დაუბერა ნიავმა და გვერდზე გადახარა ალი.
უკან დაიწია ეფრემამ, ხელის გაქნევით მოიგერია მისკენ წასული კვამლი და ნიავის მხრიდან მოუარა ცეცხლს.
ბიჭებს ნაყანევში შეერეკათ ღორები და პანტის ახლოს გაეჩაღებინათ ცეცხლი.
შუადღის სიცხე ჩაგუბებულიყო ჭალაში, მაგრამ შეციებულებივით მისჩერებოდნენ წყნარად მოტკაცუნე კოცონს.
- ამ პაპანაქება სიცხეში რამ მოგაფიქრა ცეცხლის დანთება?
- შეეკითხა იმხანად მოსული დათო ეფრემას.
- ეხლამც მოგვცა ტაროები! - ინატრა ბეჟანამ.
- აი, მაგიტომ დავანთე, აი! - თქვა ეფრემამ.
გვალვა იყო მთელ ზაფხულს. ლამის ერთიანად გახმა სიმინდი. ვინც მორწყო, იმისას არა უშავდა რა მარტო. თითებზე ჩამოითვლებოდნენ ასეთები. იშვიათი ხილი გახდა ნედლი ტარო. იმაზე ფიქრობდნენ ახლა, სად ეშოვათ, როგორ...
- ვისი ყანიდან აპირებ, ეფრემ!
- ხვთისოსი!
- მუდამ დღე იქ არის ისა, დაგიჭერს და გაგაძრობს ტყავს!
- მივეპარები, განა თავაღებული მივალ, აშკარად?
დაფიქრდნენ ყველანი. ალბათ, უკვე ელანდებოდათ ღადარზე? დაწყობილი ტაროები, საამო სუნს რომ აყენებს ირგვლივ.
- მოდი, სიკოს ბოსტანში წადით ვინმე! - უცბად წამოიძახა ფიქრში გარინდებულმა ბეჟანამ, - რას დაგაკლებთ ცალფეხა კაცი?
ყველას მოეწონა ეს აზრი. ვინ გაეგზავნათ მოსატანად? უთხრეს ხან ვის, ხან - ვის, მაგრამ უარს იყო ყველა. წვრილშვილის პატრონს შარშანწინ შეშის მზადებისას ხე დაეცა ფეხზე და... ძირში მოჰკვეთეს ექიმებმა. ახლა ძლივს დადის ყავარჯნით. მუშაობის დროს ჯახირობს ცოდვა-ჭირით.
დიდხანსა სდუმდნენ თავჩაღუნულნი. ეფრემა ვერ ისვენებდა მარტო. წამდაუწუმ გააწკლაპუნებდა პირს და რტოებგასხეპილი ჯოხით მიუჩინჩხლებდა? ხოლმე ცეცხლს, გამოქექავდა ღადარს.
- ჩქარა, სანამ კარგია, თორემ ჩაქრება მერე! - წამოიძახა მოუთმენლად.
- კი მაგრამ... ვინ წავა?
- ვინა და, აგე!..
ნოდარისკენ მიბრუნდა ყველა.
განმარტოებით იჯდა და მშვილდს აკეთებდა შინდის მომსხო ტოტისგან.
- წახვალ? - შეეკითხა ბეჟანა.
- სადა?
- ტაროების მოსატანად!
- რო არა გვაქვს?
- იცი, სადა გგზავნით?
- სადა?
- სიკოს ბოსტანში!
ჩაღუნა თავი და ლამბის! ჩასაბმელი ნაჭდევი გაუკეთა მშვილდს.
- წადი, ჰო! - შესძახა ეფრემამ.
- რაღა მე მეუბნებით?
- ნოდარ, მიყურე აქა, გენაცვალე, - მიეფერა ვახტანგი, - პატარა ხარ შენა! გინდაც მოგისწროს, არ გეტყვის არაფერს. მიხვალ, გაძვრები ღობეში, მოტეხ ერთ ათიოდეს და წამოხვალ მაშინვე!
- არ წავალ!
- წადი და ორი დღით შეგინახავთ ღორებს!
- არა, არ მინდა!
- დაანებე თავი, თუკი არ უნდა... - თქვა ბეჟანმა.
- არც ისა და არც ისა!.. მოდით, წილი ვყაროთ! ვისაც შეხვდეს, წავიდეს ისა! - წამოიძახა სანდრომ.
- წილი კი არა... ჯოხი გავზომოთ, ვისაც ბოლოს შეხვდეს ხელის წავლება, იმან მოიტანოს!
- ეგრე იყოს!
- ხომ ყაბულსა ხართ? ყველა? - წამოიძახა ეფრემამ.
- კი! - თქვა ნოდარმა.
- იცოდეთ, შარი არ იყოს მერე!
- არა!
ეფრემამ ჯოხს ბოლოში ჯერ თვითონ წაავლო ხელი, შემდეგ - ნოდარმა, ბეჟანმა, სანდრომ, ვახტანგმა... ისევ თავიდან დაიწყო ეფრემამ. რიგრიგობით გადაინაცვლეს ბავშვების ხელებმა და ნოდარს მოუწია სულ ბოლოს.
- აჰანდე!
- არც ეხლა?
- თურმე უპრიანი ყოფილა! შენზე!
- მოიტათ მაინცა დიდი ჩანთა! - მორცხვად ჩაილაპარაკა ნოდარმა.
- განა რამდენის წამოღებას აპირებ, რო...
- რა ვიცი, რამდენიც ჩაეტევა!
- ეჰე! ერთი ამას უყურეთ!
- ჯერ სულ არ უნდოდა და!..
- მართლა არ დააქციო ი კაცი, ბიჭო!
- თუ მოტანაა, ბარემ მოტანა იყოს! აბა, ცოტას გულისთვის ღირს წვალება?
- ეს აღარა ხუმრობს, აი!
- შენი ზურგჩანთით წადი!
- ცოტა ჩაეტევა ჩემსაში!
- ჩვენ კი გვეყოფა და...
- გვეყოფა კი არა, დაგვრჩება კიდეცა!
- კარგი, ჰო, მივდივარ!
ნოდარმა შეისწორა ზურგჩანთა და ხეზე მიაყუდა სამშვილდედ გამზადებული ჯოხი.
- ეს აქ იყოს!
- ჰო, მაგას, აი, აქ შეგინახავთ! - უთხრა ეფრემამ და მაღლა, პანტის ტოტებზე შედო ჯოხი.
ღორღიანი რიყე მოჩანდა ნაყანევიდან. გვალვისაგან ჩაპატარავებული მდინარე ნაკადულისხელაღა მილიკლიკებდა? ერთიანად გადაყვითლებულ ჭალაში. გაღმა, მურყნებისა და წნორების იქით, შეღმართზე შეფენილიყო სოფელი. იქვე, რიყის პირას, იყო კუნლისა და ასკილის ჯაგებით შეღობილი სიკოს ბოსტანიც.
როგორც კი მიეფარა წნორებს, მოიხედა უკან. ღორები დასუნსულებდნენ გადამკილ მინდვრებში. ბიჭებს კი ცეცხლისთვის მიჰქონდათ ფიჩხი. პირდაპირ სიკოს ბოსტნისკენ აიღო გეზი.
მიახლოებისას თავიდან ბოლომდის მოათვალიერა ღობე, მაგრამ ვერსად შენიშნა გადასაძრომი. არ იყო მეტი გზა, უნდა ასულიყო ზედ და გადამხტარიყო ბოსტანში. გამორიყული კუნძი მიაყუდა ეკლიან ღობეს, ხელი წაავლო მარგილს, ავიდა ზედა და ჩახტა ძირს.
როგორც კი შევიდა ყანაში, ტენიანი მიწის გრილი სურნელი შეიგრძნო მაშინვე. მერე მოათვალიერა ტანაყრილი, დატაროებული სიმინდი. ნიავი განუწყვეტლივ აშრიალებდა თავქვე დაკიდებულ ბრტყელ ფოჩებს. ის იყო ხელი წაატანა ტაროს, რომ იქვე ახლოს ჩაახველა ვიღაცამ.
შეკრთა და ჩაიღუნა უცბად. თანაც დაათვალიერა ბოსტანი. ზევიდან ნელი კოჭლობით მოდიოდა სიკო. ყავარჯენს დაყრდნობოდა ერთი იღლიით, მეორე ხელით კი იბჯენდა თოხს. აი, გაჩერდა პამიდვრის ბუჩქებთან და გაისმა არხიდან გადმოდგებული წყლის საამო რაკრაკი.
ბოსტნის ერთ ნახევარზე ყანა ედგა" სიკოს, მეორეზე - პამიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, ჭარხალი... ახლა პამიდვრის მოსარწყავად გადმოეყვანა წყალი. როცა დახუნძლულ ბუჩქებს დაურბინა ნაკადულმა, სიკომ მოიმარჯვა თოხი, თანაც უფრო საიმედოდ დაეყრდნო ყავარჯენს და ფრთხილად წყლის ნაკადი მიუშვა აქეთ-იქით.
ხვლიკივით გაწვა მიწაზე. განაბა სული. ახლა წყლის ლიკლიკიღა ესმოდა მხოლოდ, ხანდახან - თოხის ჩაკაჩუკიც... ცოტა ხნის მერე აიწია და გახედა სიკოს. ამ დროს თოხზე დაეყრდნო იგი და, ის იყო, უნდა გადმოებიჯებინა გვერდზე, რომ წაიქცა პირქვე.
მყისვე ისევ ჩაღუნა თავი, დახუჭა თვალები და გაერთხო მიწას. აღარაფერი ესმოდა სიმინდის ფოჩების შრიალისა და წყლის ლიკლიკის მეტი. მერე აიხედა ისევ. წამოდგომას ლამობდა სიკო, მაგრამ წვალობდა ამაოდ. ადგა და გაეშურა მისკენ. „რომ მითხრას, რა გინდა აქაო, როგორ ვიმართლო თავი?" - გაიფიქრა და თანდათან შეანელა ნაბიჯი. ამასობაში მიუახლოვდა უკვე.
უცბად გამოხედა სიკომ და მაშინღა შედგა ქვანაკრავივით. დააპირა გაქცევა, მაგრამ დაიბნა და გაშეშდა ეგრევე. სიკოს წაქცევის დროს რაღაცისთვის ჩამოეკრა სახე, ღრმა ნაკაწრი დასტყობოდა სახეზე და წვრილ ნაკადად ჩამოსდიოდა სისხლი.
- მოდი, მოდი! - დაუძახა მან.
მივიდა და ჩაავლო მხარში ხელი, მაგრამ ძვრაც ვერ უყო იმხელა კაცს.
- მოიცა ჯერა! - თქვა სიკომ, წამოიწია ცალ მუხლზე, მოიშველია ჯოხიც და გამოუწოდა მეორე ხელი. ასწია გაჭირვებით და მიხედა პამიდვრებს.
ერთგან წყალი რუდან გადასულიყო და სულ ერთიანად მიჰქონდა ფხვიერი მიწა.
გამოართვა თოხი, ჩაუდგა კვალში წყალს და პატარ-პატარა ნაკადებად დაქსაქსა პამიდვრებში.
ნაპირზე გაჩერებული სიკო თვალს ადევნებდა ბიჭს. ეტყობოდა, ჭკუაში მოსდიოდა მისი ნამუშევარი. ხანდახან წამოიძახებდა ხოლმე მოწონების ნიშნად:
- ჰოო, ეგრე! კარგია! ყოჩაღ! გაიზარდე დიდი კაცი!
გამხნევდა და გახალისდა თანდათან. შეუსვენებლივ მორწყო პამიდვრებიც, კომბოსტოც, ჭარხალიც და მოუტრიალდა სიკოს:
- ეხლა რაღა?
- არაფერი! გაიზარდე დიდი ბიჭი! დატრიალდი ახლა და დაკრიფე მწიფე პამიდვრები!
- არ მინდა!
- დაკრიფე და წაიღე შინ!
- არა, დიდი მადლობა!
- ნუ გეხათრება! მიდი, ტაროები მაინც დაამტვრიე!
- არც ტაროები მინდა! - უთხრა და გაწითლებულმა მოარიდა პირი, - მე განა მაგისთვის გადმოვედი აქა? დაგინახე და...
- ვინ გეუბნება, მაგისთვის გადმოხვედიო? მიდი! ახალი ხილია ნედლი ტარო!
- არა, დიდი მადლობა!
- მიდი, რო გეუბნები!
- არა, არა! - უთხრა და გადახტა ღობეზე.
მიდიოდა და თვალწინ ედგა უკვე განელებული კოცონი და ტაროების მოლოდინში თმენადაკარგული ბიჭები. თუმცა ეუხერხულებოდა, რომ ხელცარიელი ბრუნდებოდა მათთან, მაგრამ მაინც მიდიოდა ამაყად, თამამად და არხეინად.


