გურიაში გაგონილი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედაბერი და ბერიკაცი. ძალიან ღატაკები იყვნენ - ერთი გლახა ქოხის გარდა არაფერი გააჩნდათ. ცხოვრობდენ მათხოვრობით: ხან დედაბერი წავიდოდა სათხოვარში, ხან ბერიკაცი.
წავიდა ერთხელ ბერიკაცი. დიდხანს იარა სოფელ-სოფელ, ითხოვა და შეაგროვა ბევრი ქათმები. მოუყვანა დედაბერს და უთხრა: - ხედავ, რამდენი ქათმები მოგგვარეო.
დედაბერს ძალიან გაეხარდა, მაგრამ ქათმის საჭმელი არაფერი მოეპოვებოდა. დედაბერმა სთქვა: რაკი საჭმელი არაფერი გაგვაჩნია, ეს ქათმები დავკლათ და დავშაშხოთო. ადგნენ, ყველა ეს ქათმები დაკლეს და დაშაშხეს. ქათმის კუჭები ერთად დააგროვეს და ცალკე ჭურჭელში დაშაშხეს.
მერე მისდგენ ამ ქათმებს და ცოტ-ცოტათი ჭამეს. დიდხანს, დიდხანს ეყოთ. ბოლოს გაუთავდათ ქათმები და დაურჩათ მარტო კუჭები. ახლა კუჭებს მისდგნენ და დღეში თითო კუჭს კმარობდნენ. შეჭამეს ყველა, მხოლოდ ერთი კუჭი დარჩათ. ავიდა დედაბერი სხვენზე, სადაც კუჭის ჭურჭელი ედგა: უნდა ჩამოეტანა ეს უკანასკნელი კუჭი. ხელი რომ გაიწოდა ამოსაღებად, კუჭი გაფართოვდა, შემოეხვია დედაბერს და ჩაყლაპა.
ჩამოგორდა ეს გაბერილი კუჭი და მიგორავს.
ბერიკაცმა ჰკითხა:
- სად მიგორავ, კუჭოვო?
- მე დედაბერი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპოო, გააღო პირი და ჩაყლაპა ბერიკაცი.
კიდევ უფრო გაიბერა კუჭი და გაგორდა შარაგზაზე. მიგორავს კუჭი და შეხვდა ქვეითი კაცი.
- გამარჯობა, კუჭო, შენ სად მიგორავო? - ჰკითხა ქვეითმა კაცმა.
- მე დედაბერი ჩავყლაპე, ბერიკაცი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპოო, - უთხრა კუჭმა და ჩაყლაპა ქვეითი კაციც.
მიგორავს კუჭი, მიგორავს და შეხვდა ცხენოსანი
- გამარჯობა, კუჭო, შენი, სად მიგორავო?
- მე დედაბერი ჩავყლაპე, ბერიკაცი ჩავყლაპე, ქვეითი კაცი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპოო, - უთხრა კუჭმა და ჩაყლაპა კიდეც ცხენოსანი.
გასივდა კუჭი ძალიან. მიგორავს, მიგორავს და შეხვდა მეურმე ურმით.
- გამარჯობა, კუჭო, შენი, სად მიგორავო, - ჰკითა მეურმემ.
- მე დედაბერი ჩავყლაპე, ბერიკაცი ჩავყლაპე, ქვეითი კაცი ჩავყლაპე, ცხენოსანი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპოო, უთხრა კუჭმა, და მართლაც ჩაყლაპა მეურმე მისი ურმით.
გასივდა კიდევ უფრო კუჭი; მიგორავს, მიგორავს და ვნახოთ, მოდის მეფე თვისი ჯარით.
- გამარჯობა, კუჭო, შენი, სად მიგორავო, - ჰკითხა მეფემ.
- მე დედაბერი ჩავყლაპე, ბერიკაცი ჩავყლაპე, ქვეითი კაცი ჩავყლაპე, ცხენოსანი ჩავყლაპე, მეურმე და ურემი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპო შენი ჯარითურთო. მართლაც ჩაყლაპა მეფე და მისი ჯარიც.
ახლა სწორეთ გორისოდენა გახდა კუჭი, მიგორავს, მიგორავს ძლივს ინძრევა, ისეა დამძიმებული. ვნახოთ, მოდის თითის ტოლა დედაბერი, ხელში უჭირავს დიდი ჯოხი.
- გამარჯობა, კუჭო, შენი, სად მიგორავო, - ჰკითხა დედაბერმა.
კუჭი მოუყვა: - მე დედაბერი ჩავყლაპე, ბერიკაცი ჩავყლაპე, ქვეითი კაცი ჩავყლაპე, ცხენოსანი ჩავყლაპე, მეურმე და ურემი ჩავყლაპე, მეფე და მისი ჯარი ჩავყლაპე, ახლა შენ უნდა ჩაგყლაპოო.
თითის ტოლა დედაბერმა მოიმარჯვა ჯოხი. სთხლიშა და გახეთქა ეს ვეებერთელა კუჭი! უცბად გამოვიდნენ ყველა ჩაყლაპულები: დედაბერი, ბერიკაცი, ქვეითი კაცი, ცხენოსანი, მეურმე ურმით და მეფე თვისი ჯარით.
მეფემ უთხრა დედაბერს:
- მე შენ ისეთი სიკეთე მიყავი, რომ უთუოდ დიდად უნდა დაგასაჩუქრო. მითხარი რა უნდა მოგცე ამდენი სიკეთისთვისო.
თითის ტოლა დედაბერმა მიუგო:
- მე შენი არაფერი მინდა. საჩუქრად ისიც მეყოფა, რომ ამისთანა ხარბი და გაუმაძღარი რამ მოვსპეო, და გაუდგა თავის გზას...


