ბუნების ძილის უკანასკნელი წუთებია. შორეულ მყინვარს, ფიფქი თოვლით დაფარულს ამბორი სტყორცნა მზის სხივებმა. შორი მთის თხემი ათრთოლდა, აკეკლუცდა. ახმაურდა ქვეყანა, აიშალა ბუნება. მზემ პირის ნაბანი ცვარი ნელნელა, წვეთწვეთად გადმოყარა მიწაზე.
ამ დილის ნისლში გამოჩნდა ფეხაკრეფით მომავალი ორი მონადირე.
მონადირეები ჩასაფრდნენ. ნაპრალიდან გამოვიდა ირემი. მშვენიერი ცხოველი დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა ერთ მონადირეს, შეჩერდა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ზომავდნენ ერთმანეთს.
- ესროლე, ილია, ესროლე ! - ვეღარ მოითმინა მეორე მონადირემ, მაგრამ ირემმა ერთი მოიხედა უკან. მოიკუმშა, ისკუპა და გაქრა.
- შენც მონადირეს უწოდებ შენს თავს! - წყრომით მივარდა მეგობარი მონადირეს. - ცხვირწინ ირემი გაგიჩერდა, შენ კი ხელიდან გაუშვი.
- რა უნდა მექნა?! მოდი გულს უთხარ კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი! ირემი ისეთი ნდობით მოვიდა ჩემთან, ისრებივით წვრილ ფეხებზე ისე მსუბუქად იდგა, ისე ამაყად მოიღერა გახვეწილი კისერი და გადაიგდო ქორბუდიანი რქები ზურგზე, ისე შვენოდა მსოფლიოს ნაზი ქმნილება, ამ ლაღ ბუნებას ვერ წავართვი ამაყი შვილი. ჟუჟუნა თვალები შიგ გულში გამიყარა. შენ რომ არ დაგეფრთხო მოვეხვეოდი, ამბორს გავუგზავნიდი ყვარლის მთებს, მთელს ამ მიდამოს.
ეს მონადირე ილია ჭავჭავაძე იყო.


