კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:42

შენ რაც გინდა, ისა თქვი და ჯოვანინო ჩიტირეკიასთანა მგლისმუხლა მოგზაური, ტყუილია, დედამიწის ზურგზე არავინ არა ყოფილა. იარა, იარა და ერთ მშვენიერ დღეს ისეთ ქვეყანაში ამოყო თავი, რომლის სახელიც ადამიანიშვილს არასდროს სმენია.

- რა ქვეყანაა, მითხარი, თუ ძმა ხარ, - შეეხმიანა ჯოვანინო გზის პირას ჩრდილში წამოწოლილ ვიღაც ღიპიან კაცს.

პასუხის მაგივრად იმ კაცმა ჯიბის დანა ამოიღო, გახსნა, ხელისგულზე დაიდო და ჰკითხა:

- აბა, თუ მეტყვი, რა არის?

- დანაა, რა უნდა იყოს! - გაიკვირვა ჯოვანინომ.

- ვიცოდი, მაგას მეტყოდი, - ეშმაკურად ჩაიცინა ღიპიანმა. - პირიქით, არადანაა. ჩვეულებრივ ჯიბის დანას წინ "არა" აქვს მიმატებული. ფანქრის წვერის წასაზრდელად ხმარობენ. კარგი რამეა, მეტადრე სკოლაში.

- საკვირველია! - თვალები გაუფართოვდა ჯოვანინოს. - სხვა კიდევ რა გაქვთ?

- რა ვიცი, რაც გინდა. არასაკიდელი გაგიგონია?

- ალბათ საკიდელი უნდა გეთქვა.

- არა. საკიდელში რა ყრია! პალტო თუ არა გაქვს, გინდა ათი საკიდელიც გქონდეს, რა აზრი აქვს. არასაკიდელი კი სულ სხვა რამ არის. ზედ არაფერს არა ჰკიდებ! პირიქით, შენ რაც გინდა, მიდი და ჩამოიღე.

აი, ვთქვათ, პალტო დაგჭირდა, ანდა პიჯაკი გაგიცვდა და აღარ ვარგა, ახლის საყიდლად მაღაზიაში კი არ გარბიხარ, არასაკიდლიდან ერთსაც ჩამოიღებ და მეორესაც.

ზაფხულობით ზაფხულის არასაკიდლები გვაქვს, ზამთრობით - ზამთრისა. კაცების არასაკიდლები ცალკეა, ქალებისა ცალკე, ბავშვებისას ხომ ნუღარ იტყვი, იმდენია. შენ ვერ წარმოიდგენ, რა დიდძალი ფული დაგვეზოგა.

- მართლა კარგი რამ ყოფილა, მე და ჩემმა მზემ! კიდევ, კიდევ რა გაქვთ?

- რა გვაქვს და არაფოტოაპარატი გინახავს? გასამხიარულებლად მისწრებაა.

სურათების მაგივრად, ისეთ კარიკატურებს ამზადებს, მუცელი ხელით უნდა გეჭიროს. გარდა ამისა, არაზარბაზანიცა გვაქვს.

- რაო? ეგ რაღაა? - გაიოცა ჯოვანინომ.

- რა არის და წინ არამიმატებული ზარბაზანია. ომების მოსასპობად ვხმარობთ.

- როგორ ომების მოსასპობად?

- როგორ და ძალიან კოხტად. სადმე ომი თუ ატყდა, არაბუკს ავახმიანებთ, გამოვიტანთ მოედანზე მაგ არაზარბაზანს, დავაცემინებთ და - რა ომი, რის ომი, მთელ ქვეყანაზე მყუდროება ჩამოვარდება.

არა, სხვა ამისთანა ქვეყანას მართლა ვერსად ვერ იპოვი.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen