ეზოში დიდი აუზი გააკეთეს, შუაში შადრევანი ჩქეფდა. პირამდე სავსე აუზი ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ერთ დღეს მიხამ ქაღალდის გემი გააკეთა და წყალში გაუშვა. მიხას მიბაძა სოსომ, რეზომ და თამაზმა, - მთელი აუზი ქაღალდის გემებით დაფარეს.
- ასე, როგორ შეიძლება? - გაბრაზდა მეეზოვე ძია პეტრე, - ამ ქაღალდებს ვეღარ ამოიღებთ, დალპება, გაბინძურდება წყალი.
- ბიჭებო, ქაღალდის გემების გაშვება თუ არ შეიძლება, აი, მე რას გავუშვებ! - დაიძახა მიხამ, როცა წყალი ამოასუფთავა ძია პეტრემ და წავიდა. მან ჯიბიდან ბრტყელი ნაფოტი ამოიღო, ზედ პაწია კენჭი დაადო და წყალში შეაცურა. სხვებიც ასე მოიქცნენ,
ზოგმა გატეხილი სახაზავი მოიტანა, ზოგმა ფოთოლი. ერთ წუთში ისევ მოიფინა აუზი სხვადასხვანაირი „გემებით“.
ერთხელ მეეზოვემ ისევ წაასწრო აუზთან გოგო-ბიჭებს, მიხას სტაცა ხელი და გაბრაზებულმა უთხრა:
- აბა, ერთი უყურე რას ჰგავს აუზი, რატომ აბინძურებთ? არა ჯობია სუფთა იყოს?
- ჯობია, - წაიბუტბუტა შეშინებულმა ბიჭმა.
- თუ სჯობია, ყველაზე დიდი ჩანხარ, ყურადღება მიაქციე აუზს, შენმა ამხანაგებმა არაფერი ჩააგდონ.
- კარგი, ძია პეტრე, მაგას რა უნდა. ერთსაც არ გავაჭაჭანებ აუზის ახლოს, მხოლოდ მე გავაკეთებ ერთ გემს და იმას გავუშვებთ, - წამოიძახა მიხაშ.
- მეც ერთზე მეტს არ გავაკეთებ, - დაუმატა სოსომ, მას სხვებიც აჰყვნენ.
- აჰ, აჰ, ასე არ ივარგებს! აბა, დათვალეთ, რამდენი ხართ! ყველამ თითო რაღაცა რომ ჩააგდოთ, აუზიც აივსება. ეს რაღა გამოვიდა, ასე ხომ ადრეც თამაშობდით! - ხელი ჩაიქნია მეეზოვემ და წავიდა.
ბავშვებმა რაღაც მოილაპარაკეს და დაიშალნენ.
მეორე დღეს ადრიანად შეიკრიბნენ ეზოს ბავშვები. მოიტანეს ლურსმნები, ფიცარი, ჩაქუჩი, გაზი და გაჩაღდა მუშაობა. საღამო ხანს გემი უკვე მზად იყო. საკვამლე მილად რეზოს მოტანილი ძველი საყვირი დაამაგრეს, წინ მანანას შეკერილი ალამი გაუკეთეს და ანკარა წყლით სავსე აუზში ჩაუშვეს.
ამის შემდეგ სუფთა, კამკამა აუზში მხოლოდ ერთი გემი დაცურავდა.
ეს გემი ყველასი იყო.


