I
- დღეს გუგული იძახდა, დედავ, ღმერთის მადლმა! - ფიცულობ - და ჩემი ძმა ეფრემი, თუმც არავინ არ აფიცებდა. საღამოთი რომ საქონელი მორეკა ტყიდან, ბაკში საქონელთან ვიყავით, მე, უმცროსი, ეფრემი, ჩემზე ოთხის წლით უფროსი, - ვადექით თავზე დედას, რომელიც ფურსა სწველავდა; ტაგანში (ხის კასრი) ჩხრიალი ჩაჰქონდა რძეს და სასიამოვნო სუნს გვაბნევდა ცხვირში. თან სულით ვილეოდი, როდის მოჰრჩებოდა ძროხების წველას, რომ ტაგნით ჩემთვის რძე დაელეინებინა; დაჩვეული ვიყავი, მიყვარდა თბილ-თბილი რძე და ამიტომ ძროხების წველის დროს დედას თან დავყვებოდი მუდამ.
- მერე, დედა გენაცვალოს, და ღალა ვერ მოჰპარე? - დაეკითხა დედა ეფრემს.
- ვერა, იმ დასაქცევმა დამინახა და გაფრინდა. სად წავა: კიდევაცა ვნახავ, იმდენს ვეცდები, დედავ, ზიარების მადლმა, რო მოვპარავ ღალას. განა მუდამ დამინახავს? ისე მივეპარები ჩუმად. ჩუმად… ნელა… ნელა… როცა ის „გუგუ“-ს იძახის არხეინად და არსაიდან საფრთხეს არ მოელის. - ამას რომ ამბობდა ეფრემი, თან მიწაზე გახოხდა; თვალსაჩინოდ გვაჩვენებდა, როგორც უნდა მოეპარა გუგულისათვის ღალა.
- არ მომატყუო კი, დედის ტკბილო, თორემ მალე გავიგებ, რძე და კარაქი თავად გამაგებინებს, როცა ღალას მოჰპარავ, - წარმოსთქვა დედამ.
- რად მინდა, რომ მოგატყუო?! არ მოგატყუებ, ზიარების მადლმა, - ეფიცებოდა დედას ეფრემი.
მე „გუგულის ღალამ და იმის მოპარვამ“ გულში ცნობისმოყვარეობა აღმიძრა და დავეკითხე დედას:
- მასწავლე, დედილო, შენი ჭირიმე, როგორ უნდა მოვპარო ღალა გუგულს. ხვალვე წავალ, მთელი დღე არ მოვეშვები და მოვპარავ. შენი ჭირიმე, მასწავლე. - ღალაზე კარგს ან კი რას მოვიპარავდი?
- მე გასწავლი, ბიჭო, მე ვიცი, როგორც უნდა მოჰპარო გუგულს ღალა, - მეუბნებოდა ეფრემი.
- დედა მეტყვის, დედა მასწავლის, შენი ნასწავლები არ მინდა, - ვუთხარი და დედასა ვთხოვდი ესწავლებინა ჩემთვის, როგორც უნდა მომეპარა ღალა გუგულისათვის და ეს ღალა თუ ბარაქა შამეძინა ჩვენის ძროხების ნაწველისათვის. დედა მიამბობდა, მაგრამ ეფრემი როდი აცდიდა.
- ღალა გინდა მოჰპარო, შვილო, გუგულსა? - მომმართა დედამ.
- უნდა მოვპარო, ხვალ საქონელში გავყვები ეფრემს, თავს მოვიკლამ და მოვპარავ, - ვუპასუხე მე.
- ნეტავი თქვენა, თუ მაგას იზამთ! რძე ბევრი გექნებათ და ხვრიტეთ, რამდენიც გინდათ, შვილებო, - სთქვა დედამ, - მაგრამ ძნელია გუგულისათვის ღალის მოპარვა: - უნდა, შვილო, მიუხვიდე ძირში იმ ხეს, რომელზედაც ზის და „გუგუ“-ს იძახის; უნდა ტანთ, ფეხთ გაიხადო, ხეს სამჯერ შემოუარო გარსა და სამჯერ წარმოსთქვა ეს სიტყვები: „გუგულო, ღალა მოგპარე: დოხშირი, კარაქმრავალი!“ თუ ამას დაასრულებ ისე, ვერ გაგიგო და არ გაგიფრინდა, ღალა მოპარული იქნება; თუ გაგიფრინდა, ღალა თანვე გაჰყვება.
მითხრა რა ეს დედამ, თან რამდენჯერმე გამამეორებინა: „გუგულო, ღალა მოგპარეო!“
მეც ვიმეორებდი და იქვე შევისწავლე; ვიძახოდი ხმამაღლა: „გუგულო, ღალა მოგპარე: დოხშირი, კარაქმრავალი!“ ჩვენი მურკა გაკვირვებული შემომჩერებოდა და თან ბანჯგვლიანს კუდს იქნევდა ამ დროს.
დავწექი ლოგინში და თან იმას ვიძახოდი: „გუგულო და გუგულო, ღალა… მოგპარე…“.
როგორ მინდოდა გულით, რომ ბევრი კარაქი მოგვეგროვებინა, ბევრი ხაჭო, ბევრი ყველი. როგორ ვევედრებოდი ღმერთს, საბან-ქვეშ ვლოცულობდი: „ღმერთო, იესო ქრისტე, სულო წმიდაო, სამებაო ერთარსებაო, შემეწიეთ, მომიმართეთ ხელი, მომაპარვინეთ გუგულისთვის ღალა, თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმეთ!“ როგორ გაუხარდება დედაჩემს, როცა დაინახავს რძეში გუგულის ღალას. მეც როგორი კაი ბიჭი ვიქნები, ეს რომ შევიძლო! აღუთქვი სანთლები ღვთისმშობელს, მაცხოვარს: - დედას ფულს გამოვართმევ, თუ თხოვნას ამისრულებთ და სანთლებს აგინთებთ-მეთქი საყდარში, თითო შაურიანს სანთლებს-მეთქი.
მამა მოვიდა, გუთანზე იყო, იმანაც ეს ამბავი მოიტანა: „გუგული იძახდაო!“ ჩემი გული თავის ალაგას აღარა დგებოდა, მოუთმენლად ველოდი განთიადს. ვნახავდი, რა ფერისა, როგორი ფრინველი იქნებოდა გუგული, რადგან ჯერ არ მენახა და, თუ ხვალ ვერ მოვახერხებდი ღალის მოპარვას, ზეგ, მაზეგ მომიმართავდა ღმერთი ხელსა.
მამამ, ჩოხის კალთით კალბახა სოკო (ხისა) მოიტანა. ხელში მომაჩეჩა ბარძიმის მსგავსი, სოკოს ჰგავდა და თან დაატანა:
- აი, ბიჭო, გუგულის-კაბა!
მშვენიერი, წითელი ფერისა იყო, თითქოს იცინისო, ისე გეჩვენებოდა, ზევიდან რომ დაგეხედნა. სწორედ კარგი რამ იყო!.. ხელში ვატრიალებდი და ვკოცნიდი.
- ეს იმის ნიშანია, - განაგრძობდა მამაჩემი, - რომ გუგული მოსულია და, ვიდრე პატრონის ხმას არ გაიგონებს, არ ეჩვენება არავის. გაისმის თუ არა ტყეში „გუ-გუ-უუ“, ამოღაღანდება, მზესავით ამოაშუქებს უღრანს ტყეში, ყვითელ, დასალპობად გამზადებულ ფოთლების გროვიდან და დაუძახებს გუგულს: „სადა ხარ, მშვენიერო მძლევარო? სადა ხარ, ჩემო ტურფა პატრონო, გუგულო? მოდი, ჩამიცვი ტანზე, დამშვენდი, - ლამაზი მომეტებულად გალამაზდიო!“ - უძახის კაბა გუგულს.
გუგულიც იქ მიფრინდება, საიდანაც თავის კაბის ხმა შაესმის, სადაც ის არის მოსული, დაჯდება ხეზე, მიუალერსებს, მიესაყვარლება და გასძახებს:
- რას ტიკტიკებ, შე კარგო, შენა, გუგულო! გაჩუმდი, გაჩუმდი! როგორ გაგიმეტო, როგორ გაგიმეტო? როგორ, როგორ გაგიმეტო? ტანზე ჩაგიცო, გაგცვითო, ეგრე ტურფა, ეგრე ლამაზი? არა, არა, უნდა გიყურო; შენის ცქერით იხაროს ჩემმა გულმა და თვალებმა, დასტკბეს ჩემი სიცოცხლე… არა, გულო, არა, გულო!.. - და ჩვენ კი „გულის“ მაგივრად „გუ“ გვესმის… სულ ინახავს და ინახავს კაბას, თავის დღეში არ ჩაუცვამს… და არც ჩაიცვამს… გუ-გუუ, გუ-გუუუ… - ის დასაქცევი!.. ძალიან ეშმაკია. - მე ამ ჩემი ლეგა, ნაცარა კაბითაც იოლად გამოვდივარო. გუგულის კაბას სული მისდის, რო თავისი თავი გუგულის ტანზე ნახოს, ფრინავდეს, დაფრიალობდეს გუგულთან ერთად, მაგრამ, ვერ მიართვეს!.. ძალიან ეშმაკია. სულ სამერმისოდ ინახავს და რჩება გუგულის კაბა ერთთავად ახალი, გაუცვეთელი… ძალიან ეშმაკია. ძალიან ზარმაცი, უყვარს უსაქმოდ ხეტიალი, მღერა-თამაში, შექცევა, გართობა; თავხედობაცა სჭირს: თავის დღეში ბარტყებს თავად არ გამოსჩეკავს, იმდენს იეშმაკებს, სხვას გამოაჩეკინებს, ტრედის ან ჩხიკვის ბუდეში კვერცხებს დასდებს; თუ დრო იხელთა, იმათ კვერცხებს მიირთმევს კიდეც და თავის კვერცხებს ადღვებინებს და ბარტყებსაც აჩეკინებსო.
მამა რომ არ მატყუებდა, ჩემის თვალითა ვნახე, ორისა თუ სამის კვირის შემდეგ.
გუგულზე ეხლა ცოტათი ნათელი წარმოდგენა მქონდა; მამაჩემის ნალაპარაკევიდან, რაც ღალის მოსაპარავად იყო საჭირო, ის ცოდნაც შევიძინე: დიაღ, თუ გუგული ხშირად იმ ხეზე ჯდება, რომლის ძირშიც გუგულის კაბა ხარობს-მეთქი, - ვიფიქრე, - ადვილად შეიძლება კაცმა მოახერხოს ღალის მოპარვა, - უნდა, მაშასადამე, დავჯდე ხის ძირში ფეხშიშველა, თუ ტიტლიკანა არა, მარტო პერანგის ანაბარად და ვუცადო გუგულის მოფრენას; რა წამს მოფრინდება, გადავიძრობ ხელად პერანგს და შემოვურბენ ხეს გარსა.
II
მეორე დღეს მე და ჩემმა ძმამ ეფრემმა წავასხით საქონელი საძოვარზე. ჩვენი მურკაც თან მოგვდევდა. საძოვარი ადგილები ჩვენი დაბურულ ტყით შემორტყმული ველები იყო, საითაც საქონელს მივერეკებოდით. გზაში მე და ეფრემი შევლაპარაკდით, არა მე მოვპარავ გუგულს ღალას, არა მეო.
- შე ბაყაყო, შე დოყლაპიავ! შენ როგორ უნდა მოჰპარო ღალა?! - მითხრა დაცინვით ეფრემმა.
- დაიკარგე, შე ელამო, შე ბრუციანო! მარტო შენი თავი გგონია ყოჩაღი და სხვა აღარავინა? აბა, დაიცადე, თუ არ მოვპარავ და ჰნახავ კიდევ: - მე ხერხი ვისწავლე და შენ კი არ იცი! - ვუთხარი თავმომწონედ.
- რა ხერხი? თქვი რაღა? რასა ჰმალავ, ვის უმალავ, შე უბედურო? გინდა შენა გცოდნია, გინდა მე. გინდ შენ მოგიპარია ღალა გუგულისათვის, გინდ მე?! - მეუბნებოდა ეფრემი.
მართლაც ასე იყო, ამას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მე ჩემად მინდოდა უნარი გამომეჩინა და სახელიც შემეძინა და ამიტომ ვჯიუტობდი, ვეურჩებოდი.
- მე ვარ და არ გასწავლი! მე ვარ და არ გასწავლი! - ვიძახოდი და თან კანკალით მივსდევდი საქონელს!
ეფრემი ძალას აღარ მატანდა, საქონელი ბალახიანს და ტყიანს ადგილს მივუმარჯვეთ. მე ტყეში დავრბოდი და გუგულის კაბას ვეძებდი, რამდენსამე ადგილას შევხვდი, მაგრამ იქ გუგული არ იძახდა, მისი ხმა შორიდან ისმოდა, სჩანდა, რომ იქ უფრო ბევრი იდგა გუგულის კაბა და გასვლაც იმ ხევს, კლდიანს, ოღროჩოღროს ძნელი იყო.
- აგერ, ბიჭო, გუგული სად იძახის, აბა, თუ ბიჭი ხარ, წახვალ და მოჰპარავ ღალას! - მითხრა ეფრემმა.
- თუ ბიჭი ხარ, შენ წახვალ! - ვაქეზებდი მე ჩემის მხრით ეფრემას, მაგრამ როგორც მე, ისე იმას არ ეწადა ხევებში კლდეებზე ბღოტიალი. ჩვენ ის გვინდოდა, რომ ახლომახლო სადმე გაგვეგონა გუგულის ძახილი.
მე ტყეში ერთ ხის ძირას დავჯექი, რადგან იქ ორი თუ სამი გუგულის კაბა იყო მოსული და კარგახანს ველოდებოდი, მაგრამ ამაოდ. კოდალა ხეს ურაკუნებდა ნისკარტს, ჩხიკვები ბლომად ჩხაოდენ, ხმელი წიფლის კენწეროზე ქედნები სხდებოდენ და ღუღუნებდენ, ხოლო გუგული არსად არა სჩანდა.
მოლოდინით გული გადამელია, ხოლო მაღლა შაცქერით თვალები გაწყალდა. მომწყინდა მარტოკა ტყეში ყოფნა, თანაც პური მომშივდა. ეფრემი საქონელს თავს ვერ ანებებდა, ეშინოდა ყანებში არ წასვლოდა, მურიკა ეფრემს არ ეშვებოდა, იმასთან ყოფნა ერჩივნა ჩემთან ყოფნას.
- ი ტყეში რას აკეთებ, ბიჭო, განა მოვა და თავზე დაგაჯდება? აი, შე უტვინოვ, შენა! - მითხრა ეფრემამა და თან გულიანად იცინოდა, - ეგრე კი არ უნდა, ბიჭო, უნდა უთვალთვალო და, როცა ხეზე დაჯდება, ხე დაისწავლო, მიხვიდე მიპარვით და ღალა ისე მოჰპარო, შენ რომ მთელი წელიწადი ტყეში იჯდე, იქ რა მოგივა? - მეუბნებოდა ეფრემი.
- მაშ, გუგულის კაბასთან არ მოვა? სად წავა, მაშა? - ვუპასუხე მე რიხიანად.
ეფრემმა უფრო გულიანად გაიცინა:
- ეგ არი შენი ხერხი? ძალიან ხერხი გცოდნია, მეტი აღარ შეიძლება, - მეუბნებოდა ეფრემი და თან იცინოდა. ამ დროს შორიახლოს თავზე ფრენით გადაგვიარა ნაცრისფერმა ფრინველმა.
- აგერ, ეგ არის გუგული! - მითხრა ჩემმა ძმამ.
- დაჯექ, რაღა, შე რჯულძაღლო! - წავილაპარაკე მე ძალაუნებურად გუგულის დანახვაზე. მაგრამ იმან მე არ გამიგონა, გაფრინდა შორს და მიეფარა ტყესა და გორებს. გულდაწყვეტილი მე თვალებს ვაყოლებდი, ვიდრე სჩანდა და, აბა, თვალებით, დანახვით ხომ ღალას ვერ მოვპარავდი?
III
მთელი სამი კვირა ძალზე ვსდიეთ გუგულს მე და ჩემმა ძმამ ეფრემმა, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით გუგულისთვის ღალის მოპარვაში, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდით. ორ ვერსის მანძილზე მივდიოდით იქიდან, სადაც საქონელს ვაძოვებდით, რომ ღალა მოგვეპარა. მივეპარებოდით, ხოლო ტანისამოსის გახდას ვერ ვასწრებდით მთლად, გაგვიგებდა და გაგვიფრინდებოდა. მე ჯავრი მომდიოდა, ეფრემი ხომ ბრაზისაგან კბილით ხორცს იგლეჯდა და ემუქრებოდა. ერთხელ თურმე ისეთ დროს გაუფრინდა, რომ მესამედ ვეღარ მოასწრო წიფლის შემოვლა და სათანადო სიტყვების თქმა: „გუგულო, ღალა მოგპარეო“ და სხვ.
ჩემმა შრომამ ტყუილად არ ჩაიარა: ერთხელ კაი სეირი ვნახე - ჩხიკვებისა და გუგულის ჩხუბი. ძალიან ყოფას აწევდენ ჩხიკვები, სულ სათითაოდ ფრთაბუმბულს აგლეჯდენ, მოესწროთ იმ დროს, როცა გუგული ჩამჯდარიყო ჩხიკვის ბუდეში კვერცხის დასადებად, მოესწროთ დედალ-მამალ ჩხიკვსა; იმათ სხვები მოჰშველებოდენ განგაშის ხმაზე და - შენს მტერს, რომ ისინი გუგულს დღეს აყრიდენ, სულ ბოლს ადენდენ ზურგზე. მე გული მოვიფხანე: „ჰეე, ეგა ნახე, არ მომცემ ღალასა?! სხვა უარესიმც დაგმართნია: აი, ყოჩაღ ჩხიკვებო, ყოჩაღ, დაჰკარით, ეცით!“ - მივძახოდი ჩხიკვებს გახარებული, როცა ისინი გუგულსა სდევნიდენ და სცემდენ, ზოგი გზას უკრავდა, სხვები უკან მისდევდენ, დანარჩენნი აქეთ-იქით ალყას არტყამდენ, რადგან აქეთ-იქით აწყდებოდა და საფარს და გასაპარს ალაგს ეძებდა…
ამ სეირის მნახველი გულიანად ვიცინოდი, ძალიან მესიამოვნა, ხოლო ჩემი ძმა ეფრემი გულნაკლულად იყო, რაღაცას სხვას ფიქრობდა, თუმც ამ ფიქრს მე არ მიზიარებდა.
იმ ხანებში მამაჩემი კახეთს წავიდა ერთის კვირით. ეფრემს აღდგომა გაუთენდა: დრო დარჩა მამაჩემის თოფი ეტარებინა თან, საქონელში. ეფრემი თოფს კარგად ესროდა, საფანტს და წამალს მამაჩემსა ჰპარავდა ცოტცოტაობით, რომ ვერ გაეგო, მონადირეებისაგანაც კი თხოულობდა.
საქონელი ჩვეულებრივ გავრეკეთ საძოვარზე, ეფრემმა მამის თოფი ვაჟკაცურად მხარზე გადიკიდა, თუმცა დედა უშლიდა: - მოგკლავს, ბიჭო, მამაშენი! არ გასტეხო, არაფერი გაუფუჭო, თორემ ვეღარ ვეჩვენები თვალითა.
ეფრემი ყელს უწევდა დედას, ნება მიეცა თოფის წაღებისა და დიდს ფიცსა სდებდა, არაფერს გავაფუჭებო. დედამ რის ვაივაგლახით ნება დაგვრთო თოფის წაღებისა, თან გვარიგებდა:
- დედაშვილობას, გაფრთხილდით, არ გაგივარდეთ, არ მოიხვედროთ!..
როცა საქონლის საძოვარ ადგილას მივედით, ეფრემმა მე საქონელს დამიყენა და თავად ტყეში გაძვრა - მალე მოვალო, - დამპირდა. ძაღლი არ გაიყოლა; მურკა ჩემთან დარჩა, რადგან პურის ლუკმებს ვუყრიდი, მინდოდა ჩემთან ყოფილიყო. ტყეში რამდენსამე ადგილას გუგულები იძახდენ… არ გაუვლია ნახევარ საათს, რომ ტყიდან თოფის ხმა მოისმა. არ გაუვლია დიდ ხანს, რომ ტყიდან გამოჩნდა ეფრემი, თავმომწონედ მოდიოდა და მარჯვენა ხელით რაღაცას მოატლაკუნებდა. მოვიდა და დადგა ჩემ წინ, მარჯვენა ხელში მკვდარი ფრინველი ეჭირა.
- ბიჭო, ეგ რა არის? - ვკითხე მე, თან ჩამოვართვი და სინჯვა დავუწყე.
- ვერა ჰხედავ, რა არი? - მიპასუხა ეფრემმა, სახე და თვალები უბრწყინავდა, - ღალას რო არ გვაძლევდა ეგა, ნახოს. ახლა მთლად ჩვენია თავის ღალიან-ჩალიანად, დავკიდოთ სახლში, სარძეულთან ახლო.
- გუგული? საწყალი! მერე ცოდო არ არის? - ვკითხე კვალად ეფრემს.
- ცოდო კი არა, ის არ გინდა? რის ცოდო უნდა იყოს? მე კი არა ვარ ცოდო, რამოდენა ვსდიე და არ იქნა, ღალა ვერ მოვპარე, ეხლა კი მთელი თავის ღალიანად მოვიპარე, - სთქვა ისეთის კილოთი, რომ მეც დავიჯერე მისი ნათქვამი.
საღამოს ჟამს ჩვენ თავზე ვადექით დედას: მე დოინჯშემოყრილი, ხოლო ეფრემს ნისკარტით ეჭირა გუგული და დედას თვალებწინ უფრიალებდა:
- დედავ, დედავ, უყურებ ამას, ჰყურობ, რა არი? - ეუბნებოდა ეფრემი ამაყად.
- უი, დამიდგა თვალები! - წამოიძახა დედაჩემმა, - ეგ რა გიქნიათ, ბიჭო, სად გაგონილა მძლევარი მოკლას კაცმა? ხომ ცოდვაა!.. საწყალი, საცოდავი!.. მაგისთვის წაათრიე, შე ეშმაკო, თოფი? - სთქვა წყრომით დედაჩემმა.
ეფრემს პირს კატა ეცა, რადგან, ქების მაგივრად, დედისაგან სამდურავი მიიღო, მეც დოინჯი დავფუშე, ხელები უშნოდ გავიკარ ბარძაყებზე და თავიც, ვითა დამნაშავემ, დაბლა დავკიდე…
„გუგულო, ღალა მოგპარე… გუგულო… გუგულო!..“


