ნეტავი მაცოდინა, ჩვენი მოდგმა სულ უკან-უკან რად დაფოფხავს თავისი დღე და მოსწრებაო, - საგონებელს მიეცა ერთხელ პატარა კიბო, - არა, მე ეგრე აღარ ვივლი, ჩვენები რომ დადიან. კუდი შემახმეს, თუ ბაყაყივით სკუპ-სკუპი არ ვისწავლოო.
თქმა და ქმნა ერთი იყო. ჩაძვრა ხევში და ქვებს შუა უჩუმრად მოჰყვა ფეხების ქნევას, ეგება მალე გავიწაფოო.
მტერს, იმას პირველად დღე დაადგა! ხან რას წამოედო, ხან რას მიენარცხა. ათ ფეხს გაქნევ-გამოქნევა არ უნდოდა! ერთმანეთში აეხლართ-დაეხლართა: უკანას წინა ფეხზე იდგამდა, მარჯვენას - მარცხენაზე, წამდაუწუმ ყირამალა გადადიოდა, მთელი ჯავშან-ბაკანი დაეკაწრა და ჩაეჭეჭყა, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიდა. დღე არ იყო, არ ევარჯიშა, და მონდომებას აბა წინ რა დაუდგება!
მალე ის დღეც დადგა, როცა პატარა კიბომ უკვე გაბედა, რაც არის-არის, მოდი ჩვენებს ვუჩვენებ, როგორ უნდა ნამდვილი სიარულიო. მთელმა ოჯახმა ერთად რომ მოიყარა თავი, აი, მაშინ შესძახა, აბა, მიცქირეთო, და უნდა გენახათ, რა ყოჩაღად ჩაურბინა ცხვირწინ! უკან-უკან ფოფხვით კი არა, ბაყაყივით ხტუნვა-სკუპით ჩაურბინა.
ამის დამნახველ დედა-კიბოს ცრემლი წასკდა:
- გონს მოდი, შვილო! მამაშენს არ უვლია ეგრე და დედაშენს, შენ რა ღმერთი გაგიწყრა. იარე, როგორც ჩვენ დავდივართ, როგორც შენი საყვარელი და-ძმანი დადიან!
საყვარელი დები და ძმები კი მასხარად იგდებდნენ, ემანჭებოდნენ.
მამა-კიბო ჯერ კარგა ხანს ხმას არ იღებდა, ჩუმად უბღვეროდა, მერე ერთბაშად დაუტია:
- აი, შე ლაწირაკო, შენა! აქ ყოფნა თუ გინდა, კიბო ხარ და კიბოსავით იარე! თუ არა და - ხევი დიდია, საითაც გინდა, იქით წადი. ოღონდ უკან აღარ მობრუნდე.
პატარა კიბოს ძალიან უყვარდა დედაც და მამაც, მაგრამ თან ისე სჯეროდა თავისი სიმართლე, ერთი წუთითაც არ შეყოყმანებულა, წავიდე თუ არაო. ჯერ დედას გადაეხვია, მერე მამას ჩამოართვა მარწუხა ფეხი, დებსა და ძმებს თავი დაუქნია - კარგად იყავითო, და გზას გაუდგა.
აბა, რაღა თქმა უნდა, სხვა კიბოებივით უკან-უკან ფოფხვა არც უფიქრია, პირდაპირ დაადო თავი და წავიდა. ხევის ბოლოში ერთი გადაშლილი დუმფარის ძირას ბაყაყებს ქოჩი შეეკრათ და "ყუა-ყუას" იძახდნენ. წაღმა მიმავალი კიბო რომ დაინახეს, კინაღამ თვალები წამოსცვივდათ.
- ვაი დედა! - შეიყიყინა რომელიღაც ბაყაყმა. - ნამდვილად ქვეყანა იქცევა!
შეხედეთ ერთი, ამ კიბოს შეხედეთ! ხედავთ? კიდევ არა გჯერათ, ქვეყანა იქცევა-მეთქი!
- სულ აღარა აქვთ უფროსების პატივისცემა, - კვერი დაუკრა მეორემ.
- ერიჰაა! - ჩაიყიყინა მესამემ.პატარა კიბო კი აინუნშიაც არ აგდებდა იმათ ყიყინს და გაკვერილი მიდიოდა.
უცებ რაღაცა ხმა შემოესმა. უკან მიიხედა, ნეტავი ვინ უნდა იყოსო, და რასა ხედავს: იქვე ლოდთან ცხრად მოკაკული ბებერი კიბო დგას და თავპირი ჩამოსტირის, იტყვი, სული ამოსდისო.
- გამარჯობათ, კიბო ძია, - მიესალმა კიბოს წიწილი.
ბებერმა კიბომ ნაღვლიანად შეავლო თვალი და ამოიოხრა:
- ახლა რაღას აპირებ? შენ რომ იცოდე, ჩემს ახალგაზრდობაში მეც ბევრი ვეცადე, კიბოებს წინ სიარულს ვასწავლი-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. აი, ხომ მიყურებ, რა დღეში ჩავიგდე თავი. გამინაპირეს, ბაიყუშივით მარტოდმარტო დავდივარ. ხმის გამცემიც არავინა მყავს. ყური დამიგდე. სანამ დროა, მიბრუნდი და შენც ისე იცხოვრე, როგორც სხვები ცხოვრობენ. ბოლოს ალბათ მადლობას მეტყვი.
პატარა კიბოს ხმა არ ამოუღია, არ იცოდა, რა ეპასუხა. გულში კი ისევ თავისას ფიქრობდა: "არა, მე მართალი ვარ".
ცოტა ხანს კიდევ იდგა, მერე თავაზიანად დაუკრა თავი ბებერ კიბოს, გამოემშვიდობა და გზას გულმხიარული გაუყვა.
ნეტავი სადამდე ივლის? ვითომ აისრულებს საწადელს? რაც ამ ქვეყანაზე უბედურებაა, ცოტას მაინც თუ უშველის? არ ვიცი, წინასწარ რამის თქმა ძნელია. ან კი რა უნდა ვთქვა, როცა ჯერ კიდევ გზაშია. ერთი კია - წინ ისევ მკვირცხლად მიდის და თავისი სიმართლისაც ისევე სჯერა, როგორც იმ პირველ დღეს სჯეროდა.
მაშ, მოდი, წინ მიმავალ ჩვენს პატარა კიბოს ერთად ვუსურვოთ გზა მშვიდობისა.
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


