(შემოკლებით)
მაღალი, ჩამოთოვლილი მთის ფერდობზე ერთი სოფელი იყო. სოფელში იდგა კრამიტგადახურული ლამაზი სახლები, ეზოებში დარბოდნენ ბუნჩულა ბავშვები, ბღაოდნენ ძროხები, ყიოდნენ მამლები. იქაური ხალხი დაადგებოდა საურმე გზას ან ფერდობზე ჩაკარგულ ვიწრო ბილიკს, ივლიდნენ, ივლიდნენ, ჩავიდოდნენ ვაკეში და დიდი შარაგზით ან რკინიგზით საითაც უნდოდათ, იქით მიდიოდნენ.
ასე ცხოვრობდა ხალხი დიდხანს - თესავდნენ, მკიდნენ, ვაზებს სხლავდნენ და არაფერი არ აკლდათ. მაგრამ ერთხელ ერთ იქაურ კაცს მობეზრდა მიხვეულ-მოხვეულ მთის ბილიკებზე სიარული, ძროხების მოვლა, ვაზის გასხვლა და ქალაქში გადასახლდა.
„თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო“, - თქვა მეორემ და ისიც ქალაქში წაბრძანდა. იმას მესამე მიჰყვა, მესამეს - მეოთხე და მთელი სოფელი აიყარა.
მოიწყინა ფერდობმა, აღარ ისმოდა გოგო-ბიჭების ჟრიამული, ძროხების ბღავილი და მამლების ყივილი. ნასახლარებს მაყვალმა და ღიჭამ გადაუარა.
ნასოფლარზე მხოლოდ ერთი პატარა ქვითკირის სახლი მოჩანდა, ცოტაოდენი სიცოცხლის ნიშანწყალი რომ აჩნდა. ბუხრიდან ბოლი ადიოდა, სახლის წინ მდგარ ხეებსაც პატრონის ხელი ეტყობოდა.
ამ პატარა სახლში ერთი ბერიკაცი ცხოვრობდა. რამდენს არ ეხვეწნენ შვილიშვილები და ახლობლები, მაგრამ იქიდან ფეხი ვერ მოაცვლევინეს. ცივი წყალი არ აკლდა და სუფთა ჰაერი,ხელს არ აჩერებდა, პური მოჰყავდა, ღვინოს აყენებდა, ბოსტნეულიც ხომ ჰქონდა და ჰქონდა თავზე საყრელი.
თუმცა ხანდახან ხმის გამცემი მოენატრებოდა და იფიქრებდა: მოდი, წავალ, სადაც ჩემი შვილები და შვილიშვილები არიანო, მაგრამ ნასოფლარი არ ეთმობოდა. წარმოიდგენდა, რომ იქ საქმე არ ექნებოდა და შეეშინდებოდა უსაქმოდ ყოფნისა. ხელებს ლოყაზე მიიდებდა და ბილიკს გაჰყურებდა, იქნებ ქალაქიდან ვინმე ამოვიდესო, მაგრამ არავინ გამოჩენილა. მხოლოდ ჩიტი მოფრინდა ერთხელ.
- რა იყო, პაპა, ეგრე რამ დაგაფიქრაო.
- რაღა რა იყო, სოფელი ნასოფლარად იქცა, მარტო დავრჩი, ხმის გამცემი აღარავინ მყავსო.
- მერე რა იყო, შე კაცო, მე მოვალ შენთან და დაგელაპარაკები, ხანდახან ჩემს ბარტყებსა და ბიძაშვილებსაც მოვიყვან. შენ არ იყავი, ზამთარში პურის ნამცეცებს რომ გვიყრიდი ხოლმე?! ჩვენ კარგად გვახსოვს შენი სიკეთე.
ამის შემდეგ ხშირად მოფრინდებოდნენ ხოლმე ჩიტები. ისინი თავის ენაზე ესაუბრებოდნენ მოხუცს.
ერთხელ კი ბალახებიდან კურდღელი გამოძვრა.
- მე შენ წეღან შორიდან დაგინახე, რაღაც მოწყენილი ჩანხარ, რამე ხომ არ გაგჭირვებია?
- აბა, რა მიჭირს, ნაცარავ, ყველაფერი მაქვს, ოღონდ ხმის გამცემი მაკლია!
- ნუ გეშინია, მე მოვალ შენთან და ჩემს მეგობრებსაც მოვიყვან, არ მოგაწყენთ! პაპაჩემისგან გამიგონია, რომ შენი შიშით არც ერთი მონადირე აღარ ჭაჭანებდა ამ არემარეზე. სიკეთე არ იკარგება, პაპავ, ნუ გეშინია! ჩვენ, კურდღლებს, შენი სიკეთე არ დაგვავიწყდება, - თქვა კურდღელმა.
მეორე დღეს მთელი ეზო კურდღლებით აივსო. ბერიკაცი კურდღლებს ეფერებოდა და თან თავისი მოყვანილი კომბოსტოს ფოთლებს უყრიდა.
ბერიკაცი ძალიან გაოცდა, როდესაც ერთ დღეს მაღალი ქორბუდა ირემიც მოადგა მის ჭიშკარს.
- გამარჯობა, ბერიკაცო, ჩიტებისგან გავიგე, რომ მარტო დარჩენილხარ ამ ნასოფლარში. შემეცოდე და წამოვედი.
- იმ უსიერი ტყიდან რა მოგიყვანა, შე კაცო! - გაოცდა ბერიკაცი.
- სიკეთე მახსოვს და იმან მომიყვანა. შენ არ იყავი, ერთხელ მონადირეს ხელი რომ აუკარ და ჩემთვის დამიზნებული ტყვია სადღაც გაცივდა?!
ბერიკაცმა და ირემმა კარგა ხანს იმასლაათეს. მერე მოხუცმა ის ტყის პირამდე მიაცილა.
- თქვენ, მეგობრები, მაძლებინებთ ამ უსიერ ტყეშიო, - უთხრა გამომშვიდობებისას მადლიერმა მოხუცმა სტუმარს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მოხუცს დათუნიაც ეწვია. ეწვია და მასთან დარჩა. მას ხან ჩულებზე ეძინა და ხანაც ეზოში დაბაჯბაჯებდა. ბერიკაცი კარგად იგებდა მის ბუტბუტს, როდის სციოდა ბაჯბაჯას, როდის სცხელოდა - სულ იცოდა.
ნასოფლარი ყოველი მხრიდან კარგად მოჩანდა. როცა რკინიგზაზე მატარებელი გაივლიდა, მგზავრები სარკმელებიდან თავებს გამოყოფდნენ და სიბრალულით იტყოდნენ ხოლმე:
- აფსუს, რა სოფელი იყო! ახლა მარტო ერთი მოხუციღა ცხოვრობს მარტოდმარტო. ნეტავ, როგორა ძლებს! იმ უკაცრიელ ადგილას მარტოს რა ასულდგმულებსო!
ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას! ბერიკაცი კი ცხოვრობს ნასოფლარში და გზისკენ აწყდება თვალები - იქნება ქალაქიდან ვინმე გამოჩნდესო. მაგრამ ჯერ არავინ ჩანს, მოხუცს კი იმედი აქვს, რომ როდესმე ვინმე ჩავა ქალაქიდან.


