კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:22

 

რასაც ახლა გიამბობ, ზღაპარი არ არის, თუმცა, შეგიძლია, ზღაპრადაც ჩათვალო.

იყო ორი ბუ, ძალიან ბებერი და საბრალობელი ბუ. შვილები აღარ უჩნდებოდათ, ისხდნენ ვეება მუხის ფუღუროში და ან ეძინათ, ან არადა, თავიანთ უბედურებაზე ბუზღუნებდნენ: შუ-ბუ! შუ-ბუ! ბუ! ბუ! რაღაა ჩვენი სიცოცხლე, რისთვისღა ვარსებობთ ქვეყანაზეო.

როცა შებინდდებოდა, ფაფხურით, აქეთ-იქით ქანაობით მივიდოდნენ ფუღუროს პირას, გადაიხედავდნენ დაბლა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქავდნენ სუფთა ჰაერს, ფრთებს შეატოკებდნენ, გასწევ-გამოსწევდნენ და მერე ერთმანეთის მიყოლებით გამოფრინდებოდნენ გარეთ.

შუ-ბუ! შუ-ბუ! - მძიმედ დაფარფაშებდნენ ტყით შემოზღუდულ ველებში და ეწერებში, აგიზგიზებული ყვითელი თვალებით ეძებდნენ თაგვებს; ხან მიწაზე ჯდებოდნენ, ხან ისევ აფრინდებოდნენ; თუკი თითო თაგვს მაინც მოინადირებდნენ, ამითაც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, - ბებრებს ხომ ძალიან ცოტა საჭმელი ჰყოფნით, ბუებსაც და ადამიანებსაც! - გათენებისას დაბრუნდებოდნენ თავიანთ ფუღუროში და ისხდნენ და ისხდნენ, - ან ეძინათ, ერთმანეთისთვის ზურგშექცეულებს, ან არადა, ძილითაც გულგადალეულები, ისევ თავიანთ უბედობაზე იწყებდნენ ბუზღუნს.

- შუ-ბუ-ბუ! შუ-ბუ-ბუ! 

მაგრამ ერთ საღამოს მათ ცხოვრებაშიაც მოხდა ახალი ამბავი. 

ის იყო, ბებერი ბუები ფუღუროდან უნდა გამოფრენილიყვნენ, რომ უჩვეულო ხმა შემოესმათ. გაიხედეს გარეთ, გადასწიეს დიდი, ძალიან ადვილად მოძრავი თავები, ჩაიხედეს ძირს და რას ხედავენ: მთლად პატარა ბავშვი, ძალიან ლამაზი პატარა ბავშვი, რომ ვერცკი გაარჩევ, ბიჭია თუ გოგო, - შემოსულა ტყეში, დგას, ძლივს დგას მუხის ძირას, ხმელფოთლებში და ბალახებში, ფუნჩულა ხელები თვალებთან მიუტანია და ტირის, ტირის.

ბებერმა ბუებმა ერთმანეთს შეხედეს, ამ ბავშვს აქ რა უნდაო, მაგრამ რადგანაც არც ერთმა იცოდა ეს და არც მეორემ, ისევ ძირს დაიწყეს ყურება.

იტირა პატარა ბავშვმა, დაიღალა ტირილით, დაიწყო ქანაობა, ჩაჯდა ბალახებში, იქაც იტირა, ჩამოუცვივდა ხელები მუხლებზე, ჩაეკიდა თავი, ჩაწვა ბალახებში, მოიკუნტა, ისედაც პატარა, მთლად დაპატარავდა და იმ ტირილსა და სლუკუნში ჩაეძინა.

ბებერი ბუები ერთმანეთს უყურებდნენ გიზგიზა ყვითელი თვალებით, რა ვქნათ როგორ მოვიქცეთო.

- შესცივდება. - თქვა დედა ბუმ.

- შესცივდება. - მიუგო მამა ბუმ.

- ღამღამობით ახლა უკვე ძალიან ცივა.

- მართალია, ღამღამობით ძალიან ცივა.

- გათენებისთვის შეიძლება თრთვილიც კი დადოს.

- შეიძლება, ნამდვილად დასდებს.

- მაშინ ხომ მთლად გაიყინება?

- გაიყინება, გაიყინება, - ორჯერ გაიმეორა მამა ბუმ.

- მერე რა მშვენიერი ბავშვია!

- პატარა ყველა მშვენიერია.

- მაგასაც ხომ დედა ეყოლება?

- დედაც ეყოლება და მამაც.

- ჩავფრინდეთ და ფრთები გადავაფაროთ.

- გადავაფაროთ, გადავაფაროთ.

ფუღუროდან გამოფრინდნენ, ერთი-ორჯერ შემოუარეს წრედ, - შუ-ბუ! შუ-ბუ - დასძახოდნენ მძინარე ბავშვს, ფრთები სულ ახლოს მიჰქონდათ, მათი ნიავი თმას უცახცახებდა, მაგრამ ბავშვი არ გატოკებულა.

მაშინ ერთი წინ ჩაუჯდა, მეორე უკან - ვეებერთელები, თვალაბალაპლაპებულები, მთლად ყურადღებად ქცეულნი, იქაც რამდენჯერმე გაიმეორეს: - შუ-ბუ! შუ-ბუ! და რაკი ბავშვმა არც ახლა შეატოკა არაფერი, ფრთხილად, აქეთ-იქით გადაწევ-გადმოწევით მიუახლოვდნენ, გაშალეს დიდი, მსუბუქი, თბილი ფრთები, ბავშვს მთელ სიგრძეზე გადააფარეს და ასე გაშეშდნენ.

ჰო, რა მშვენიერი სანახავები იყვნენ ერთმანეთისთვის ყბა-ყბას მიდგმული ორი თვალებგიზგიზა ბუ და მათი ფრთების ქვეშ მძინარე ბავშვი!

ამოვიდა მთვარე, ამოჰყვა მუხებისა და რცხილების ერთმანეთში გადახლართულტოტებს. ბალახებს ჯერ ცვრის წვრილ-წვრილი წვეთები დაეკიდა, მერე ის წვეთები თანდათანობით გამკვრივდნენ. აცივდა, აცივდა, იქვე, სულ ახლოს, დახტოდნენ ციყვები, დაცუნცულებდნენ თაგვები და დედოფალები, სადღაც ამოიხაფხაფა აფთარმაც. მაგრამ ბებერი ბუები მაინც გაშეშებულები ისხდნენ.

ისინი ამაყად თავაღერილები გადასცემდნენ თავიანთი სხეულის სითბოს პატარა, ძალიან პატარა ლამაზ ბავშვს. პატარებს ხომ ღამ-ღამობით ყველას სჭირდება სითბო, - ბუებსაც და ადამიანებსაც!

გათენებისას ტყეში ხმაური ატყდა. მოისმა ძაღლებისა და თოფების ხმები. ბუებმა ერთხანს კი ითმინეს, მაგრამ მერე ვეღარ გაუძლეს შიშს, აფრინდნენ და მუხის ფუღუროს შეაფარეს თავი.

მოცვივდნენ ძაღლები, ატეხეს ყეფა, მოირბინეს ადამიანებმაც, მოანათეს ფარნები, ჩაიჩოქეს ბავშვთან, იყვნენ ასე... მერე აიყვანეს ხელში, დაუწყეს კოცნა, ხელებით უსინჯავდნენ სხეულს, უკვირდათ, თბილი რომ იყო... ცისკენ იყურებოდნენ, ღმერთს სწირავდნენ მადლობას. ბებერი ბუებისკენ კი არავის ამოუხედავს.

ბებერი ბუები თავიანთ ფუღუროში ისხდნენ. ხან ტყის სიღრმისკენ მიმავალ ადამიანებს უყურებდნენ, ხან ერთმანეთს შეხედავდნენ. როცა ყველანი გაუჩინარდნენ, ფუღუროში ჩაღრმავდნენ, კრუსუნით, მხრების აწევით შეუქციეს ზურგი ერთმანეთს, ჩაიწიეს, ჩაიწიეს, თავი მხრებში ჩარგეს, სანამ ჩაიძინებდნენ ჩვეულებისამებრ აბუზღუნდნენ:

- შუ-ბუ! შუ-ბუ! - რაღაა ჩვენი სიცოცხლეო.

მაგრამ ძალიან მალე გაჩუმდნენ, შემობრუნდნენ, გვერდი გვერდს მიჰყუდეს, თავი-თავს და ასე ჩაიძინეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen