კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 12:19

 

ერთხელ ერთ ირანელ ვაჭარს თბილისში ბუმბერაზი ტანისა და გასაოცარი ფიზიკური ძალის მოჭიდავე ჩამოუყვანია. ამ ფალავანს დიდი წარმატებით შემოევლო მთელი მცირე აზია და ახლა თავისი უძლეველობის დასამტკიცებლად საქართველოსაც სწვეოდა. 

ეს საკვირველი კაცი, რომელსაც სამი კამეჩის ღონე ჰქონია, მკლავზე იოლად იხვევდა რკინის კეტებს, მარილის ორფუთიან ლოდებს კენჭივით ათამაშებდა და მუშტის ერთი დარტყმით ხარს აქცევდა. 

საქართველოს ყველა კუთხიდან მოსწყდომიან თბილისს სახელისა და ჯილდოს მაძიებელი ფალავნები, მაგრამ უცხოელი მოჭიდავე ვერავის დაუჯაბნია. მაშინდელ თბილისში ჭიდაობა ძალიან ჰყვარებიათ. საჭიდაოები რამდენიმე ადგილზე ჰქონიათ გამართული; მათ შორის - მთაწმინდაზე, დიდუბის ეკლესიის უკან, გრიშუას ბაღში, სადაც შაბათ-კვირას ციციშვილი მართავდა ხოლმე ჭიდაობებს. აგრეთვე: ფიქრის გორაზე, ავლაბარში, ხუდადოვის ტყეში და ახლანდელ „დინამოს“ სტადიონთან.

ირანელს მთაწმინდაზე აჭიდავებდნენ და იმასაც მარტო ერთ საღამოს თოთხმეტი წაუქცევია. ასევე მოქცეულა მეორე საღამოს და მომდევნო შაბათ-კვირასაც.

შეფიქრიანებულან ქალაქელები. ხუმრობა საქმე იყო? ვიღაც გადამთიელი საჭიდაოზე ჭიპმოჭრილ ქართველებს სახელს ურცხვენდა, სადღა გამოეყოფოდათ თავი?!

ამდენი გამარჯვებით გაყოყოჩებული, მამალი ინდაურივით გაფხორილი ირანელი კი თურმე გაიძახოდა: ან ჩემი ფარდი დამჭიდეთ, ან არადა - ჩემი წონა ფული მომეცით და შინ ისე გამისტუმრეთო!

შეფიქრიანებულა ჭიდაობის დიდად მოყვარული პოეტი გრიგოლ ორბელიანიც, გაუკითხ-გამოუკითხავს: ნუთუ, არავინ არის, ნუთუ, საქართველო ისე დავარდა, რომ ამ სალახანა ირანელის ჯავრი ვერავინ ამოგვყაროსო!

თარხნიშვილს უთქვამს: ერთი ბიჭი ვიცი, რკინის მკვნეტელია, ჭიდაობისა რა მოგახსენო, მაგრამ იმისთანა მომკალი დედამიწის ზურგზე არ მეგულებაო. 

- აბა, ერთი, მომიყვანეო!

მოუყვანიათ ეს დათა ხიზამბარელი - 19-20 წლისა, დაბალი, განიერი, განივრად ჩადგმული, არწივის ნისკარტივით მოკაუჭებულცხვირიანი, თვალების მოზვერივით მობრიალე.

- რას იზამ, ბიჭო, დაეჭიდები?

- როგორც თქვენ მიბრძანებთ, ბატონოო.

- რო წაგაქციოს?

- ცემა მორევაზეაო.

- კარგი, მაშინ დაეჭიდეო!

მეორე საღამოსვე გამართულა დიდი ჭიდაობა. მთელ ქალაქს მთაწმინდაზე მოუყრია თავი.

გადმოსულა წელზევით შიშველი ირანელი, ცხიმით ტანგაპოხილი, ბრგე, მაღა- ლი, მკერდგანიერი, ქორულად მომზირალი. ჩამოუვლია წრეზე, დამცინავი ღიმილით ჩამოუთვალიერებია საჭიდაოზე შეყრილი დაბოღმილი ქართველობა.

დაუკრეს თურმე საჭიდაო.

გადმოხტა წრეში შავჩოხიანი ხიზამბარელიც, ირანელს მიმინოსავით ჩაუქროლა, გაეთამაშა, შეუვარდა უეცრად წელში, გადაავლო და ის იმოდენა ვაჟკაცი მიწაზე დასცა!

ატყდა ერთი ყიჟინა და აურზაური. ქართველებმა სიხარულისგან ქუდები ცაში აყარეს, მისცვივდნენ ხიზამბარელს, ეხვევიან, ჰკოცნიან, მაგრამ ირანელის ქომაგები ახირებულან - უჯერო იყოო, ჩვენს ფალავანს ჯერ სალამი არ დაემთავრებინაო, თავიდან დავაჭიდოთო!

რაღას იზამდნენ, დაუკრეს თავიდან, თავიდან გამოვიდა ირანელიც, ამჯერად, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული, გაფითრებული.

გადმოხტა ხიზამბარელიც.

მის დანახვაზე ხალხმა ყიჟინა დასცა.

გახურდა საჭიდაო.

ხიზამბარელმა მეტოქეს მკლავში ორჯერ ხელი სტაცა, გაექცა, გაიტყუა, წრეზე გაიტაცა, ლამის ორჯერ შემოარბენინა ნახერხმოყრილი საჭიდაო, მერე შედგა, შებრუნდა და თავისზე თითქმის ორჯერ უფრო ზორბა ფალავანი კისრულით წაიღო.

გამოცვივდნენ ირანელის გულშემატკივრები, თავიანთ მოჭიდავეს ფეხებზე დაებღაუჭნენ, მაგრამ ხიზამბარელმა უკან მიიხედა, გაეცინა და უთხრა: რაკი წამოვიკიდე, ახლა, თუ გინდათ, ყევარი ხარ-კამეჩი ჩაუბით, მაინც გადავიტანო, და გადაიტანა კიდეც!

ირანელთან გამარჯვებამ დათა ხიზამბარელს შორს გაუთქვა სახელი და გუშინდელი ტლუ ბიჭი ჭიდაობის ქომაგთა უსაყვარლეს ფალავნად იქცა. ხიზამბარელი და ხიზამბარელობა ბეჭდაუდებელი გმირის სინონიმებად იქცა. 

ვინმე „ძველი მოჭიდავე“ ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ წერდა: საქართველოში ბევრი მოჭიდავე ყოფილა, მაგრამ ხიზამბარელივით სახელი არავის გაუთქვამსო.

იმავე „ივერიაში“ ვკითხულობთ: „მთაწმინდაზე გამართეს ჭიდაობა. დიდძალი ხალხი მიაწყდა. გრიგოლ ორბელიანიც დაესწრო. გულმოსული ხიზამბარელი ხომ საუცხოო სანახავი იყო. განთქმულ ათოლას აღარა გაუვიდა რა გმირთან და მოიდრიკა ქედი ხიზამბარელის წინ“.

როგორც აღნიშნავენ, ეს სანახაობა დაედო სათავედ აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკში“ ჭიდაობის სცენას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen