იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძლევამოსილი მეფე. მას მოკავშირეები დიდ პატივს სცემდნენ. შეიძლებოდა, ყველაზე ბედნიერ ხელმწიფედ მიგვეჩნია. იგი კიდევ უფრო გაბედნიერდა, როცა მზეთუნახავი შეირთო. მათ ცხრა თვის თავზე მშვენიერი ქალიშვილი შეეძინათ. მეფე- დედოფალს მეტი შვილი აღარ ჰყოლია.
სასახლეში ყველაფერი ბრწყინავდა. მეფეს ჰყავდა ბრძენი ვაზირები, თავდადებული კარისკაცები; ერთგული და ბეჯითი მსახურები; მისი უზარმაზარი საჯინიბოები საუკეთესო ჯიშის ცხენებით იყო სავსე. თუმცა ამ საჯინიბოების მნახველებს ერთი რამ ძალიან აოცებდათ: აქ ყველაზე საპატიო ადგილი ვირს ეკავა, თავისი გაპარტყული, გრძელი ყურებით. ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო. პირუტყვი ამ პატივს თავისი იშვიათი თვისებით იმსახურებდა. ის ბუნებას უჩვეულო ნიჭით დაეჯილდოებინა. ყოველ დილით მის სადგომთან მეჯინიბეები უამრავ ფულს ნახულობდნენ.
ერთხელაც ამ ბედნიერ მეფეს წუთისოფელმა განსაცდელი მოუვლინა. უეცრად დედოფალი მძიმედ დაავადდა. მეფემ ცოლის განსაკურნებლად არაფერი დაიშურა - მოიყვანეს საუკეთესო ექიმები, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. სამეფოში თითოეული ადამიანი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. მეფე მხურვალედ ლოცულობდა, ყველა ტაძარში დედოფლის სახელზე აწირვინებდა. მზად იყო, სიცოცხლე შეეწირა, ოღონდ თავისი ძვირფასი მეუღლე გადაერჩინა, მაგრამ დედოფალს არ ეშველა.
ქალმა უკანასკნელი წუთის მოახლოება იგრძნო და ქმარს, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა, უთხრა:
- სანამ მოვკვდები, ნება მიბოძეთ, ერთი თხოვნით მოგმართოთ, თუ ხელმეორედ ცოლის შერთვას განიზრახავთ...
ამ სიტყვებზე მეფემ საბრალოდ ამოიკვნესა, ცოლის ხელი გულზე მიიკრა და განაცხადა, რომ მეორედ დაქორწინებაზე არასოდეს იფიქრებდა.
- არა, არა, ჩემო ძვირფასო დედოფალო, მირ ჩევნია მოვკვდე, ვიდრე მეორე ცოლი შევირთო!
- სახელმწიფო, - მიუგო დედოფალმა მტკიცე ხმით, - სახელმწიფოსთვის აუცილებელია ტახტის მემკვიდრე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ქალიშვილი გვყავს. აუცილებლად უნდა გყავდეთ ვაჟი, რომელიც თქვენსავით ძლიერი და დიდებული იქნება. მე მხოლოდ იმას გთხოვთ, ჩემზე ლამაზი ქალი შეირთოთ. მომეცით ფიცი და მე ბედნიერი წავალ ამქვეყნიდან.
ამბობენ, დედოფალს სჯეროდა, რომ მისი ბადალი ქვეყნად არ მოიპოვებოდა, ამიტომ როცა ამ პირობას ართმევდა მეფეს, დარწმუნებული იყო, რომ ის მეორედ ვეღარ დაქორწინდებოდაო.
დედოფალი გარდაიცვალა. მეფეს მწუხარებამ ყველა და ყვლაფერი დაავიწყა, არც ერთ ქმარს, ალბათ, ასე არ უგლოვია...
მაგრამ ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სამუდამო არაფერია და არც მეფის ტკივილი აღმოჩნდა უსასრულო... წარჩინებულები შეიკრიბნენ და მეფეს სთხოვეს, ცოლი შეერთო. მან გაამხილა ფიცი, რომელიც დედოფალს სიკვდილის წინ მისცა და იქვე ისიც დასძინა, არა მგონია ჩემს განსვენებულ მეუღლეზე ლამაზი ქალი სადმე მოიძებნოსო. მაგრამ დიდებულები მოითხოვდნენ, რომ სილამაზისთვის ყურადღება არ მიექცია, რადგან მთავარი ტახტის მემკვიდრის დაბადება იყო.
დიდებულები მეფეს არწმუნებდნენ, თუ ტახტს თქვენი გვარის მემკვიდრე არ ეყოლება, მტრები ომს აგვიტეხენო. მათმა სიტყვებმა მეფე დააფიქრა. მალე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცოლი უნდა შეერთო. დაიწყო საცოლის ძებნა. უამრავი გასათხოვარი ქალი ნახა, მაგრამ ამაოდ... განსვენებულ დედოფალზე ლამაზი ვერავინ იპოვა.
ერთ დღესაც სამეფოში თავზარდამცემი ამბავი გავრცელდა. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ მეფე ჭკუიდან შეიშალა. ერთ მშვენიერ დღეს მან გამოაცხადა, ცოლად მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ქალიშვილს შევირთავ, რადგან ის არის თავის დედაზე მომხიბვლელიო.
მეფის სურვილმა ყველა საგონებელში ჩააგდო, განსაკუთრებით კი მისი სათნოებით აღსავსე ასული.
მრჩევლები მეფეს არწმუნებდნენ, თქვენი სურვილის აღსრულება წარმოუდგენელიაო; მაგრამ მეფეს არაფრის გაგონება არ სურდა. მან ერთ მოხუც მოგვს დაავალა, რამე ისეთი უთხარი ჩემს ქალიშვილს, რომ ცოლობაზე დამთანხმდესო. მოგვმა დაივიწყა რწმენა და გადაწყვიტა, მოდი, ისე მოვიქცევი, როგორც მეფეს სურს და ამით დიდ სარგებელს ვნახავო. ის ყველას ურცხვად არწმუნებდა, მეფის ეს სურვილი შეიძლება სასარგებლოც იყოსო.
საგონებელში ჩავარდნილმა მეფის ასულმა გადაწყვიტა, თავის ნათლიასთან, იასამნის ფერიასთან წასულიყო რჩევის საკითხავად. ფერიას თურმე ყველაფერი სცოდნია, მან ნათლულს უთხრა:
- ჩემო კარგო, დიდი შეცდომა იქნება, თუ საკუთარ მამას ცოლად გაჰყვებით, მაგრამ ადვილად შეგიძლიათ ეს აიცილოთ. უთხარით მეფეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგყვები, თუ ნათელი დღის ფერის კაბას მიბოძებ-თქო. ის ამას ვერასოდეს შეასრულებს და საშინელი ქორწილიც არ გაიმართება.
მეფის ასულმა ნათლიას მადლობა გადაუხადა. მეფეს კი მეორე დილასვე გამოუცხადა, ჩემს თანხმობას ვერ ეღირსები, სანამ ნათელი დღის ფერის კაბას არ მომართმევთო. მეფემ სახელგანთქმული ოსტატები მოიწვია და ასეთი კაბის შეკერვა უბრძანა, თან დაემუქრა, თუ ვერ შეკერავთ, ყველას ჩამოგახრჩობთო. კაბა მეორე დღესვე მზად იყო.
მეფის ქალიშვილი სასოწრაკვეთილებაში ჩავარდა. აღარ იცოდა გაჭირვებისგან თავი როგორ დაეხსნა. მეფე კი ქორწილის დღის დანიშვნას ჩქარობდა. მეფის ასულმა კვლავ ნათლიას მიაშურა. ნათლიას ძალიან გაუკვირდა, რომ მეფის ოსტატებმა მის დავალებას თავი გაართვეს. ამჯერად მან ნათლულს მთვარის ფერის კაბის თხოვნა ურჩია.
მეფის ოსტატებმა ეს დავალებაც ოცდაოთხ საათში შეასრულეს. მეფის ასული დადარდიანდა.
იასამნის ფერია მეფის ასულს ამჯერად თვითონ ესტუმრა და ურჩია, ახლა მზისფერი კაბა მოეთხოვა. ნათლია ფიქრობდა, ასე დროს მაინც მოვიგებთ და ამასობაში რამე უკეთესს მოვიფიქრებთო.
მეფემ დაუნანებლად გასცა თავისი გვირგვინის ალმასები და ლალის ქვები საუცხოო კაბის შესამკობად. კაბა, როდესაც მოიტანეს და გაშალეს, ისე აციმციმდა, რომ დამსწრეებმა თვალი ხელით მოიჩრდილეს. ვიღაცას სწორედ მაშინ, იმ დარბაზში გასჩენია აზრი, რომ მზის სათვალე გამო-ეგონებინა.
მეფის ასული შეშფოთებული წავიდა თავის ოთახში, სადაც დარცხვენილი ფერია ელოდა.
- თუ ასეა, ჩემო კარგო, - უთხრა მან ნათლულს, - ჩვენ ერთი გზა დაგვრჩა: მამათქვენს იმ ვირის ტყავი სთხოვეთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მისთვის და სამეფოსთვისაც.
მეფის ასულს გაუხარდა, რომ კიდევ ერთი საშუალება მოინახა ქორწინების თავიდან ასაცილებლად. ის დარწმუნებული იყო, რომ მეფე ვირს ვერასოდეს გაიმეტებდა.
მეფე ამ თხოვნამ გააკვირვა, მაგრამ ვირის დაკვლის ბრძანება მაინც უყოყმანოდ გასცა. საწყალი ვირი გაწირეს და მისი ტყავი მეფის ასულს მიართვეს. ქალი ამ უბედურებისგან თავის დახსნის საშუალებას ვეღარ ხედავდა. ამ დროს ნათლიამ მოირბინა.
- რას შვრებით, ჩემ კარგო? - წამოიძახა მან, როცა დაინახა, რომ მეფის ასული თმას იგლეჯდა და ლოყებს იკაწრავდა, - ეს ხომ თქვენი ხსნის გზაა! გადაიცვით ეგ ტყავი, გადით სასახლიდან და იარეთ, სანამ დედამიწის ზურგი გატარებთ. როდესაც ადამიანი ბოროტებას უპირისპირდება და მსხვერპლს იღებს, ღმერთი მას უთუოდ სიკეთით დააჯილდოებს. წადით და გპირდებით, რომ სადაც გაჩერდებით, თქვენი სკივრი, კაბებითა და სამკაულებით, იქვე იქნება. აი, ჩემი ჯოხი, აიღეთ და როცა სამოსი და სამკაული დაგჭირდებათ, მიწას დაჰკარით, სამოსიც მაშინვე თქვენთან გაჩნდება. ახლა კი აჩქარდით, ნუღარ იგვიანებთ.
მეფის ასულმა ათასჯერ მაინც აკოცა ნათლიას, სთხოვა, არ დამივიწყოო, ვირის ტყავი მოიხურა, სახე ბუხრის ჭვარტლით გაიმურა და სასახლიდან ისე გავიდა, რომ ვერავინ იცნო.
მეფის ასულის გაპარვამ დიდი აურზაური გამოიწვია. მეფე, რომელსაც უკვე ბრძანებაც გაეცა, საგანგებო ზეიმი გამართეთო, ძალიან დამწუხრდა. ას ჟანდარმსა და ათას მუშკეტერზე მეტი გაგზავნა ქალიშვილის საძებნელად, მაგრამ ის ვერსად იპოვეს. მეფე იძულებული გახდა, ბედს შეგუებოდა.
მეფის ასული შეუჩერებლად მიდიოდა. მიდიოდა შორს, ძალიან შორს, კიდევ უფრო შორს და გაზადაგზა მოახლის ადგილს ეძებდა. მას კეთილი ადამიანები საჭმელს აძლევდნენ, თუმცა მოახლედ არავინ აიყვანა. ბოლოს მივიდა ერთ მშვენიერ ქალაქში, რომლის კარიბჭესთან პატარა ფერმა იყო. ფერმის პატრონ დედაკაცს გოგო სჭირდებოდა მრეცხავად, ინდაურების მოსავლელად და საღორის გამოსაწმენდად. დედაკაცს მეფის ასული მოეწონა. საბრალო გოგო მის ფერმაში დარჩა.
მას სამზარეულოს კუთხეში მიუჩინეს ადგილი. პირველ ხანებში მოსამსახურეები დასცინოდნენ, მის სამოსს ამასხარავებდნენ. ბოლოს ეს დაცინვა მოსწყინდათ და თავი დაანებეს. მეფის ასული ისე ხალისიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, თანაც ისე კარგად გამოსდიოდა ცხვრების მწყემსვა და ინდაურების მოვლა, რომ კაცი იფიქრებდა, ამ საქმის მეტი არაფერი უკეთებიაო.
დიასახლისმა მალე შეიყვარა ბეჯითი მოახლე. მეფის ასულს თავისი სამოსის გამო ვირისტყავა დაარქვეს.
როცა დარდი შემოაწვებოდა, ის ნაკადულის პირას მიდიოდა ხოლმე. ერთ დღესაც წყალში ჩაიხედა. სწორედ მაშინ დაინახა, როგორი უსახური იყო ვირის ტყავი, რომელიც ზედ ეცვა და თავზარი დაეცა. ის დაიხარა და პირი დაიბანა, მთლიანად ჩამოიშორა ჭუჭყი და თავისი სილამაზე კვლავ დაიბრუნა. მერე მიწას ფერიას ნაჩუქარი ჯოხი დაჰკრა და სკივრი მაშინვე მის წინ გაჩნდა. პრინცესა მოირთო და ნათელი დღისფერი კაბა ჩაიცვა.
გადაწყვიტა, იმ დღიდან, ყოველ კვირადღეს თავისი ლამაზი კაბები ჩაეცვა. გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა, ვინმეს ასეთი მორთული ენახა. ერთ დღესაც სურვილი აუსრულდა. უფლისწული, რომელსაც ეს ფერმა ეკუთვნოდა, ნადირობიდან დაბრუნებისას შესასვენებლად ფერმასთან ჩამოხტა. იმ დღეს მეფის ასულს მზისფერი კაბა ეცვა.
უფლისწული ახალგაზრდა, ლამაზი და საუცხოო გარეგნობის იყო. მას სუფრა გაუშალეს. ვახშმის შემდგე სტუმარმა ფერმის ყველა კუნჭულის დათვალიერება მოისურვა. მოულოდნელად ის ერთ ბნელ დერეფანს წააწყდა, რომლის ბოლოშიც კარი დაინახა. ცნობისმოყვარე უფლისწულმა საკეტის ჭუჭრუტანაში შეიხედა და მეფის ასული დაინახა. ის ისეთი მშვენიერი და მდიდრულად შემოსილი იყო, რომ ღმერთქალი გეგონებოდათ.
უფლისწულმა ამ პატარა სენაკში მცხოვრები არსების ვინაობა იკითხა. მოახსენეს, რომ იქ მოახლე გოგო ცხოვრობდა, სახელად ვირისტყავა. უთხრეს ისიც, რომ მასთან ურთიერთობა არავის სურდა და მხოლოდ სიბრალულის გამო მიიღეს ცხვრებისა და ინდაურების მოსავლელად.
უფლისწული ამ განმარტებას არ დასჯერდა. ის მიხვდა, რომ აქ სხვა ამბავი იყო. სასახლეში დაბრუნებულს გულში უკვე იმ ასულისადმი სიყვარული ჩავარდნოდა. თვალწინ განუწყვეტლივ მისი სახე ედგა. ნანობდა, რომ ოთახის კარი მაშინვე არ გააღო, მაგრამ გვიანი იყო.
სიყვარულმა უფლისწული დაასნეულა. ექიმები მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. მშობლები ევედრებოდნენ, თუ მეფის გვირგვინი გენატრება, მამაშენი უსიტყვოდ გადადგება და შენ აგიყვანს ტახტზე; თუ რომელიმე მეფის ასული გიყვარს, თუნდაც მასთან ომი გვქონდეს გაჩაღებული, მაინც დავთმობთ ყოველივეს, ოღონდ შენი ნატვრა შევასრულოთ; ოღონდ სასიკვდილოდ ნუ გაწირავ თავსო.
- დედოფალო, - მიუგო ბოლოს უფლისწულმა მისუსტებული ხმით, - მე არც ისეთი ამპარტავანი ვარ, რომ მამაჩემის გვირგვინი ვინატრო, დაე, ღმერთმა ინებოს მისი დღეგრძელობა, რაც შეეხება ქორწინებას, ცოლის შერთვაზე ჯერ არც მიფიქრია.
- შვილო, ჩვენ არაფერს დავიშურებთ შენი სიცოცხლის გადასარჩენად, - მიუგო დედოფალმა, - მაგრამ, ჩემო ძვირფასო, შენც გვიხსენი მწუხარებისგან, გაგვიმჟღავნე შენი ნატვრა და დარწმუნებული იყავი, ის შეგისრულდება.
- კეთილი, დედა-დედოფალო, რაკი ჩემი ნატვრის გაგება გსურს, გეტყვით: მე მინდა, რომ იმ გოგომ, რომელსაც ვირისტყავა დაარქვეს, ქადა გამომიცხოს და გამომიგზავნოს.
ამ უცნაური სახელით გაკვირვებულმა დედოფალმა იკითხა.
- ვინ არის ეს ვირისტყავაო?
- დედოფალო, - მიუგო ერთმა კარისკაცმა, რომელსაც შემ- თხვევით ენახა ვირისტყავა, - ერთი საძაგელი გოგოა, შავკანიანი, ჭუჭყიანი. თქვენს ფერმაში ცხოვრობს და ინდაურებს უვლის.
- არა უშავს, - თქვა დედოფალმა, - ჩემი ვაჟის სურვილი უნდა შესრულდეს; მე მსურს, რომ ვირისტყავამ ჩემს ვაჟს სასწრაფოდ ქადა გამოუცხოს.
გაიქცნენ ფერმაში, დაუძახეს ვირისტყავას და უბრძანეს, რაც შეიძლება მალე გამოეცხო ქადა მეფისწულისთვის.
ზოგი ადამიანი მერე ამტკიცებდა, როდესაც უფლისწული კარის ჭუჭრუტანაში იცქირებოდა, მას ვირსტყავამაც მოჰკრა თვალი და შეუყვარდაო. ასე იყო თუ ისე, უნახავს ვირისტყავას მეფისწული თუ მხოლოდ მისი ქება გაუგონია, ის ბედნიერი გახლდათ, რომ მისი გაცნობის საშუალება მიეცა. ჩაიკეტა თავის ოთახში, გაიხადა უმსგავსი ტყავი, დაიბანა, ოქროსფერი თმა დაივარცხნა, მოსირმული კაბა ჩაიცვა და ნატრული ქადის გამოცხობას შეუდგა. განგებ თუ შემთხვევით, ცომში ბეჭედი ჩაუვარდა.
ქადა რომ გამოცხვა, მან ისევ გადაიცვა თავისი უმსგავსი ტყავი, ნახელავი კარისკაცს გადასცა და უფლისწულის ამბავი იკითხა. კარისკაცმა გოგონა პასუხის ღირსადაც არ მიიჩნია, ქადა გამოართვა და ბატონს გაურბენინა. უფლისწულმა ქადის ჭამა დაიწყო. ერთ ნაჭერში მან ბეჭედი აღმოაჩინა, რომელიც ისეთი პატარა იყო, მხოლოდ ძალიან ნაზ არსებას თუ ჩაეტეოდა. უფლისწულმა ბეჭედი ბალიშქვეშ დამალა.
იგი ფიქრობდა, რომ დედ-მამა მის სურვილს არ დასთანხმდებოდა, ისინი ვირისტყავას სახლში არ მოაყვანინებდნენ. ამიტომ ვერც იმის თქმა გაებედა, რა დაინახა საკეტის ჭუჭრუტანაში, ეშინოდა, არ დამიჯერებენ და გიჟად ჩამთვლიანო. არადა, ჭაბუკს დარდი ისე სტანჯავდა, რომ ციებამ უფრო უმატა; მკურნალებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ. დედოფალს გამოუცხადეს, თქვენი ვაჟი სიყვარულისგან დასნეულებულაო. მეფემ და დედოფალმა შვილთან მიირბინეს.
- შვილო, ჩემო ძვირფასო! - შესძახა დაღონებულმა მეფემ, - თქვი, ვინ გიყვარს. გეფიცებით, რომ ახლავე გაგიჩენთ.
გულაჩუყებულმა უფლისწულმა როგორც იქნა გაბედა და თქვა:
- შევირთავ მას, ვისაც ეს ბეჭედი მოერგება. არა მგონია, რომ ქალი, რომელსაც ასეთი ლამაზი თითი აქვს, მდაბიო იყოს.
მეფემ და დედოფალმა მართლაც რომ ძალიან ლამაზი ბეჭედი გულდასმით დაათვალიერეს. მეფემ ბრძანა, ბუკი და ნაღარა დაჰკარით, მაცნეების ძახილით მთელ ქალაქს შეატყობინეთ, რომ ქალებს სთხოვენ, სასახლეში მობრძანდნენ ბეჭდის გასასინჯადო. ქალს, რომელსაც იგი მოერგება, ტახტის მემკვიდრე შეირთავსო.
ჯერ მეფის ასულები მობრძანდნენ, მერე სხვა დიდებულები, მაგრამ ბეჭედი არავის მოერგო. ბოლოს სასახლეში მიიყვანეს ყველა ქალი, ვინც იმ ქალაქში ცხოვრობდა. როდესაც აღარავინ დარჩა მოსასვლელი, უფლისწულმა თქვა:
- დაიბარეთ ვირისტყავაც, რომელმაც ამ დღეებში ქადა გამოაცხო.
ყველას სიცილი აუტყდა, მაგრამ მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. ვირისტყავას თურმე გაეგო ბუკისა და ნაღარის ხმა და მაცნეების ძახილი. უფიქრია, უთუოდ ჩემი ბეჭდის გამოა ეს აურზაურიო. მას უყვარდა უფლისწული, და რადგან ნამდვილი სიყვარული გაუბედავი და მშიშარაა, ის დარდობდა, ვაითუ, კიდევ ვინმეს მოერგოს ბეჭედიო.
გოგონა სიხარულით ცას ეწია, როდესაც კარზე დაუკაკუნეს. მან სასწრაფოდ წამოისხა ვირის ტყავი და კარი გააღო. შიკრიკები გაეხუმრნენ, მეფე გიბარებს, რათა თავის შვილს მიგათხოვოსო და სასახლეში წაიყვანეს.
უფლისწულმა ვირის ტყავში გამოწყობილ ქალს შეხედა და განცვიფრდა. მას თვითონაც აღარ სჯეროდა, რომ ამ ქალის ოთახში ის მშვენიერი არსება იხილა. დაღონებულმა და დარცხვენილმა იმით, რომ ასე მოტყუვდა, ქალს ჰკითხა:
- თქვენ ცხოვრობთ იმ ბნელი ხეივნის ბოლოში, ფერმის მესამე ეზოში?
- დიახ, ხელმწიფევ, - მიუგო ქალმა.
- მაჩვენეთ თქვენი ხელი, - სთხოვა უფლისწულმა თრთოლვით და ამოიოხრა.
ვირისტყავას ბეჭედი, რა თქმა უნდა, მოერგო. ყველა გაოცდა, როდესაც ამ შავი და ჭუჭყიანი ტყავიდან ახალგაზრდა ქალმა პატარა, ნაზი ხელი გამოუწოდა და ბეჭედი ულამაზეს თითს თავისუფლად წამოეცვა.
მეფის ასულმა ტყავი გაიხადა და უცებ ისეთი მომხიბვლელი გახდა, რომ უფლისწული მის წინ მუხლზე დაეცა. მეფე-დედოფალი ქალს გადაეხვია. სთხოვეს, ჩვენს ვაჟს ცოლად გაჰყევიო.
უეცრად დარბაზის ჭერი გაიხსნა და იქიდან იასამნის ყვავილებითა და ტოტებით მოწნული ეტლით იასამნის ფერია ჩამოვიდა. ფერიამ ახალგაზრდა ქალის ამბავი ყველას უამბო. მეფე და დედოფალი აღტაცებულები იყვნენ, რომ ვირისტყავა წარჩინებული მეფის ასული აღმოჩნდა.
მეფისწულს ქორწილის დღის დანიშვნა ეჩქარებოდა, მაგრამ მეფის ასულმა განაცხადა, უფლისწულს ვერ გავყვები, თუ მამაჩემის თანხმობას არ მივიღებო. მოიპატიჟეს მისი მამა, თუმცა არ აცნობეს, პატარძალი ვინ იყო. სტუმრად მეზობელი ქვეყნების მეფეებიც მოვიდნენ, ზოგი ტახტრევანზე იჯდა, ზოგიც ეტლით მოდიოდა, უფრო შორეული ქვეყნების მმართველები კი სპილოებზე, ვეფხვებსა და არწივებზე ისხდნენ. ყველაზე მედიდური პატარძლის მამა ჩანდა. არავინ იცის, რისი წყალობით, მაგრამ მას უკვე დავიწყებოდა თავისი უღირსი გადაწყვეტილება, ძალიან ლამაზი ქვრივი დედოფალი შეერთო ცოლად და ბედნიერად ცხოვრობდა. თუმცა მისგან შვილი არ უჩნდებოდა.
თეთრ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა მამასთან მიირბინა. მეფემ შვილი იცნო და დიდი სიყვარულით გადაეხვია მას, სანამ ქალი მის წინ დაიჩოქებდა. მოვიდა სასიძოც და მეფემ ორივე მამობრივი სიყვარულით დალოცა.
მართლაც დიდებული ქორწილი გადაიხადეს, ყველა უზომოდ ბედნიერი იყო. მეფემ თავის ვაჟს იმავე დღეს გვირგვინი დაადგა, ხელზე ეამბორა და ტახტზე აიყვანა. ზეიმი თითქმის სამ თვეს გაგრძელდა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ ძალიან დიდ-ხანს იცოცხლეს და სიცოცხლის ბოლო დღესაც ისე უყვარდათ ერთმანეთი, როგორც შეუღლებისას.
* * * * * * *
მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე


