კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 09:08

სოფლის გადაღმა შარაგზა სამად იყრებოდა: ერთი გზა ზღვისკენ იყო გაჭიმული, მეორე პირდაპირ ქალაქში ჩაგიყვანდა, მესამე კი არსად არ მიდიოდა.

მარტინომ კარგად იცოდა ამ გზის ამბავი. სოფელში ვისაც კი შეეკითხა, რომ წავიდე, სად მიმიყვანსო, სუყველა ერთსა და იმავეს ეუბნებოდა: არსადაც არ მიგიყვანს, ტყუილად ფეხებს დაიღლიო.

- მაინც სადამდე მიდის? - არ ეშვებოდა ხოლმე მარტინო.

- არც სადამდე!

- მაშ, აბა რატომ გაიყვანეს?

- არავისაც არ გაუყვანია, ეგ გზა სულ მუდამ იყო.

- როგორ დავიჯერო, ნუთუ თავის დღეში ერთი ვინმე მაინც არ გაჰყოლია?

- ღმერთო, რა თავისნათქვამა ხარ! - ეუბნებოდნენ გაბეზრებული მეზობლები. - აკი გითხრეს, ეგ გზა არსად მიდისო, და აბა ვინ უნდა გაჰყოლოდა!

- არაფერიც არ იცით! - ქვას ააგდებდა და თავს შეუშვერდა ხოლმე გაკერპებული მარტინო. - ან რა უნდა იცოდეთ, როცა მაგ გზით ერთხელაც არ გივლიათ!

რამეს რომ იტყოდა, მოკვდებოდა, გაწყდებოდა და მაინც თავისას გაიტანდა.

იმისთანა გაქირს იზამდა, ტყუილია! ამიტომაც იყო - მთელი სოფელი დიდიან-პატარიანად გაქირას ეძახდა. მაგრამ მარტინოს ზედმეტი სახელი არა სწყინდა და სულ ერთთავად იმ არსად მიმავალი გზის ფიქრში იყო.

ცოტა დღესა, ცოტა ხვალა, და წამოიზარდა მარტინო. ქუჩას უკვე თავისით გადადიოდა, პაპას აღარ ეჭირა ხოლმე ხელით. ერთხელ სისხამზე ადგა, მზე ის იყო ამოიწვერა. გავიდა გარეთ და მაინცდამაინც იმ გზას გაჰყვა, არსად არ მიგიყვანსო რომ ეუბნებოდნენ.

მიდიოდა მარტინო, გულს არ იტეხდა, მაგრამ გზას თანდათან გზობისა აღარაფერი ეტყობოდა. ალაგ-ალაგ ზედ შამბნარს გადაევლო, ოღროჩოღროებს ხომ ნუღარ იტყვი! სულ მიხრამულ-მოხრამული იყო. კიდევ კარგი, დარი იდგა, თორემ წვიმიან ამინდში იმ გუბეებს რა გაივლიდა!

ცოტა ხანს ჯერ ძეძვებში იარა მარტინომ, მერე ერთბაშად ღურღუმ ტყეში ამოყო თავი და მოეჩვენა, ალბათ, ბნელ, ნეს-ტიან გვირაბში შევედიო. აქა-იქ იშვიათად ატანდა თითო-ოროლა მზის სხივი, და როგორც უკუნ ღამეში შუქურა გაიკიაფებს ხოლმე სადმე ზღვის პირას, ისე იმედიანად ჩამოსციმციმებდნენ ის სხივებიც.

მიდის მარტინო, მხნედ მიაბიჯებს, მაგრამ გვირაბს დასასრული არ უჩანს. საწყალ ბიჭს მუხლში ძალა წაერთვა, ფეხებს ძლივსღა ადგამდა. არაქათგამოცლილმა, ის იყო, უკან დაბრუნება დააპირა, რომ უცაბედად ძაღლს მოჰკრა თვალი.

"საცა ძაღლია, ახლო-მახლო ან ადამიანია, ან სახლი", - გაიფიქრა მარტინომ და ცოტა შვება იგრძნო.

ძაღლმა მარტინოს კუდის ქიცინით შემოურბინა გარშემო, ხელი გაულოკა და დაბურულ გზას მიჰყვა. მირბოდა და თან უკან იცქირებოდა, აბა, მარტინო მომდევს თუ არაო.

- მოგდევ, მოგდევ! - მისძახოდა მარტინო და თან გულში ფიქრობდა: "აი, საკვირველება თუ გინდა, ეს არის".

ამ სირბილ-სირბილში კარგა მანძილი გაიარეს და ტყეც ცოტა გამეჩხერდა, მაღლა ცის უფსკრული გამოჩნდა. გზა ერთ უშველებელ რკინის ალაყაფს მიადგა და გათავდა! ვეღარც აქეთ წახვიდოდი, ვეღარც იქით.

შეიჭვრიტა მარტინომ კარებში და რას ხედავს - წალკოტში თოვლივით თეთრი მარმარილოს სასახლე დგას, სასახლის სუყველა კარი და ფანჯარა ღიაა, საკვამურიდან ბოლი ამობურბურებს, აივნიდან კი მზეთუნახავი ეძახის, ხელს უქნევს: ვიცი, მეტსახელა გაქირა ხარ, აქ მოდიო.

- უყურე, ერთი! - წაიჩურჩულა გახარებულმა მარტინომ. - მე არც ვიცოდი, აქ თუ მოვიდოდი, მაგან კი ხელად მიცნო.

მარტინოს დიდხანს აღარ უფიქრია. ურდულს ხელი გაჰკრა, წალკოტი გაიარა და სასახლეში შევიდა. დარბაზის კარი შეაღო თუ არა, შესახვედრად წამოსული მზეთუნახავი დაინახა, მარმარილოს კიბეებზე დაფენილ ფიანდაზს ჩამოსდევდა. იმის მნახველს მზეც აღარ მოეწონებოდა.

ახლა რა ეცვა და რა ეხურა, არ იკითხავ! ოჰო, ჰო, ჰო, ჰო! მოდიოდა და თან კისკისებდა, იბადრებოდა. მხიარული სინიორა იყო, ეტყობოდა.

მარტინომ თავი დაუკრა და დაელოდა, ვნახოთ, რას მეტყვისო.

- შენ მაინც არავის არ დაუჯერე, არა? - ღიმილით ჰკითხა სინიორამ.

- რა არ დავუჯერე?

- რა და, ამ გზაზე რომ გითხრეს, არსად არ მიგიყვანსო.

- სისულელე მითხრეს და იმიტომ არ დავუჯერე. თუ არ იარე, გზას რა დალევს!

- მართალი ხარ. რაც მეტს ივლი, მეტსა ნახავ. წამო, ბარემ სასახლესაც გაჩვენებ.

მარტინო თვალებს არ უჯერებდა, იმისთანა რამეები ნახა. ჯერ ოთახებსა და დარბაზებს ხომ თვლა არა ჰქონდა! თანაც სულ განძით იყო მთელი სასახლე გაჭედილი. რა გინდა, სულო და გულო, იქ არ გენახა! ეს ალმასებიო, ძვირფასი თვლებიო, მარგალიტებიო. ოქროსა და ვერცხლზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, იმდენი ეყარა.

- აიღე, რაც გინდა! - ეუბნებოდა სინიორა მარტინოს. - თუ ვერ მოერევი, ჩემი ეტლით გაგამგზავრებ.

მარტინოს ბევრი ხვეწნა არ უნდოდა. არჩია, არჩია და ეტლი სულმთლად აავსებინა. ეტლის კოფოზე ის ნაგაზი იჯდა. გაწაფული ძაღლი იყო, ცხენები ქარივით მიჰყავდა. არც ერთს ფეხს არ შეანელებინებდა, გზიდან არ გადაახვევინებდა.სოფელში აღარავის ეგონა, მარტინო თუ ცოცხალი იყო და სუყველა სახტად დარჩა, როცა ეტლში წამოსკუპებული დაინახეს.

იმ მეეტლე ნაგაზმა მთელი სიმდიდრე ხელდახელ სოფლის მოედანზე ჩამოცალა, პატივისცემის ნიშნად კუდი ორჯერ გააქნ-გამოაქნია, ახტა კოფოზე და, მიწამ უყო პირი, თუ ცამ ჩაყლაპა, ვეღარავინ დაინახა, იმ ადგილას მტვრის კორიანტელიღა იდგა.

მარტინომ გულუხვად დაასაჩუქრა შინაურებიცა და გარეულებიც. არავისთვის არაფერი დანანებია, თანაც, სულ ცოტა, ასჯერ მაინც აამბობინეს, რაც იქ ამბავი გადახდა. მოყოლას დაასრულებდა თუ არა, ხან ერთი წამოხტებოდა ხოლმე, ხან მეორე, გაიქცეოდა, ცხენს შეკაზმავდა და იმ არსად მიმავალ გზას გაუტევდა.

მაგრამ იმავე საღამოს პირში ჩალაგამოვლებულნი ბრუნდებოდნენ უკან და ძაღლებივით იღრინებოდნენ. ზოგი ამბობდა, ეგ რაღაცას იტყუება, იმ დასაკარგავში გზას რა უნდაო, მეორენი ამბობდნენ, გზა კია დაქნილი, მაგრამ ძეძვიანშია სასიარულოო.

ერთი სიტყვით, არავინ თვალის დამკვრელი არ იყო იმ რკინის ალაყაფის კარისა, არც იმ სასახლისა, იმ სათნო მზეთუნახავისა. ან რა თვალი უნდა დაეკრათ? განძი ეგრე ადვილად ყველას კი არ უვარდება ხელში! მარტინოსი არ იყოს, გზა იქით პირველმა თუ არ გაკვალე, ისე არაფერი გამოვა.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen