იჯდა ერთი მოწაფე და მაგალითებს იყვანდა.
- ცამეტი გავყოთ სამზე, - ჩურჩულებდა შუბლზე თითმიდებული, - იქნება
ოთხი და ერთიც ნაშთი დაგვრჩება... სამჯერ ოთხი თორმეტი, იქაც ერთი, სწორია, ცამეტი გამოდის. ახლა გამოვრიცხოთ ცხრა...
- კიდევ რა გინდა?! - აყვირდა ცხრიანი. - რაო? - გაუკვირდა მოწაფეს.
- რაც გაიგონე. რა გინდა ჩემგან? რაღა მე დამადგი თვალი? გამოსარიცხი რა მჭირს?
- მაშ, მაგალითი არ გამოვიყვანო?
- მე გამანებე თავი და რაც გინდა ქენი! რიცხვების მეტი რა არის, რიცხე და იყვანე, რამდენიც გინდა!
- მაგალითში თუ მიწერია, მე რა ვქნა...
- ცოტა დაუკვირდი, როცა სიტყვას ამბობ. რაკი ერთნიშნა რიცხვი ვარ, ადვილად ხელწამოსაკრავი არ გეგონო! გამორიცხვაზე თუ მიდგა, გამოსარიცხავი თავი გაბია და კარგად მოუარე, არსად დაგეკარგოს!
გულგადაბრუნებულ მოწაფეს ფერფური ეცვალა და გაცეცხლებული ცხრიანის ნებას დაჰყვა, დაუჯერა, გამოკლება ვეღარ შეჰბედა. მეორე დღეს მასწავლებელმა შეცდომით გამოყვანილ მაგალითში ორიანი სტკიცა.
- სულ შენი ბრალია, - ებუზღუნებოდა შეცდომიანი მაგალითი შერცხვენილ მოწაფეს. - ვინც რას გეტყვის, სუყველას ლაპარაკს თუ აჰყე, კარგი დახლი დაგიდგება, შენმა მზემ!
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


