დავით გურამიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მონუმენტური ფიგურაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ვინ შეედრება მას ამ მხრივ? მონღოლთა ეპოქის ისტორიკოსი, ჟამთააღმწერლად წოდებული? იგი დიდი მჭევრმეტყველებით, დიდი ზნეობრივი პათოსით ლაპარაკობს ქართველი ერის ტრაგიკულ ბედზე მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეში, მაგრამ არაფერს გვამცნობს თავის პირად ცხოვრებაზე; და ჩვენ არ ვიცით, რამდენად დაკავშირებული იყო მისი პირადი ბიოგრაფია ერის ბიოგრაფიას.
სულხან-საბა ორბელიანი? როგორც მხატვარი და როგორც მოაზროვნე, ისიც იმავე სიმაღლეზე დგას, როგორც დავით გურამიშვილი, მაგრამ თავისი არაკების წიგნში ადამიანის ცხოვრებას ის ფილოსოფიურად მოაზროვნე გონების მწვერვალიდან უცქერის, საიდანაც ნაციონალური ზღუდეები იჩქმალება ან სრულიად ჰქრება და ბოროტება და სიკეთე ერთმანეთს უპირდაპირდებიან როგორც ზოგადი ადამიანური, ზეისტორიული კატეგორიები. დიდად ტრაგიკული პიროვნებანი იყვნენ თეიმურაზ პირველი და ვახტანგ მეექვსე, მაგრამ მათ პოეტური ძალა არ ეყოთ თავიანთი თავის და თავიანთი ეპოქის ტრაგედია მხატვრულად დასრულებული ეპოსის ფორმებში გადმოეცათ.
რა წარმოადგენს დავით გურამიშვილის შთაგონების წყაროს? სრულიად არ შეიძლება ითქვას, რომ ის მწიგნობრული შთაგონების პოეტი იყოს, რომ ის რომელიმე ლიტერატურული ტრადიციის ან, მით უმეტეს, რომელიმე ლიტერატურული სკოლის ტყვეობაში იმყოფებოდეს. განთავისუფლდა რა სპარსული ეპოსის და ლირიკის არტახებისაგან, „ჰენრიადის“, „მესიადის“ და „როსიადის“ ავტორების ეპიგონი არ გამხდარა: ის ჭეშმარიტად ორიგინალური და ნაციონალური პოეტი დარჩა, როგორიც ბევრი არ ყოფილა არც მის წინ, არც მის შემდეგ.
გურამიშვილი კარგად იცნობს „ქართლის ცხოვრებას“, ბიბლიას, განსაკუთრებით დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნსა, სოლომონ მეფის იგავებსა და ეკლეზიასტეს; კარგად იცნობს აგრეთვე ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებს, აპოკრიფებს, ბოლოს ხალხური პოეზიის ნიმუშებს; მაგრამ მისი პოეტური შთაგონების მთავარი წყარო მაინც მისი პირადი განცდილი ამბები და მისი თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების სინამდვილეა. ამ სინამდვილეს პოეტი პირდაპირ უცქერის და არაფერი შეედრება მის მიუკერძებლობას, მის ვაჟკაცობას მისი დროის ხელისუფალთა დახატვაში და ზნეობრივ გასამართლებაში.
მე თუ გინდა თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
შეადარეთ გურამიშვილის მიერ დახატული ისტორიული პირების და მაღალი საზოგადოების სურათი იმ სურათებს, რომლებსაც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ქართველი პოეტები და მემატიანეები იძლევიან და თქვენ დაინახავთ, რა მიუწვდომლად მაღლა დგას ის მათთან შედარებით, როგორც ადამიანი და როგორც მწერალი. ყველა ეს ფეშანგი ფაშვიბერტყაძეები, იასე ტლაშაძეები, ფარსადან გორგიჯანიძეები, სეხნია ჩხეიძეები, ომან ხერხეულიძეები და სხვები ფერმკრთალნი ჩანან მის გვერდით: ისინი ხშირად ენის ბორძიკით ლაპარაკობენ და ძალიან ადვილად ჰკარგავენ გზას გაცვეთილ ალეგორიებში, უსარგებლო დეტალებსა ან არაფრის მთქმელ მაღალფარდოვან ფრაზეოლოგიაში.
კომპოზიციის გრძნობის სისუსტე მათ ხელს უშლის გაარჩიონ, რა არის მთავარი და რა არის მეორეხარისხოვანი მათ მიერ აწერილ ამბებში. პირიქით, გურამიშვილი თავისუფალია ემპირიული მოვლენების ტყვეობისაგან, ის ჰქმნის ჰარმონიულ პოეტურ სამყაროს, რომლის გვერდით მისი თანამედროვეების პოემები და ქრონიკები ხშირად, ცოტა არ იყოს, ქაოტურ შთაბეჭდილებას ახდენდა.
„დავითიანი“ ისტორიული შემეცნების წყაროსაც წარმოადგენს. პოეტი ძუნწ, მაგრამ ნათელ და სწორ ცნობებს იძლევა თავისი დროის ქართლ-კახეთის, ერანის და რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პოეტი ძალიან რელიეფურად ჰხატავს შაჰ თამაზსა და ნადირ შაჰს, პეტრე პირველსა, ვახტანგ მეექვსესა და ბაქარს, კონსტანტინე მეფესა და იესეს. ის მათ მორალურადაც აფასებს. ქართლელების და კახელების შუღლი, რომელიც მასში, როგორც ქართველ პატრიოტში, აღშფოთებას იწვევს, მის თანამედროვეს იესე ტლაშაძეს თავის პოემაში „კათალიკოს-ბაქარიანში“ ისე აქვს აწერილი თითქო საქმე უცხო ერებს ეხებოდეს:
ქართველთა დასჭრეს თავები თუშთა, კახთა და თათრისა,
მოართვეს ვახტანგს, შეიქნა მდივნისგან წერა დავთრისა,
ეს მე მოვჭერო, ეს ამან, აღარვის ჰქონდა ხათრისა,
მტერი დაჩაგრეს, გალაღდნენ, აწ ეშინიათ მათ რისა?
თუ გურამიშვილი სხვებს არ ინდობს, არც თავის თავის დაფასებაშია ლმობიერი. მრავალ ადგილას თავის წიგნში ის ძალიან იაფად აფასებს თავის პოეტურ ნიჭს. ამტკიცებს, შემთხვევით გავერიე მერანთ ჯოგში და ძლივს მივჯაგჯაგებ მათ უკანაო. ნაკლებ პოეტურად მიაჩნია თავისი გარეგნობაც, განსაკუთრებით სიბერეში, როდესაც მას თითქოს გულ-მკერდი ნახშირივით გაშავებია, თავი გამელოტებია, პირისახე ჩირივით დასჭკნობია, ხოლო ჩიჩვირი დაღმა დაშვებია.
ძნელი მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი ადამიანები თავის თავის მოტრფიალე ნარცისებს დაინდობდა რომელიმე დარგში; და, მართლაც ეტყობა, მას ყველაზე მეტად ეჯავრებოდა ადამიანები, რომელნიც არასოდეს არ იღლებიან თავიანთი თავის გუნდრუკის კმევაში:
ერთს კიდევ გეტყვი იგავსა, თქვენგნით დამერთვის თუ ნება,
ზოგს კაცსა საკმლად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნება.
* * * * * * *
თავის წინამორბედებთაგან დავით გურამიშვილი ყველაზე მეტად შოთა რუსთაველს აფასებს და მას საქმის ვითარება ისე აქვს წარმოდგენილი, თითქოს „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის შემდეგ ქართული პოეზიის ვენახი განიძარცვა და „დავითიანის“ ავტორს მხოლოდ ნამცვრევი ერგო წილად. მაგრამ თუ გურამიშვილი, პოეტური ფორმის სრულყოფის თვალსაზრისით, მართლაც რუსთაველის მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს, ისიც უნდა ითქვას, რომ მათი მსოფლმხედველობა რამდენიმედ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობა უაღრესად ფილოსოფიური და ესთეტიკურია, ის თავისი გმირების მოქმედებას, უწინარეს ყოვლისა, მშვენიერების თვალსაზრისით აფასებს. როგორც ტარიელის და ნესტან-დარეჯანის, ისე ავთანდილის და ფატმანის ყოფაქცევაში დღევანდელ მკითხველს ბევრი რამ მორალურად უმართებულოდ ეჩვენება. ამას გარდა პოეტი არაფერს გვიმხელს, თუ როგორ აფასებს ის ზნეობრივად თავისდროინდელ საზოგადოებას, რომელიც არსებითად ძალიან მღელვარე იყო: რუსთაველი მოწმე უნდა ყოფილიყო დემნა ბატონიშვილის აჯანყებისა გიორგი მესამის წინააღმდეგ, მისი დამარცხებისა, თვალების დათხრისა და დასაჭურისებისა, ორბელთა შემუსვრისა, გიორგი რუსის გაძევებისა და მის მიერ მოწყობილი ორი დიდი აჯანყებისა თამარ მეფის წინააღმდეგ, ბოლოს, შეიძლება, იმ პოლიტიკური და ზნეობრივი დეგრადაციისა, რომელიც ლაშა-გიორგისა და რუსუდან დედოფლის დროს დაიწყო.
ამ მეთორმეტე საუკუნის პარნასელის წინააღმდეგ დავით გურამიშვილი ძალიან ვნებიანი რეალისტია და ის ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით უდგება თავის დროის საზოგადოებას. მას არასოდეს არ ავიწყდება ქრისტიანობის პირქუში პარნასი - გოლგოთა და იქ დაღვრილი სისხლი. მას არასოდეს არ სტოვებს შეცოდების და ნაცვალგების შეგნება. მაგალითად, როდესაც კიუსტრინის ბრძოლის დროს თავისი ცხენითურთ ლაფში ეფლობა, მას ეჩვენება, ცოდვის მორევში ჩავიფალიო. როგორც მისი „გოდებიდან“ ჩანს, ვაჟკაცობის ასაკში ის ვიღაც ლამაზი ქალის მიჯნური გამხდარა; ამას ჭკუაზე შეცდომად, მცნების გარდახდომად სთვლის: როგორც ვიგემე, ეგრეთ ვიგვემეო, ამბობს ის. მას მუდამ თან სდევს სიკვდილის აჩრდილი მჭლეტანიანი კაცის სახით; მას მუდამ ჯოჯოხეთი ემუქრება.
მაგრამ არის ერთი მეტისმეტად მნიშვნელოვანი პუნქტი, სადაც დავით გურამიშვილის მსოფლმხედველობა ვიწროდ უკავშირდება შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას: ესაა მზის კულტის აღიარება. რაზეც უნდა ლაპარაკობდეს დავით გურამიშვილი - სამშობლოზე, სატრფოზე, ქრისტეზე, მას მუდამ სინათლის დასაბამი - მზე, მზეთა-მზე ახსენდება; და „დავითიანის“ მკითხველი ხშირად გაოცებული ეკითხება თავის თავს: ვისთან აქვს მას საქმე, დოგმატიკური ქრისტიანობის თუ სოლარული მონოთეიზმის აღმსარებელთან.
მეორე პუნქტი, სადაც გურამიშვილი შოთა რუსთაველს რამდენიმედ უახლოვდება, ქალ-ვაჟის სიყვარული იდეალისტური გაგებაა. გურამიშვილის „ზუბოვკა“ უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული ლექსია ქართულ ლიტერატურაში. ეს ლექსი იმდენად ორიგინალურია, რომ მის პარალელურ მოვლენას ამაოდ მოვძებნიდით მსოფლიო ხელოვნების შედევრებს შორის. როდესაც ევროპელი პოეტები და მხატვრები, შუა საუკუნეებში იქნებოდა ეს თუ ახალ ეპოქაში, საყვარელი ქალის გაღმერთებას ახდენდნენ, მას ხშირად ღვთისმშობელს უკავშირებდნენ. დავით გურამიშვილის შეგნებაში შავთვალწარბა, შავხალიანი, გათხოვილი უკრაინელი ქალის კონკრეტული სახე თანდათან რელიგიურ იდეაში გადადის და ქრისტეს წარმოდგენას უკავშირდება. რაა საერთო ლამაზ ახალგაზრდა ქალსა და განკაცებულ ღვთაებას შორის? პლატონი ამტკიცებდა, მშვენიერება სიკეთის გრძნობადი გამოვლინებააო. შეიძლება ეს აზრი უცნობი არ იყო გურამიშვილისათვის.
შეიძლებოდა თუ არა ასეთი ადამიანი გულგრილად მოპყრობოდა თავისი დროის ქართველ საზოგადოებას, რომელმაც თავისი წინაპრებისაგან მრავალ სათნოებასთან ერთად მრავალი მანკი მიიღო მემკვიდრეობით, ხოლო კიდევ უფრო მეტი უცხო დამპყრობლებისაგან შეიძინა? ის ჰკიცხავს ქართლის და კახეთის მეფეებს, რომელნიც ერთმანეთს ექიშპებიან და უგუნურად ყურს უგდებენ უსინდისო დამსმენლებს, არისტოკრატიას, რომელიც ლეკებსა და ოსმალებს იწვევს შინაური უთანხმოების გადასაჭრელად, გულგადედლებულ მხედრობას, ანგარებით დაავადებულ ბერებს, რომელნიც დიპლომატიური მისიის შესასრულებლად არიან მოწოდებულნი, ნამდვილად კი მხოლოდ ინტრიგების ქსელის გაბმასა, ზურგიელით გაძღომასა და ატენური ღვინით დათრობაზე ოცნებობენ.
არის რაღაც ბიბლიური გურამიშვილის გოდებაში მშობელი ერის დამხობის გამო; ასე მხოლოდ ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები დასტიროდნენ ისრაელის ბედს. ამ გოდებაში სამშობლოს სიყვარული რელიგიურ, მეტაფიზიკურ სიმაღლეზეა აყვანილი. ემპირიული საქართველოს უკან ის სხვა უფრო რეალურ საქართველოს სჭვრეტს. საქართველო წარმოდგენილია როგორც უღრუბლო ქვეყანა, მზეთა-მზით განათებული, ხოლო ქართველი ერი „როგორც სარკის მზის შუქით ციალი“. ამ თავის ნამდვილ სამშობლოს ის ესაუბრება უცხოეთიდან, ის მზადაა მას საფლავიდან, საფლავის უღრმესი უფსკრულიდან, თვით ჯოჯოხეთიდან ესაუბროს:
გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,
ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო.
ადვილი გასაგებია, რომ ასეთი ბუნების ადამიანი არ შეიძლებოდა დენაციონალიზაციის პროცესს დამორჩილებოდა. ბავშვობის უძლიერესი შთაბეჭდილებანი მან ქართლის სოფელში მიიღო. ჭაბუკი იყო, როდესაც ლეკებმა დაატყვევეს და დაღესტანში გაიტაცეს. თავის დატყვევების და გაქცევის ამბავი მას მოთხრობილი აქვს სტრიქონებში, რომელნიც არავითარ შეფასებას არ საჭიროებენ არც ესთეტიკის, არც ეთიკის თვალსაზრისით; მათზე უკეთესი ჩვენს დედაენაში არაფერი დაწერილა ათას ხუთასი წლის მანძილზე.
ეს სტრიქონები გაოცებასთან ერთად ყოველთვის მხნეობას იწვევდნენ და მომავალშიც გამოიწვევენ ქართველი მკითხველების ერთიმეორის მომდევნო თაობებში. ჯერ რუსეთში, შემდეგ განსაკუთრებით უკრაინაში მან მეორე სამშობლო იპოვა, თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან უცხოეთში გაატარა. ამისდა მიუხედავად ნაციონალური პოეტი დარჩა, უფრო ნაციონალური, ვიდრე ბევრი სხვა პოეტი, რომელიც მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში სამშობლოს საზღვრებს არ გასცილებია. ის ამბობს, მე უბედური ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო იყო უბედურიო. ამით თითქოს მომავალ თაობებს უანდერძებს სამშობლოს ბედნიერებაზე იზრუნონ, თუ უნდათ ბედნიერი იყვნენ პირადად.
ეს შეიძლება კიდევ იმდენად გასაკვირველი არ იყოს. უფრო გასაკვირველია ის, რომ მან ასე ცხოვლად შეინარჩუნა ცხოვრების პირველი შთაბეჭდილებანი და სიბერეში ისე ლაპარაკობს თავის სამშობლოზე, თითქო მას უშუალოდ ხედავს ახალგაზრდული თვალებით; გასაოცარია მისი ცოდნა ქართული სოფლის ცხოვრებისა, ქართული მიწათმოქმედებისა, სამეურნეო იარაღებისა, ქართული სახალხო პოეზიისა; გასაოცარია მისი ლექსიკონის სიმდიდრე, მისი სინტაქსის სისწორე და ქართული ენის სტიქიონის შეგრძნება. გასაოცარია, რა ახლო დგას მისი ენა ხალხურ მეტყველებასთან, თვით მისი ქრისტე ისე ლაპარაკობს, თითქო ბეთლემსა და ნაზარეთში კი არ იყოს დაბადებული და აღზრდილი, არამედ ქართლ-კახეთში, სადღაც საგურამოს მახლობლად.
ქართულ ლექსს ასეთი რეფორმატორი არ ჰყოლია შოთა რუსთაველის შემდეგ. მისი მეტყველება აფორისტულია, მისი სტილი ლაპიდალური და ენერგიული; მას არაჩვეულებრივად მდიდარი მეტაფორული ინვენტარი აქვს. ხშირად იყენებს შინაგან რითმასა და ალიტერაციას. აშკარად ჩანს, რომ ახალგაზრდობაში დიდი გულისყურით უსმენია ქართული ხალხური ლექსი და სიმღერა, ხოლო მომწიფებისა და სიბერის ასაკში დიდად დაინტერესებულა რუსულ-უკრაინული პოეტური და მუსიკალური ფოლკლორით. ყოველივე ამას ხელი შეუწყვია მისი ლექსი მოქნილი, რითმულად მდიდარი და კეთილხმოვანი გამდარიყო.
მაგრამ ცნობილია, რომ ვერავითარი ხალხური გუნდი, ვერავითარი მუსიკალური სკოლა ვერ უშველის ადამიანს, რომელსაც სმენა დახშული აქვს. თუ ანტონ კათალიკოსის და ტრედიაკოვსკის ეპოქაში, როდესაც ქართველი და რუსი პოეტები მკითხველებს თითქოს ათფუთიან რკინის ზოდებს ურტყამდნენ თავში, გურამიშვილის ლექსი ასე მსუბუქად და თავისუფლად გაისმოდა, ეს იმით აიხსნებოდა, რომ თვით მას ემღერებოდა; ემღერებოდა როგორც სიჭაბუკის ასაკში, ისე ღრმა სიბერეში, როდესაც ცალთვალა რაფსოდი გახდა, მაგრამ დაუბერებელი გული შეინარჩუნა.
სიბრძნე უდროოდ კაცს არ აბერებს,
თუ გული მთლად აქვს, კიდეც ამღერებს.
მისი პასტორალი „ქაცვია მწყემსი“ ანუ „მხიარული ზაფხული“ ნაწილობრივ ქართული ხალხური პოეზიითა შთაგონებული, ხოლო ნაწილობრივ, როგორც ჩანს, რუსულ-უკრაინულით. ესაა საუცხოო იდილია, ოდნავ გაჭიანურებული, მაგრამ შესანიშნავი ქალ-ვაჟის ფსიქოლოგიური დახასიათებისა, პეიზაჟის ასახვისა და ყოფაცხოვრების რეალისტურად გადმოცემის თვალსაზრისით.
ხალხური მეტყველება, ხალხური ხუმრობა და ენაწყლიანობა მას მომხიბვლელს ხდის. ავტორი ალაგ-ალაგ ძალიან თამამ გამოთქმებს ხმარობს; არ ერიდება, საგნებს მათი სახელი უწოდოს. პოემაში ორი მთავარი ეპიზოდია გადმოცემული. ესაა ორი თაობის ქალ-ვაჟის ამბავი: პირველში ქალი ცდილობს ვაჟი შეაცდინოს. მეორეში ვაჟი აცდენს ქალს. „ქაცვია მწყემსის“ მორალი ძალიან მარტივიცაა და ძალიან ძველიც: ადამიანს ბედნიერებას მხოლოდ ცოლქმრული სიყვარული ანიჭებს, ყოველი სხვაგვარი სიყვარული ეშმაკისგანაა.
მაგრამ თუ გავიხსენებთ ამ ჟანრის ყველაზე სახელგანთქმულ ნაწარმოებებს, თეოკრიტეს და მოსხუსის იდილიებს, ლონგუსის „დაფნისს და ქლოეს“, ტორკვატო ტასოს „ამინტას“, დავრწმუნდებით, რომ თუმცა გურამიშვილი თავის პასტორალში მათ სიმაღლეზე ვერ ადის, მაგრამ იძლევა მათ ქართულ ვარიანტს, პატარა შედევრს, სადაც სისხლსავსე ქართველი გლეხკაცები იდილიური ქართული ტყე-ველების ფონზე არიან დახატული და სადაც ტლანქ სურათებს პოეტური ოცნებანი ენაცვლებიან.
არის რაღაც წარმართული ბუნების გაღვიძების შეგრძნობაში, როგორც ის „მხიარულ ზაფხულშია“ გადმოცემული: თითქოს თხის რქებიანი და თხის ჩლიქებიანი პანი იღვიძებს გაზაფხულის გამარჯვებასთან ერთად, შეზარხოშებული დიონისეს და ნიმფების ფერხულში ებმება და ყოველ სულიერ არსებას მოუწოდებს თავისი ტოლი იპოვოს და თვისი ცოლი დანერბოს.
* * * * * * *
„ქართლის ჭირი“ ყველაზე პირქუში წიგნია ქართულ ლიტერატურაში. მისი მთავარი გმირი ქართველი ერია, რომელიც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში თითქო თავისი ისტორიული ტრაგედიის მეხუთე აქტს აღწევს. მეორე მისი გმირი თვით დავით გურამიშვილია, რომელიც სისხლით და ოფლით მორწყმულ გზას გადის ლამისყანიდან თერგის ნაპირამდე, იქიდან ჯერ მოსკოვში გადადის, ხოლო შემდეგ მირგოროდში. ბოლოს, ღრმად ტრ
ტრაგიკული ფიგურაა ვახტანგ მეექვსე: ის მსხვერპლია შინაური შუღლისა, თავისი უმცროსი ძმის იესეს მსგავსი ადამიანების ინტრიგებისა, მძლავრი აგრესორების შემოტევისა, რუსეთის პოლიტიკის ცვალებადობისა. გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს ვახტანგის ცხოვრების დასასრულის აღწერა, მისი ასტრახანში დარჩენა ათიოდ მსახურით, გამოთხოვება ქართველ ემიგრანტებთან, ბოლოს, სიკვდილი.
მაგრამ დავით გურამიშვილს თავისი პირადი და თავისი სამშობლოს ტრაგედია განცალკევებულად არ აქვს წარმოდგენილი; ესაა თითქო ერთი ეპიზოდი კაცობრიობის ტრაგედიისა. დავით გურამიშვილი ერთგვარ ეთიკურ დუალიზმს აღიარებს: ის ფიქრობს, რომ კაცობრიობის ისტორია არსებითად სიკეთისა და ბოროტების ორთა ბრძოლას წარმოადგენს, სინათლეს სიბნელე სცვლის; სატანა ებრძვის ღმერთს, მან თავდაპირველად გაიმარჯვა; აქედან წარმოსდგა ადამიანის პირველშობილი შეცოდება. ადამმა ხელშეკრულება დასდო სატანასთან და მას სული დაუგირავა:
ადამ მიუთხრა სატანას, თუ რამ იცოდეო,
ევასა სტკივა მუცელი, წამლად დანადეო.
სატანამ უთხრა, მაგისი ჩემზე მააგდეო.
მე შენ რაც გთხოვო სახსრადა, იმას მომცემდეო:
გული გირაოდ მომეც და ამას დასწერდეო,
თავით, ცოლითა, შვილითა ნათესავამდეო.
ადამ მიუგო, ეგრეთ ვყო, ვით შენ ითხოვდეო;
მიჰყიდა სული, ჩავარდა ჯოჯოხეთამდეო.
თუ ქართველი ხალხი ცოდვილი და უბედურია, ეს იმიტომ, რომ, მთელი კაცობრიობაა ცოდვილი და უბედური; საქართველოს ხსნა შეიძლება მხოლოდ მთელს მსოფლიოს ხსნასთან ერთად. ხოლო კაცობრიობის ხსნის საწინდარს წარმოადგენს სინათლის ღმერთის, ქრისტეს მზეთა-მზის საბოლოო გამარჯვება ბნელეთის ძალებზე. მოხდება ადამიანის ზნეობრივი განახლება და ფიზიკური გაახალგაზრდავება, მისი განკაცება, მისი ღვთაებასთან დაახლოება. ამრიგად „დავითიანი“, რომელიც ღრმად ტრაგიკული და პესიმისტური ჩანს თავის ცალკეულ ნაწილებში, მთლიანად სიკეთის გამარჯვების რწმენითაა გაერთიანებული.
ეს რწმენა დაკავშირებულია, ერთი მხრით, ქრისტიანული გამოხსნის იდეასთან, ხოლო მეორე მხრით, რაციონალისტურ მსოფლმხედველობასთან. ქრისტემ თავის ჯვარცმით და ჯოჯოხეთის წარტყვევნით ადამიანი იხსნა პირველშობილი ცოდვილისაგან; ის ეუბნება ადამიანს:
საფლავით აღვსდეგ, სიკვდილით სიკვდილი ვთურგნეო,
ჯოჯოხეთშიგან სატანა რისხვით მივბნიდეო...
თუ გულმხურვალედ ეს ბოდიში შენ მოიხადეო,
მერმე შენი განსვენება ჩემზე მააგდეო,
თუ ვითარ გაგაყმაწვილო, აღარ დაბერდეო,
არა გაქვნდეს რა საჯავრო, სულ იხარებდეო.
მაგრამ გურამიშვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, გონების კულტის და განათლების ეპოქაში, როდესაც ვოლტერმა და ენციკლოპედისტებმა ქრისტიანული დოგმების წინააღმდეგ გამანადგურებელი იერიშები მიიტანეს. მირიან ბატონიშვილის ძმისწულებიდან ერთი მონტესკიეს მთარგმნელი იყო, მეორე ლოკის და კონდილაკის ფილოსოფიის მცოდნე და ნაწილობრივ მიმდევარი. ქართველ ემიგრანტებს შორის, რომელთაც გურამიშვილი ხვდებოდა და მიწერ-მოწერას აწარმოებდა, უეჭველია დეისტებიც იქნებოდნენ და თავისუფალი მოაზროვნეებიც; ხოლო მათ შორის ფრანკ-მასონების არსებობას მოწმობს დიმიტრი სააკაძის ნახევრად სახუმარო ლექსი, მიწერილი დიმიტრი ბაგრატიონისადმი:
თქვენი მოგვესმა, პატრონო, შეჰქმნილხართ ფარმაზონია,
ზოგთა ჰსთქვეს, „არის მართალი“ , და ზოგთა არა ჰგონია,
ხრისტეს უარის მყოფლობა მე თქვენგან არა მგონია,
თუ მართალია, მოიქეც, სხვა მეტი არა ღონია.
თუმცა დავით გურამიშვილი არსად მეთვრამეტე საუკუნის გამანათლებლებს და ენციკლოპედისტებს არ ასახელებს, მაგრამ დამახასიათებელია, რომ ის იმოწმებს მათ შორეულ წინაპარს, ბერძენ ფილოსოფოსს ეპიკურს, როგორც გონების აპოლოგეტს, როგორც ვნებათაღელვის დათრგუნვის მქადაგებელს! და შეუძლებელიცაა დავით გურამიშვილს, მოსკოვსა და უკრაინაში გატარებული ხანგრძლივი წლების განმავლობაში, ევროპელი გამანათლებლების არსებობა და მათი ძირითადი იდეები არ ცოდნოდა. მას არ შეეძლო არ შეესუნთქა ის ჯანსაღი და გამახალისებელი ჰაერი, რომელსაც მოწინავე თაობები ისუნთქავდნენ პარიზიდან დაწყებული მოსკოვსა და თბილისამდე.
და როდესაც გურამიშვილი თავის დიდაქტიკურ ლექსებში გონების, განათლების, თავდაჭერილობის, სულიერი მხნეობის აპოლოგიას იძლევა, ცხადი ხდება, რომ ის არ იყო ვიწრო დოგმატურ სალტეებში მოქცეული ადამიანი, რომ ქრისტიანული მორალი მას ფართო ჰუმანისტური თვალსაზრისით ჰქონდა გაგებული. ის ცდილობდა თავისი ზნეობრივი შეხედულებები ყველაზე პროგრესულ ფილოსოფიურ აზროვნებასთან დაეკავშირებინა.


