კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:30

 

რუსთაველი იყო პროგრესულად მოაზროვნე პოეტი, რომელმაც გაუსწრო თავის დროს. მაგრამ, რასაკვირველია, იგი ისტორიულად შეზღუდული იყო სოციალურ-კლასობრივი მსოფლმხედველობითა და სარწმუნოებრივი გრძნობებით. ამიტომაც რუსთაველი არ იჩენს სრულ გულგრილობას სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი საკითხებისადმი. ოღონდ პოეტი გარკვეულად არ ამჟღავნებს თავის მიდრეკილებას რომელიმე რელიგიური სისტემის მიმართ, იგი გაურბის რელიგიის დოგმატიკური და საწესო ფორმების გამოხატვას.

თავის დროზე ნ. მარი შეეცადა დაემტკიცებინა რუსთველის ვითომცდა მუსლიმანობა. ეს ცდა სრული მარცხით დამთავრდა. მართლაცდა, მუსლიმანობის იძულებითს გავრცელებას საქართველოში მუდმივ თან სდევდა მოსახლეობის ფიზიკურად გადაგვარების, სულიერად დაძაბუნებისა და კულტურულად დაცემულობის მოვლენები. რაღაც დაუჯერებელია, რომ დამპყრობთა სჯულზე გადასულსა და დენაციონალიზაციის გზაზე შემდგარ პოეტს შეექმნა ნაციონალური შემოქმედების ბრწყინვალე შედევრი. ამასთან, შეუძლებელია რუსთველი ყოფილიყო მუსლიმანი და მას წინასწარმეტყველის (მაჰმადის) სახელი დავიწყებოდა. “ვეფხისტყაოსანში” არის ადგილები, სადაც მუსლიმანობა და მუსლიმანების მიმდევრები დაცინვით არიან მოხსენებულნი.

ტარიელი უამბობდა ავთანდილს, რომ ავადმყოფობის დროს მას გარს ეხვივნენ მუსლიმანთა მოლები და სჯულის მოძღვარნი (“მუყრნი და მულიმნი”), უკითხავდნენ მუსლიმანთა სჯულის წიგნს (“მუსაფს”); ზრდილმა მოყმემ მაინც აგდებულად შენიშნა: “არ ვიცი, რას ჩმახვიდიანო”.

ირონიულად ჰკილავს “ვეფხისტყაოსანი” მუსლიმანთა შორის ღვინის სმის აკრძალვის წესს. ვაჭრებმა ავთანდილს უთხრეს (1031, 1-2):

 

"ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,

მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვმან მაჭარნი."

 

რუსთველი პირდაპირ არ ახსენებს არც ქრისტიანულ ღმერთს, ქრისტეს, ღვთისმშობელს ან წმინდანებს. იგი მხოლოდ აქა-იქ ამჟღავნებს საქრისტიანო საღვთო წერილში ნაკითხობას. ამ ნაკითხობის ნაკვალევი აღბეჭდილია პოემაში. განსაკუთრებით საყურადღებოა სააღდგომო დღესასწაულის დამოწმება. ხვარაზმშაჰის ძის ინდოეთში მიღების თაობაზე ტარიელი გვიამბობს (552, 1-2):

 

"მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა,

მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა, არს აღვსებისა."

 

აღვსება ძველი ქართულით ეწოდებოდა აღდგომას, ქრისტიანობის უმთავრეს საუფლო დღესასწაულს. ტარიელის სიტყვით, სასიძოს შესახვედრად ინდოეთში ისეთი ზეიმი მოუწყვიათ, აღდგომის დღესასწაულს მოგაგონებდათო (აღდგომის დღესასწაულს ჰგავდაო). პოემით ტარიელი იყო მუსლიმანი (“ვეფხისტყაოსანში” სიუჟეტურად აწერილია მუსლიმანური სამყაროს ამბები, ამის შესაბამისად პოემის პერსონაჟები არიან მუსლიმანები), მაგრამ რუსთველმა თავის გმირს ჩაუსახა ქრისტიანული წარმოდგენა. ეს დეტალი ჩვენ გვანიშნებს “ვეფხისტყაოსნის” ავტორის ეროვნულ-სარწმუნოებრივ მიდრეკილებას.

ამის გამო მშვენივრად ამბობს ვახტანგი: “აღვსება აღდგომა არის და ქართველის კაცის გულისათვის უთქვამსო” (“თარგმანი ვეფხისტყაოსნისა”). რუსთველმა მართლაც უნებლიეთ გაგვიმჟღავნა ქართველი კაცის სარწმუნოებრივი განწყობილება, თუმცა დიდებულმა პოეტმა სავსებით დაძლია კონფესიური სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი შეზღუდულობა, რითაც იმთავითვე დაიმსახურა ეკლესიურ-კლერიკალური საზოგადოების რისხვა.

საგულისხმოა, რომ რუსთველი ირონიულ დამოკიდებულებას იჩენს საქრისტიანო წარმოდგენების ზოგიერთი მხარისადმი. მაგალითად, პოეტს აფორიზმის სახით გამოუხატავს, როგორც ჩანს, გავრცელებული აზრი ჯოჯოხეთის სატანჯველის ქრთამით თავდაღწევის შესახებ (764. 4):

 

"თქმულა: ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს."

 

რუსთველს არ გამოპარვია სამღვდელოთა წრეებში ფართოდ ფეხმოკიდებული მექრთამეობა. პოეტი დაეჭვებული ყოფილა ქრისტიანული მოძღვრებით აღიარებული საიმქვეყნო ზღვევის მიუდგომელ სამართლიანობაში. რუსთველის ღმერთს რამდენადმე განყენებული თვისებები ახასიათებს. ოღონდ იგი არის მონოთეისტურად დასახული კეთილი შემოქმედი ძალა. “ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?” – კითხულობს რუსთველი (113, 4). ანდა: “ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს” (1492, 2).

 

რუსთველის ღმერთი მიჩნეულია “შემწედ ყოვლთა მიწიერთად” (792, 2), იგი ადამიანთა მფარველ-მოამაგეა. თუ სოფელი “ძვირია”, სამაგიეროდ “ნუ გეშის, ღმერთი უხვია” (931, 3). თუ სოფელმა უმუხთლა ადამიანს და გაწირა, მას დამცველად და შემწედ მოევლინება კეთილი ღმერთი. ეს აზრი მკაფიოდ არის გამოხატული “ვეფხისტყაოსნის” ცნობილი სტროფით (951):

 

"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა.

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა."

 

“კაცსა ღმერთი არ გასწირავსო”, ირწმუნება რუსთველი სხვაგან (1362, 4). თუმცა “ზოგჯერ მომცემია პატიჟთა” (809, 2). ლოცვის დროს რუსთველის გმირი ამ კეთილ ღმერთს სთხოვს დახმარებას თავის სამიჯნურო საქმეში, რადგანაც თურმე მიჯნურობა ღმერთმა დაბადა და იგი “აწესებს წესსა მისსა” (810). პოემა არ უარყოფს საიმქვეყნო სამყაროს არსებობას, პოემის გმირები ზოგჯერ ფიქრობენ საიქიო ცხოვრებაზე. თვითონ პოეტი პროლოგში სთხოვს ღვთაებას “ცოდვათა შემსუბუქებას” იქ (საიმქვეყნო ცხოვრებაში) “წასატანად”.

ამისდა მიუხედავად, მე-12 საუკუნის ქართველი პოეტი სწორედ ამქვეყნიურ ცხოვრებას უმღერის, ადამიანის საამქვეყნო იდეალებს სახავს. რუსთველმა უკუაგდო ადამიანის გრძნობების ჩამხშობი და გონების გამყინავი საეკლესიო-აღმსარებლობითი დოქტრინა. რუსთველის ღმერთი ადამიანობისა და სიყვარულის ღმერთია.

“ვეფხისტყაოსანში” ვხვდებით ბედისწერის იდეის ელემენტებსაც. „ვეფხისტყაოსნის” გმირებს, მათ შორის წამყვან პერსონაჟებს, ზოგჯერ სწამთ ბედისწერა, თუმცა ეს რწმენა მათ არასოდეს არ ხდის ბედისწერის მონად. პირიქით, რუსთველის გმირები ებრძვიან ბედის მკაცრ განაჩენს, ებრძვიან და იმარჯვებენ კიდევაც. რუსთველის შესანიშნავი ფორმულაა: “ბედი, ცდა და გამარჯვება” (903, 4). პოეტს სჯერა, რომ ცდით, მოქმედებით, ბრძოლით სავსებით შესაძლებელია ბედის განაჩენის დაძლევა. რუსთველის თვალსაზრისით, ყოველი გამარჯვების, მათ შორის ბედისწერაზე გამარჯვების პირობა და საწინდარია აქტიური ბრძოლა.

„ვეფხისტყაოსნის” მთავარი გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი უდიდესი განსაცდელის დროს გამოსავალს ხედავდა გონიერ მოქმედებაში და გადაჭრით აცხადებდა (1191,2): ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა. აქტიური მოქმედების წყალობით ნესტანმა საბოლოოდ მართლაც სძლია მტერს და სანეტარო გამარჯვება მოიპოვა. ამრიგად, ბედისწერის აღიარება „ვეფხისტყაოსნის” გმირებს ნებისყოფას კი არ უდუნებს, სულიერად კი არ აძაბუნებს მათ, არამედ ამხნევებს, უძლიერებს ბრძოლის წყურვილს, აქეზებს მოქმედებისათვის.

რუსთველი გმობს ფატალისტურ მცონარეობასა და მჭვრეტელობას. რუსთველის საყვარელი პერსონაჟები მებრძოლი, გმირული სულის პატრონი, აქტიური საწყისის გამომხატველი სახეებია. ამ მებრძოლი, შეუპოვარი, გმირული სულის წყალობით მათ შემუსრეს ბოროტების ბჭენი და ქვეყნიერებაზე დაამყარეს სამართლიანობა და სიკეთე.

„ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, უშრომლად, გაურჯელად, უბრძოლველად შეუძლებელია წარმატების მოპოვება, შეუძლებელია ნაყოფის მოსთვლა, “ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან” (877,4) და “მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად” (162,3). გაურჯელად მიღწეულ გამარჯვებას სიტკბოს ძალა აკლია, რადგანაც ნამდვილი სიტკბოს მშობელი არის სიმწარეო (“ტკბილსა მწარე ჰპოვებს”). ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდენ სიტურფეს ფასი ეკარგება (“ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად” (878, 4). პოემა თავიდან ბოლომდის გამსჭვალულია ბრძოლის სულისკვეთებით. რუსთველის თვალსაზრისით, გამარჯვების სიამტკბილე მაშინ უფრო იგრძნობა, თუ მისი მიღწევა დაკავშირებულია ჭირსა და ბრძოლასთან: “მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა” (1533, 4). ეს დებულება პოეტს ჩამოყალიბებული აქვს განმაზოგადებელი აფორიზმის სახითაც: “ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი” (1637,4). ანდა: “მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?” (879, 2).

„ვეფხისტყაოსნის” გმირებმა აურაცხელი ჭირი იგემეს, დიადი განსაცდელი გადალახეს ცხოვრების გზაზე, ბევრი მძიმე ბრძოლა გადაიხადეს, მაგრამ საბოლოოდ დაძლიეს დაუძლეველი და ბრწყინვალე გამარჯვების ნაყოფით დატკბნენ. „ვეფხისტყაოსანი” არის სამართლიანი ბრძოლისა და სახელოვანი გამარჯვების ჰიმნი.

საქრისტიანო დოგმების საპირისპიროდ რუსთველის მოძღვრებით, სიცოცხლე უმაღლესი სიკეთეა, პოეტი გადაჭრით აცხადებს (743, 3): მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს. სევდიან განწყობილებაზე მყოფ თავის გმირს რუსთველი მაინც ალაპარაკებს (727, 1-2): კვლა იტყვის: გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება. რუსთველი გატაცებით უმღერის საზოგადოებრივად სასარგებლო ადამიანის ლამაზ სიცოცხლეს, სამაგიეროდ დაუზოგავად კიცხავს და გმობს სიცოცხლეს “ნაზრახსა” და “აუგიანს”.

რუსთველი ბრძნული სიმშვიდით აფასებს სიკვდილს, როგორც ბუნების მკაცრსა და გარდაუვალ კანონზომიერ მოვლენას. სწორედ ეს გარემოება გამხდარა წყარო ვაჟკაცური, ოპტიმისტური სულით გამსჭვალული უკვდავი აფორიზმისა (800): ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.

რუსთველის ღმერთი გონიერების სათავეა. პოემის მიხედვით, სიბრძნე და გონება მიჩნეულია სამიჯნურო “ზნეობის” თვისებათა სანორმო მხარედ. რუსთველი თავის გმირებს უქებს გონიერ მოქმედებას და უგნურ მოქმედებას უძრახავს. ავთანდილის პირით პოეტი ამბობს (215, 3-4): ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს. ტარიელი კვერს უკრავს თავისი გონიერი ძმადნაფიცის ბრძნულ შეგონებას (904,2): გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს. სხვა ადგილას ტარიელი ამბობს (347, 3): “ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა”. გონების პრიმატს აღიარებს ნესტანი. სწორედ ნესტანს ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები (1191, 4): რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა.

„ვეფხისტყაოსნის” გმირებისათვის გონების ქება არ არის ცარიელი სიტყვები, ისინი იმარჯვებენ მიზანშეწონილი გონივრული მოქმედების წყალობით. რუსთველის წარმოდგენით, გონება გაუთიშავია ადამიანის არსის სხვა მხარეებისაგან. გონიერება, ცნობიერება და მგრძნობელობა ერთიანი ჰარმონიული მთლიანობაა, უერთმანეთოდ ფუჭი და უნაყოფო. “გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიანო” — ალაპარაკებს პოეტი ასმათს (848, 1). ამიტომაც თინათინის მშვენიერებამ, მაგალითად, “მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული” (33,3). საღი და გამჭრიახი გონება ადამიანმა უნდა გამოიყენოს პრაქტიკულ საქმიანობაში, თორემ “არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არიხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?” (902, 3-4).

„ვეფხისტყაოსნის” წამყვანი გმირის ტარიელისათვის ზოგჯერ ბრალი დაუდვიათ, გონივრულად ვერ იქცეოდა, გაშმაგდა, ველად გაიჭრა, უდაბურ ქვაბებში დაესახლაო. ჯერ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით “გაჭრა ხელია მიჯნურთა” (784, 3), ე. ი. გაჭრა მიჯნურობის დამახასიათებელი სპეციფიკური თვისებაა. ამიტომაც ტარიელისათვის სრულიად ბუნებრივი იყო ველად გაჭრა. ავთანდილი არწმუნებდა შერმადინს (784,1-2):

 

"თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად.

არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?"

 

მინდორ-ველად იწრთობოდა გაჭრილი მიჯნურის მიჯნურული ინტენსივობის ძალა და დათმენის უნარი. რუსთველის პოეტიკით ხომ ნამდვილი მიჯნურობის დამახასიათებელია “შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა” (27, 3). რუსთველი არც იმას მალავს, რომ (915, 3-4):

 

"მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს."

 

გასწავლული და ბრძენი ტარიელი ერთგვარად დასნეულდა მიჯნურული შმაგობით (“მიჯნური შმაგსა გვიქვიან..” 22,1). ამ შემთხვევისათვის რუსთველს მომარჯვებული აქვს ბრძნული აფორიზმი (662):

 

"რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,

მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,

მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:

სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი."

 

ტარიელის მიჯნურულმა სნებამ შეაპირობა “აქიმი” ავთანდილის მოღვაწეობა. დიდმა სიყვარულმა გამოიწვია დიდი მეგობრობა. ტარიელის ველად გაჭრა ბუნებრივი და აუცილებელი რგოლია “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტისა. ამის გარეშე დაირღვეოდა “ვეფხისტყაოსნის” მშვენიერი არქიტექტონიკა. ტარიელი რომ ველად არ გაჭრილიყო, მისი ტრაგიკული სახე რომ როსტევანსა და ავთანდილს არ შეემჩნიათ, მაშინ მოტივურად აუხსნელი იქნებოდა როსტევანის “დაღრეჯა”, თინათინის მხრით ავთანდილის გამოწვევა “უცხო მოყმის” მოსაძებნად, ავთანდილის ძმური თავგამოდება...

ტარიელის ველად გაჭრა ნაგულისხმევია და გამართლებულია “ვეფხისტყაოსნის” იდეური შინაარსითა და სიუჟეტური წყობით. საერთოდ უამეპიზოდოდ (ტარიელის ველად გაჭრის გარეშე) ჩვენ ვერ მივიღებდით რუსთველის “ვეფხისტყაოსანს”, მხატვრული ასპექტით ვერ გავეცნობოდით რუსთველის მოძღვრებას მიჯნურობასა და მეგობრობაზე.

მეორე მხრით, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტარიელის გაჭრას არაფერი საერთო არ აქვს არც სოფლისგან გაცლის ასკეტიკურ მორალთან და არც სალოსურ წანწალთან. ტარიელი ველად გაიჭრა სწორედ სიცოცხლის უზომოდ სიყვარულისა და მიჯნურული ურვის მოწოლის გამო. მიჯნურული შმაგობის მიუხედავად ტარიელს არასოდეს დაუკარგავს ადამიანური ცნობიერება და განსჯის უნარი, გონიერი ადამიანის სახე (როგორც ეს მოუვიდა, მაგალითად, ნიზამი განჯელის მაჯნუნს).

უაღრესად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ტარიელმა (ლომ-ვეფხის მოკვლის შემდეგ) განსაცვიფრებელი გონიერება და სიბრძნე გამოამჟღავნა: ძმადნაფიცის საყვედურს (“ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ”, - 876, 1) მან ბრძნულად მოუჭრა პასუხი.

რუსთველი თავისი პოემით ამტკიცებს, რომ მშვენიერია “უთვალავი ფერით” შემკობილი ქვეყანა, რომ ეს მშვენიერი ამქვეყნიური სამყარო შექმნილია ადამიანთა კეთილდღეობისთვის, ადამიანებმა სწორედ ამ ქვეყანაზე უნდა დაამყარონ საამური, ბედნიერი ცხოვრება, რომ სიცოცხლე დიდი სიკეთეა, დიდი ბედნიერება.

“ვეფხისტყაოსანი” ნამდვილი გამოწვევა იყო ეკლესიურ-კონსერვატიული საზოგადოების მიმართ. რუსთველმა “ჩაახშო შუა საუკუნეების ბნელეთის მოციქულთა კაცთმოძულე ღრიანცელი და იმღერა მგზნებარე სიმღერა ადამიანზე, თავისუფლების, სიყვარულისა და ბედნიერების უფლებებზე” (გაზეთი «Правда»).

რუსთველმა შექმნა ცოცხალ პერსონაჟთა ინდივიდუალიზებული სახეები, რომელთა მოქმედება სრულიადაც არ არის შეზღუდული ან განსაზღვრული ღვთაებრივი განჩინებით, ან ბედისწერით. “ვეფხისტყაოსნის” გმირების მოქმედებას წარმართავს მათი თავისუფალი ნების ძალა. პოემის ზოგიერთი გმირი უპირატესად გულისთქმას მიჰყვება (მაგალითად, ტარიელი), ზოგიც გონებრივი განსჯის კარნახით ხელმძღვანელობს (მაგალითად, ავთანდილი), მაგრამ სამოქმედო გეზის არჩევისათვის ხსნილია მათი ნებელობა.

რუსთველის ინდივიდუალიზებული სახეები ატარებენ ზოგადობის, ტიპიურობის ნიშანდობლივ თვისებებს. როგორც დიდი ლენინი გვასწავლის, კერძო არ არსებობს ზოგადის გარეშე, ხოლო ზოგადი არ წარმოიდგინება კერძოსაგან მოწყვეტილად. მაგალითად, თუმცა ტარიელი გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე სახეა, იგი გარკვეულ თვისებათა მატარებელი მოყმე - რაინდის ტიპია. ტარიელის სახე-ტიპი განსხვავდება ავთანდილის სახე-ტიპისაგან, ისე როგორც ნესტანი განსხვავდება თინათინისაგან, ფარსადანი – როსტევანისაგან. რუსთველი აღწევს მოვლენათა და პერსონაჟთა ტიპოლოგიური განზოგადების სიმაღლეს.

რუსთველმა წამოაყენა გონების კულტი, მაგრამ მან გონება გრძნობას არ დაუპირისპირა, გონება და გრძნობა ერთიანობასა და მთლიანობაში წარმოიდგინა. რუსთველმა იქადაგა გრძნობისა და ნებისყოფის თავისუფლება. მხურვალე ქებათაქება უძღვნა ჭკუასა და სიბრძნეს (“ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა”).

ჰუმანისტურად ხატავს რუსთველი ადამიანთათვის შექმნილსა და უთვალავი ფერებით ლამაზად შემკობილ მატერიალურ სამყაროს: ბუნებას, “ტურფა საბაღნაროს”. ჰუმანისტურია რუსთველის მოძღვრება ზნეობაზე და მისი ეთიკური იდეალები, ჰუმანისტურია რუსთველის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი. ჰუმანისტურად წყვეტს პოეტი ქალთა საკითხს. ჰუმანისტურად აისახა “ვეფხისტყაოსანში” ძმადნაფიცობა, ხალხთა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული. ჰუმანისტურია სიყვარულის ის სახეობა, რომლის წარმტაც ჰიმნს წარმოადგენს პოემა “ვეფხისტყაოსანი”.

ჰუმანისტურად უდგება რუსთველი ენის საკითხს. ამის საბუთია პოეტის მხრით ენის ხალხურობისაკენ მიდრეკილება, საეკლესიო-სქოლასტიკური სამწიგნობრო ნორმების უარყოფა და ხალხის სამეტყველო-სასაუბრო ენის სალიტერატურო ენასთან დაახლოება.

რუსთველის ჰუმანიზმთან დაკავშირებით არ შეიძლება არ მოვიგონოთ დასავლეთ ევროპის ერთი თანამედროვე პროგრესისტი მოაზროვნრის სიტყვები ჩვენი პოეტისა და ადრეული ევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენლების – დანტესა და პეტრარკას შესახებ: “როგორც დანტეს, ისე პეტრარკას ნაწარმოებნი აღსავსეა ბედნიერებისა ანდა “სინათლის” იდეალისადმი წადილით. ამავე დროს ორივეს ერთი და იგივე ამოსავალი თვალსაზრისი ჰქონდა – ნეოპლატონურმისტიკური იდეა. სინათლის აღმავალი საფეხურების შესაბამისად დანტე თავისი იდეალის სრულყოფას ხედავდა მხოლოდ ზებუნებრივ სამყაროში. პეტრარკაც აგრეთვე დარჩა ზეციური სინათლის ტყვე, თუმცა ის უფრო იყო რეალისტი, ვიდრე დანტე.

რუსთველი, პირიქით, რჩება დედამიწაზე. ის ამაღლებულ სიმღერას უგალობს მიწიერ სიყვარულს, ის უარყოფს სიყვარულის პლატონურ ფორმას. მას დედამიწაზე მოაქვს სინათლე, იბრძვის სიკეთისა და სინათლის ტრიუმფისათვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში”.

მართლაცდა, როგორც ცნობილია, ახალი პოეტური სიტყვის საყოველთაოდ აღიარებულმა ტიტანმა, იტალიელმა დანტემ (1265–1321) თავი ვერ დააღწია შუასაუკუნეობრივი პოეზიის ტრადიციებს. ამიტომაც ფრიდრიხ ენგელსი მას უწოდებდა...

უწოდებდა “შუა საუკუნეების უკანასკნელ მგოსანს და ამასთან ერთად ახალი დროის პირველ მგოსანს”. დანტეს მგზნებარე, მებრძოლი პოეზია (პირველ რიგში უკვდავი “ღვთაებრივი კომედია”) გარკვევით ატარებს კათოლიკური აღმსარებლობის დაღს, დანტე აგრძელებდა სიმბოლოებისა და ალეგორიების შუასაუკუნეობრივი პოეზიის მანერებს. ბუნებრივსა და რეალურ ნიადაგზე აღმოცენებული დანტეს სიყვარული ბეატრიჩესადმი საბოლოოდ გაეხვია მისტიკურ საბურველში, ბეატრიჩეს სახე “ღვთაებრივ კომედიაში” წარმოადგენს თეოლოგიის სიმბოლოს. მისტიციზმი ვერ დასძლია და სარწმუნოებრივი, კათოლიკურ-კონფესიური თვალსაზრისი ვერ გადალახა ვერც ადრეული რენესანსის მეორე დიდმა მწერალმა პეტრარკამ.

შოთა რუსთველის მთელი შემოქმედება ჰუმანისტური მსოფლმხედველობის ნიადაგზეა გაშლილი. აღნიშნულის გამო შეიძლება რუსთველი ვაღიაროთ თავისებური ადრეული რენესანსის (ქართული რენესანსის) წარმომადგენელ პოეტ-მოაზროვნედ. რუსთველმა რამდენიმე საუკუნით ადრე გამოამჟღავნა ის სულიერი განწყობილებანი და გამოხატა ის იდეური მიდრეკილებანი, რაც ჩვეულებრივად ითვლება ევროპული რენესანსის დამახასიათებელ თვისებებად.

“ვეფხისტყაოსანი” შუა საუკუნეების მხატვრული ნაწარმოებია. ამისდა მიუხედავად, რუსთველი შეგნებულად გაურბის თავისი დროის მწერლობისათვის დამახასიათებელ მოჭარბებულ ფანტასტიკურობასა და ზღაპრულობას. პოეტი ძლიერ იშვიათად შორდება ობიექტურად არსებული რეალური სამყაროსა და მისი სინამდვილის ფარგლებს. ცხადლივ ზღაპრული ელემენტები “ვეფხისტყაოსანში” მეტად მცირეა. აქ ნამდვილად ზღაპრულია მხოლოდ დევებისა და ქაჯების ამბები, აგრეთვე ფატმანის გრძნეული მონის ამბავი. ოღონდ ქაჯნი რუსთველს რეალური ადამიანების სახით ჰყავს დახატული. როგორც ცნობილია, გაოცებული ავთანდილის შეკითხვაზე ქაჯთა ბუნების შესახებ, ფატმანი მშვიდად უპასუხებს: “არ ქაჯნია, კაცნიაო... ჩვენებრვე ხორციელანი”.


ასე რომ, ფანტასტიკურ ამბებისა და ფანტასტიკურ არსებათა აღწერის პირობებშიც რუსთველი დგას რეალისტურ პოზიციებზე. პოეტი ზოგჯერ აუცნაურებს და აზვიადებს ამა თუ იმ მოვლენას, მაგალითად, თავისი საყვარელი გმირების ფიზიკურსა და მორალურ ძალ-ღონეს, მათს გარეგნულ სილამაზეს. ამისათვის იგი ხშირად მიმართავს ჰიპერბოლის ხერხს. რუსთველი თავისუფალ გასაქანს აძლევს თავის მდიდარსა და ლაღ ფანტაზიას, მაგრამ მისი მხატვრული აზროვნება მაინც ყოველთვის სინამდვილეს, რეალისტურ საფუძვლებს ემყარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთგვარად რეალისტურია რუსთველის მხატვრული ასახვის მეთოდი.


რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რეალიზმზე, როგორც გარკვეული კონკრეტულ-ისტორიული ეპოქის ლიტერატურულ-შემოქმედებითს მეთოდზე ან ლიტერატურულ მიმართულებაზე. მაგრამ რამდენადაც რეალისტური მსოფლშეგრძნების ჩასახვას ჩვეულებრივ უკავშირებენ ევროპული აღორძინების (რენესანსის) პერიოდს, ხოლო რუსთველი მკაფიოდ გამოხატავს რენესანსულ განწყობილებებს, ჩვენ თამამად შეგვიძლია რუსთველი პირველ რეალისტად ჩავთვალოთ (ნიზამი განჯელთან ერთად) მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

 

* * * * * * *

ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen