე.

9. ჩუგლუგი - რკინის კომბალი.

10. ეგრისი - დასავლეთი საქართველო.

11. უფალი - ბატონი.

12. ნაქალაქევი - ძველი ქალაქი სამხრეთ საქართველოში.

13. ქართლოსი - უძველესი გადმოცემით, ქართველთა მოდგმის მამამთავარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen