ერთ ზაფხულს ალისა ზღვაზე წაიყვანეს, და ისე მოეწონა, წყლიდან აღარ ამოდიოდა.
- გეყოფა, ამოდი, შვილო, ალისა! - გასძახებდა ხოლმე დედამისი.
- ახლავე, ახლავე! უკვე ამოვდივარ, - ხმას გააგონებდა ალისა.
ამოსვლის მაგივრად კი ფიქრობდა: ფეხსაც არ ამოვადგამ, სულ წყალში ვიჯდები, სანამ ფარფლები არ გამომივა და თევზად არ გადავიქცევიო.
დაწოლის წინ ყოველ საღამოს სარკესთან იდგა და მხრებს ისინჯავდა - უკვე ხომ არ გამომივიდა ფარფლებიო, ანდა ტანზე ხელს ისვამდა - ქერცლი ამაჩნდა თუ არაო. მაგრამ არც ფარფლებისა ეტყობოდა რამე და არც ქერცლისა. ხანდახან ქვიშა თუ მოხვდებოდა ხელში. ისიც მაშინ, როცა დაეზარებოდა ხოლმე და შხაპს წესიერად არ გადაივლებდა.
ერთხელაც დილაადრიან მივიდა ზღვასთან და პატარა ბიჭი დაინახა. ის ბიჭი ზღვის ზღარბებს, საჭმელ მოლუსკებსა და კოკორინა ჩიტებს აგროვებდა. მეთევზის შვილი იყო და ზღვის ასავალ-დასავალში თავისი ხუთი თითივით ერკვეოდა.
- აბა, თუ იცი, თევზად როგორ უნდა გადაიქცე? - შეეკითხა ალისა.
- მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, - უპასუხა ბიჭმა. - თუ გინდა, ახლავე გადავიქცევი.
ცხვირსახოცში გამოკრული ზღვის ნადავლი ქვაზე დადო და წყალში გადაეშვა.
გავიდა ერთი წუთი, ორი, სამი, ბიჭი კი არა ჩანდა. ცოტა ხნის მერე ბიჭის მაგივრად წყლიდან დელფინმა ამოყო თავი და იქვე ზედ ალისას ფეხებთან აკუნტრუშდა, აჭ-ყუმპალავდა, ხან თავდაყირა დგებოდა, ხანაც მალაყს გადადიოდა, სულ ააქაფა მთელი წყალი, მაგრამ ალისას ოდნავი შიშიც არ უგრძნია.
თამაშით გული რომ იჯერა, დელფინმა კუდი მოხდენილად გააქნ-გამოაქნია და ზღვაში მიიმალა. დელფინის ადგილას კი ის ბიჭი ამოვიდა.
- აი ხედავ, რა ადვილია? - ღიმილით უთხრა ბიჭმა.
- ვხედავ, - უპასუხა ალისამ. - ოღონდ მე ალბათ არ გამომივა.
- რა იცი, სცადე.
ალისამ წყალში ტყაპანი მოადინა და ძირ-ძირ წავიდა. ერთი სული ჰქონდა - თევზად თუ არა, ჩვეულებრივ ზღვის ვარსკვლავად მაინც ვიქცეო. მაგრამ ვარსკვლავად იქცა კი არა, ნიჟარაში ამოყო თავი. იმ ოხერს სწორედ მაშინ მოუნდა დამთქნარება. როგორც კი ალისას მოლუსკის ფაფასავით რბილ ტანზე მოუხვდა ფეხი, ნიჟარა იმწუთას პირივით მოიკუმა და ეს შენი მოწონებული გოგოც თავის ლამაზ ოცნებიანად შიგ მოიქცია.
ვაიმე, რა უბედურ დღეში ჩავვარდიო, გაიფიქრა ალისამ, მაგრამ წყალქვეშ ისე გრილოდა, ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, ნიჟარაში კი არა, ერთბაშად წალკოტში წარმოიდგინა თავი. ამოსვლა აღარ უნდოდა - რა კარგი ყოფილა, ნეტავი სულ აქ მამყოფა, ძველად აკი ალებიც წყალში ცხოვრობდნენო...
ამის ფიქრში იყო, და ალისამ უცაბედად ამოიოხრა, დედა მოაგონდა: ალბათ ჯერ ისევ ლოგინში ვგონივარო. მერე მამა დაუდგა თვალწინ - დღეს აუცილებლად ჩამოვა ქალაქიდან, შაბათიაო.
"არა, მარტოებს ვერ დავტოვებ,» - ფიქრობდა ალისა. - მერე როგორ ვუყვარვარ! წავალ, რაც არის-არის, დავბრუნდები დედამიწაზე".
გაიჭიფხა დახვლიკული გოგო, ჯერ ხელებით მიაწვა, მერე ფეხებიც მიაშველა, როგორც იყო, გასწი-გამოსწია ნიჟარა და ამოძვრა. ცოტა იცურა თუ ბევრი იცურა, მალე გაღვრეჭილი ამოტივტივდა და პირველი, რაც იყო, მეთევზის ის პატარა ბიჭი დაინახა: ხტუნვა-ხტუნვით მირბოდა ნაპირიდან უკვე კარგა მოშორებით.
ალისამაც მოკურცხლა შინისაკენ და არასოდეს არავისთვის არ უთქვამს, რაც ზღვის ნიჟარაში შეემთხვა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


