კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:22

 

ადრე ორტოტა მუხა იყო, ღელისპირა კლდიდან რიყეზე გადმოხრილი. რაც ის რკოს ისხამდა, დედა ღორს გამოკვებავდა თავის გოჭებიანად მთელ შემოდგომას.

მერე ერთი ბანჯგვლიანი კაცი მოვიდა, ჯერ ერთ ტოტს დაუშინა ცული, მერე - მეორეს, ჩაჭრა, ღელეში ჩაყარა, აკაფა რაც მსხვილი ტოტები იყო, ურემზე დაუდო და წაიღო, წვრილი ტოტები იქვე დატოვა, ზოგი წყალში, ზოგი - რიყეზე. წყალში ჩაყრილი ტოტები საამოდ ალუკლუკებდნენ ღელეს.

გაზაფხულისთვის ამ წვრილ ტოტებს სიდამპლე შეეპარათ. ივნისში, კოკისპირულ წვიმებში, ღელე ადიდდა, ტოტები მოხვეტა, გორვა-გორვით წაიღო და მდინარეში ჩაიტანა; მდინარემ ის ტოტები დიდ, გაშლილ რიყეზე მიმოფანტა.

მუხის კუტადდარჩენილმა ძირმა ყლორტები ამოიტანა, მაგრამ ერთ ნატოტარსაც გული ჩაულპა, ჩაუფუღუროვდა. წავიდა ეს ფუღურო ნელ-ნელა ქვემოთ, რამდენიმე წელიწადში ფესვებთან გარეთ გააღწია. გარედან ნიავი შემოიჭრა, ფუღუროს კედლები ჩაასუფთავა, ნანუჟრალებშიც სანათურები გაჩნდა. იმ სანათურებს რომ მზე მიადგებოდა, სხივები თახთახა ოქროსფერ ლარებად იჭიმებოდა ფუღუროს მოყავისფრო ბინდში.

პირველად ფუღუროში ბებერი ობობა დასახლდა. რამდენიმე ადგილას აბლაბუდები გაჭიმა. იმ აბლაბუდებში მუდმივად იყო გაბმული მუხის ყვითელი თუ ხმელი ფოთლები; ნანუჟრალის სანათურებიდან შემოსული მზის სხვივები აბლაბუდებს და ფოთლებს აბრჭყვიალებდა, და ეს ბრჭყვიალი თუ იზიდავდა - შემოფრინდებოდნენ ტყის ბუზები და ბორები, პეპლები და აჩხაბაჩხა ფეხებიანი დიდი კოღოები, გაებმებოდნენ აბლაბუდებში, წვალობდნენ, უარესად იხლართებოდნენ, გამოელეოდათ ძალა და... მაშინ გამოჩნდებოდა ობობა. 

მოდიოდა თვალებგაციებული ფრთხილად, ფრთხილად. აბლაბუდაში გახვეულ მსხვერპლს რომ მიუახლოვდებოდა, ჯერ გაჩერდებოდა, აშტერდებოდა, თითქოს ულოცავდა, ერთად ამოძრავებდა წინა ფეხებს, მერე უცებ გაქანდებოდა, დააცხრებოდა და პატარა ბრძოლის შემდეგ მშვიდად გაბატონდებოდა მსხვერპლზე.

ობობა ფუღუროს მუხლის მაღლა, ერთ ყველაზე ბნელ და მიუდგომელ საყუნჭავში ცხოვრობდა. საყუნჭავის წინაც რამდენიმე პირი აბლაბუდა გაება. ღამით უმთავრესად ეძინა. დღისით, დილაადრიან, გადმოაწყობდა შემაღლებაზე ზემოთ აღუნულ წინა ფეხებს და იმ ფეხებშორის თავდაწეული ათვალიერებდა თავის აბლაბუდებს. 

თუ რომელიმეში გაბმულ მწერს დაინახავდა, მაშინ საბრძოლოდ აფხორილი წამოვიდოდა. ობობას წვიმის არ ეშინოდა წვიმის ვერც ერთი წვეთი ობობის საყუნჭავამდე ვერ აღწევდა, წვიმა ვერ გლეჯდა ვერც აბლაბუდებს. არ ეშინოდა არც თოვლის - არც ფუღუროში შემოფარფატებული ადრეული თოვლის ფიფქები იყო საშიში. ეშინოდა ქარიშხლიანი სეტყვის. ფუღუროში არახუნებული სეტყვის მარცვლები აბლაბუდებს გლეჯდნენ. ობობას დიდი გარჯა სჭირდებოდა მათი ხელახლა გაბმისათვის. მაგრამ ქარიშხლიანი სეტყვა წელიწადში დიდი-დიდი ორ-სამჯერ მოსულიყო. 

ობობას ყველაზე მეტადერთი უწესო ელამი თაგვი აწუხებდა. რა უნდოდა, რას დაეძებდა! შემოფაფხურდებოდა ის თაგვი ფუღუროში, მიმოავლებდა თავის ელამ თვალებს აქეთ-იქით, მერე ფაცხაფუციხით ავარდებოდა მაღლა, გაარღვევდა თითქმის ყველა აბლაბუდას, გაეხლართებოდა აბლაბუდები ფეხებში, მირბოდა და მისთრევდა აბლაბუდაც, მუხის ფოთლებიც. 

გაედევნებოდა ობობაც, მაგრამ რა! უკანმობრუნებული თაგვი ერთს შემოუბრიალებდა ელამ თვალებს, ან კიდევ უარესი, დაანახვებდა თავის თეთრ ბასრ კბილებს, და ობობა ჩერდებოდა, თავზე უფრო მაღლა აწეულ ფეხებში შეყუნჭული უკან იხევდა.

წავიდოდა თაგვი და დაბოღმილი ობობა თავიდან დაიწყებდა აბლაბუდების გაჭიმვას. მუშაობდა უმთავრესად თავდაღმა დაკიდებული. ისე იღლებოდა, ზოგჯერ საყუნჭავში მიბრუნების ნიათიც აღარ ჰქონდა. შიგ აბლაბუდაში იძინებდა. იცოდა, ეს ძალიან საშიში იყო, თაგვს რომ ასე ენახა, ვეღარ გადაურჩებოდა, მაგრამ მაინც იძინებდა. ერთ საღამოს კი, სულ რომ არ ელოდა თაგვის გამოჩენას, ფუღუროს ბათქანით მოაწყდა რაღაც, გაისმა თაგვის გამწარებული წრუწუნი, ფხაჭუნი, მერე თაგვმა ვეღარც წრუწუნი შესძლო. 

გულგახეთქილი ობობა, მიკრული თავისი საყუნჭავის კედელს, წინ წამოწევას ვეღარ ბედავდა. ბოლოს, ყოველგვარი ხმაური რომ მიწყდა, ნელ-ნელა წამოვიდა წინ, ჩაიხედა დაბლა და ისევ შეშინებულმა დაიხია უკან. ფუღუროში ყვითლად აბრიალებულ თვალებიანი ბუ იჯდა და მოკაუჭებული ნისკარტით ძიძგნიდა თაგვს. 

თან ეშინოდა ობობას, თან უხაროდა - მისი მტერი თაგვუნა რომ ბუს კლანჭებში იყო! იყუჩა, იყუჩა და ისევ გადაიხედა ძირს. აღარც ბუ იყო, აღარც თაგვი. ამან მთლად დაამშვიდა. ღამით რამდენჯერმე გაიღვიძა შემკრთალმა. თითქოს ვიღაცა თავს ესხმოდა. არავინ კი იყო. ისევ იძინებდა. დილას სისხლი და თაგვის ბურდღლები შენიშნა ფუღუროს ძირში. უნდოდა ძირს ჩასვლა, ვერ გაბედა. 

ის დღე რაღაც არასასიამოვნოს მოლოდინში გაატარა. იმ ღამესაც გადმოსახედ შემაღლებულზე ფეხებშემოწყობილს ეძინა, და მართლაც, მეორე დილას, გათენებისას, ისევ მოფრინდა, მოფართხუნდა ბუ, თანაც, უკვე მარტო კი არა, მოიყვანა მეორეც. შესხდნენ ფუღუროს ერთ შეღუნულში, ისხდნენ, თვალებს აბრიალებდნენ, აქეთ-იქით იხედებოდნენ, რაღაცას ჩიფჩიფებდნენ. მერე მიჰყუდეს მხარი მხარს, მიადეს თავი თავს და დაიძინეს. ეძინათ მთელ დღეს. საღამოს ფუღუროდან გაფრინდნენ, დაფრაშფრაშობდნენ ველებში, გათენებისას ისევ ფუღუროში დაბრუნდნენ. ისევ ერთმანეთის გვერდით დასხდნენ, ისევ მიადეს თავი თავს და დაიძინეს. 

თითქოს არაფერს უშლიდნენ ეს ბუები ბებერ ობობას, მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა. აიწევდა ფეხებზე მაღლა-მაღლა, აბრიალებდა მრისხანედ თვალებს და დაიწევდა, მრგვალ მუცელს ძირს ახახუნებდა. თანაც კიდევ რა - დიდად უსუფთაოები აღმოჩდნენ ის ბუები. ძილშივე, მობრუნდებოდნენ, ოდნავ ასწევდნენ ბოლოს და თეთრად ჩამოხაზავდნენ ფუღუროს ყავისფერ კედელს. სუნი დგებოდა აუტანელი. 

ერთ ხანს კი გაუძლო ობობამ ამგვარ ყოფას, მერე ამოვიდა ფუღუროდან. გაჩერდა მის კიდეზე, მზეში იდგა, იყურებოდა აქეთ-იქით, ასწია წინა ფეხები, თითქოს თავის გულში მზეს უთხრა რაღაც, მერე დაღუნა თავი და დაადგა გზას. ჩავიდა მუხიდან ძირს. მიდიოდა ბალახებში, ავიდოდა მაღალ ბალახზე, თან შიშით, თან მუქარით მოავლებდა მიდამოს თვალს და ისევ განაგრძობდა გზას.

ალბათ მალე იპოვიდა ობობა ახალ ფუღუროს, მაგრამ როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება ამ ფუღუროში, ეს არავინ იცოდა. ჯერჯერობით კი ობობა ყოჩაღად მიდიოდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen