კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:17

თითისტოლა კლაუდიო ერთხელ თავიანთ ჭიშკართან ჩხირკედელაობდა, იქვე გზაზე კი ოქროსსათვალიანი დარბაისელი ბერიკაცი მოდიოდა. წელში ცხრად იყო მოკეცილი და, კიდევ კარგი, ყავარჯენს მიიბჯენდა, თორემ ისე, ალბათ, ვერ ივლიდა.

ჭიშკარს რომ გაუსწორდა, ბერიკაცს უცაბედად ხელი გაეშვა და ყავარჯენი ძირს დაუვარდა, კლაუდიო ხელად იქ გაჩნდა, აიღო ყავარჯენი და პატრონს მიაწოდა.

- შენი მადლობელი ვარ, მაგრამ იყოს, აღარ მინდა, - ღიმილით უთხრა ოქროსსათვალიანმა ბერიკაცმა. - უჯოხოდაც კარგად ვივლი. თუ მოგწონს, წაიღე, შენთვის მიჩუქნია.

უთხრა და აღარ დაუცდია, რას მიპასუხებსო, წავიდა, თავის გზას გაუყვა. პირდაპირ საკვირველია - წელში თითქოს მართლა გასწორდა, სიარულითაც ყოჩაღად მიდიოდა. კლაუდიო კი გაშტერებული დასცქეროდა ნაჩუქარ ყავარჯენს და არ იცოდა, რა ექნა. ჩვეულებრივი თავკაუჭა ჯოხი იყო, ბოლოში რკინის წვეტი ჰქონდა, აი, ბუნიკს რომ ეძახიან.

გააქანა კლაუდიომ ყავარჯენი და ძირს დაარჭო - აბა, ერთი ვნახო რკინის წვეტი ქვიშაში სადამდე ჩავაო. ერთხელ არ იკმარა, რამდენჯერმე სცადა. მერე ახლა ვითომ ცხენიაო, ზედ მოახტა და... რის ყავარჯენი, რა ყავარჯენი! კლაუდიო ყორნისფერმა საღარა(თეთრშუბლა ცხენი) ბედაურმა გაიტაცა და მთელი ეზო დაოთხილმა შემოატარა. თან ჭიხვინებდა და ფლოქვებიდან ნაპერწკლებსა ყრიდა.

ამაზე მეტი საკვირველება რაღა გინდა! კლაუდიოს, ცოტა არ იყოს, გული გადაუბრუნდა, და როგორც კი ბედაურმა ფეხი შეანელა, იმწამსვე ძირს ისკუპა. ბიჭის ჩახტომა იყო და ბედაური ისევ ყავარჯნად იქცა. არსად არც ნალებისა ეტყობოდა რამე, არც ნაპერწკლებისა, წეღანდელი ოთხი ფეხის მაგივრად ის თავისი ჟანგიანი რკინის წვეტი შერჩა, ფაფრის ადგილას კი - ხელის მოსაკიდებელი კაუჭი.

მოდი ერთს კიდევ ვცდი, რაც არი -არიო, თქვა კლაუდიომ, როცა ცოტა მოსულიერდა და გულიც გაიმაგრა.

თქმა და ქმნა ერთი იყო, წეღანდელივით მარდად მოახტა ყავარჯენს და... არა, ცხენად აღარ გადაქცეულა. ახლა ორკუზიან კოხტა აქლემად იქცა, ეზო კი - თვალუწვდენელ უდაბნოდ გადაიჭიმა. კლაუდიოს მთელი იმოდენა უდაბნო სულ უნდა გაევლო, ბოლოში უნდა გასულიყო, მაგრამ შიშის ნატამალი მაინც არ უგრძნია. ის კი არა, თვალცქვიტად იყო, სადმე ალბათ ოაზისია და არ გამომეპაროსო.

"ჯადოსნურია, მაშ, რა არის!" - დაირწმუნა თავი კლაუდიომ, როცა მესამედაც მოახტა. ყავარჯენი ახლა უკვე ცეცხლისფერ სამარულო ავტომობილად იქცა, კაპოტზე თეთრად ეწერა ვეებერთელა ნომერი, ეზო უზარმაზარი სარბიელი გახდა, თვითონ კლაუდიო კი - მოჯირითე იყო, ნამდვილი მოჯირითე მძღოლი, რომელიც თავის საქმეში მუდამ პირველია.

მერე ის ყავარჯენი კატარღად გადაიქცა და, ეზოს ადგილას რომ ტბა გაჩნდა, იმ მწვანედ მოლივლივე ტბის ტალღებს გაჰყვა.

თუმცა კატარღა რა სათქმელია! მალე მოკაშკაშე რაკეტად აიჭრა მეცხრე ცაში და თვალისმომჭრელ ვარსკვლავებს შეერია.

ამ თამაშ-თამაშობაში კარგა დრო გავიდა, უკვე მოსაღამოებული იყო, ამ ყავარჯნის პატრონმა ბერიკაცმა კიდევ რომ ჩამოიარა კლაუდიოანთ ჭიშკართან. კლაუდიომ თვალი მოჰკრა და ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, კარგა ხანს უცქირა, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეატყო, ჩვეულებრივი, უბრალო ბერიკაცი იყო, დილანდელთან შედარებით ცოტა უფრო დაღლილი ჩანდა.

- ჰა, რას იტყვი, პატარა ბიჭო, მოგწონს ეგ ჯოხი? - ღიმილით ჰკითხა ბერიკაცმა.

კლაუდიომ იფიქრა, ალბათ, უნდა გამომართვასო, წამოწითლდა და უხმოდ გაუწოდა. მაგრამ ოქროსსათვალიანმა სინიორმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

- არა, შენი იყოს, - უთხრა ბერიკაცმა. - აბა, მე რად მინდა, შენ მაგით ირბენ კიდეც და იფრენ კიდეც, მე კი დიდი-დიდი დავებჯინო და მეტი არაფერი. დასაბჯენს, ნუ გეშინია, სხვა რამესაც ვნახავ. სულაც ავდგები და კედელ-კედელ ვივლი.

ამის თქმა იყო და ბერიკაცს სახე გაებადრა, თითქოს გაახალგაზრდავდაო, სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავის გზაზე.

მერე და რატომ გაებადრა, არ იკითხავ? რატომ და ქვეყნად არავინ არ არის იმ მოხუცებულზე ბედნიერი, ვისაც პატარებისთვის რაღაცის ჩუქება მაინც შეუძლია.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen