(მოგონებებიდან)
I
ბებია-ბაბუის ოჯახში, ოთხი ვაჟიშვილის გარდა, ოთხი ქალიც იზრდებოდა; ყველანი კარგები იყვნენ და იმ მხარეში სახელგანთქმულნი. მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მაკა მამიდა გამოირჩეოდა. იგი კარგად იყო გაწაფული ქართულ წერა-კითხვაში.
თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. ანბანის რომელ ასოსაც დაუსახელებდი, წამსვე იმ ასოთი დაწყებულ ოთხ ტაეპს გაიხსენებდა. ვაი იმას, ვისაც რუსთაველის ლექსი შეეშლებოდა. განრისხებული მაკა დაუყოვნებლივ გაუსწორებდა.
მახსოვს, ერთხელ ავად გახდა. დასუსტდა, ხმას არ იღებდა, შეკითხვაზე პასუხს არ იძლეოდა. ჩვენებს შეეშინდათ. ავადმყოფს ენა ჩაუვარდა, რაღა გადაარჩენსო, – ამბობდნენ.
ერთ დღეს ავადმყოფი მისმა ბიძაშვილმა ვარდენ შარაშიძემ ინახულა. მან თქვა: – მაკას სჯერა, რომ ლაპარაკი აწყენს და ამიტომ არ უნდა ხმა გაგცეთ; ერთი „ვეფხისტყაოსანი“ მომეცით და ახლავე გიჩვენებთ, შეუძლია თუ არა ლაპარაკიო.
ბიცოლაჩემმა მოურბენინა „ვეფხისტყაოსანი“. შევედით ავადმყოფთან. ვარდენი საწოლთან ჩამოჯდა და წიგნის ფურცვლას შეუდგა. ხან ერთი ადგილი წაუკითხა ავადმყოფს, ხან - მეორე. კარგი კითხვა იცოდა.
მაკამ თვალი გაახილა, ეტყობა, ჩაესმა რუსთველის სიტყვები. ცოტათი გამოცოცხლდა, გაფაციცდა. შარაშიძესაც ეს უნდოდა. ხმამაღლა, გამოთქმით წაიკითხა:
„მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახელ მისი მოყმე, არ თუ წბილი“.
ამის გაგონებაზე მაკამ ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა: „სტყუი! სტყუი! „მისი ეტლი არ თუ წბილი“ უნდა.
ჩვენ გაგვეცინა და გავმხიარულდით.
ცხადია, ვარდენმა განზრახ შეცვალა ერთი სიტყვა მეორით, იცოდა, მაკა თუ ხმის ამოღებას შეძლებდა, შეცდომას გაუსწორებელს არ დატოვებდა.
შემდეგში ხშირად მოვაგონებდი ხოლმე მამიდაჩემს, თუ როგორ ამოაღებინა „ვეფხისტყაოსანმა“ ხმა... გაეღიმებოდა და თავს გაიქნევდა. იმ ამბის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა.
II
სანათესაოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდანვე დიდ პატივსა ვცემდი. ჩემს გულს განსაკუთრებით კოწია თაყაიშვილი იზიდავდა. იგი პატრიოტი კაცი იყო, მჭევრმეტყველი, თავისი დროის მწერლობის კარგი მცოდნე.
ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას ხელში ჩამივარდა ილია ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირი“. ვიღაცამ მათხოვა ეს წიგნი და საახალწლოდ სოფელში მიმავალმა თან გავიყოლე.
კოწიას ის თურმე ჯერ არ ენახა, მე კი უკვე წაკითხული მქონდა. საღამო ხანს დაინახა ჩემს ხელში „მეფე ლირი“ კოწიამ და ძალზე გაიხარა. თან მისაყვედურა:
- თუ გქონდა ეგ შესანიშნავი წიგნი, რატომ არ მითხარიო (გაზეთიდან ჰქონდა გაგონილი მისი გამოსვლის ამბავი).
ჩამაცივდა, უნდა წამაკითხოო.
მე კი მეორე დღეს უნდა დავძრულიყავი ქუთაისისკენ.
შეიკრიბნენ კოწიას თაოსნობით ორი ძმა გუგუნავა და კიდევ ხუთიოდე მათგვარი, ყველანი „მეფე ლირის“ წაკითხვას მოწადინებულნი.
გადაწყვიტეს, ღამე გაეთიათ და წაეკითხათ ქართულ ენაზე ახლადმოვლენილი წიგნი, გამოჩენილი ინგლისელი მწერლის ნაწარმოები.
მაშინ გურიაში ლამფა ჯერ არ იყო შემოღებული.
ზამთრის სიცივე უფლობდა. ყველანი ბუხარს მოუსხდნენ.
წიგნის კითხვა კოწიას დაეკისრა, იშვიათი დიქცია ჰქონდა.
ჯერ ვახშმობამდე იკითხა კოწიამ. ამასობაში ერთი კარტოფილისა და ორი ქონის სანთელი დაიწვა. სხვა აღარ მოეპოვებოდათ.
ბუხრის ცეცხლის შუქი გამოიყენეს დანარჩენი წიგნის ჩასაკითხავად.
დილამდე მოუხდა კოწიას კითხვა. ერთი რამ არ მოეწონა წამკითხველს ინგლისელი მწერლის ნაწარმოებისა - ლირისაგან გადახდილი ომის მოკლედ გადმოცემა. მაგრამ იქვე თვითონვე განმარტა: ალბათ მწერალს არ სურდა თხრობის დამძიმებაო...


