კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:23

ყური დამიგდე, ალისა-ქარისას ამბავი უნდა მოგიყვე. ქარისას რატომ ვამბობ?

რატომ ვამბობ და ქარივით გოგო იყო, პატარა, დახვლიკული. წარამარა ეცემოდა, იჩეხებოდა. ერთხელ პაპას ბაღში უნდა წაეყვანა და ძებნა დაუწყო:

- ალისა! სადა ხარ, ალისა?

- აქა ვარ, პაპა.

- სად აქა?

- საათში.

მართლა საათში იყო, მაღვიძარა საათიდან დაუძახა, აქა ვარო.

საათს უკან რომ პატარა ჭუჭრუტანა აქვს, თავი შიგ შეეყო, მოდი ერთი ვნახო, დღედაღამ რა აწიკწიკებსო. შეეყო და სანამ დაიყვირებდა, მიშველეთო, კბილანებსა და ზამბარებს შუა ჩავარდნილიყო.

ხტოდა საწყალი კბილანიდან კბილანაზე, იქნებ გადავრჩე, ბორბლებმა არ ჩამიტანონო. საათის მიხლართულ-მოხლართული მოწყობილობა კი უფრო იქოქებოდა ამ ხტომა-ხტომაში და, მე შენ გეტყვი, ენა დაეღლებოდა, წიკწიკებდა და წიკწიკებდა.

მეორედ კი პაპა პურის საჭმელად ეძებდა ალისას.

- სადა ხარ, შვილო ალისა?

- აქ ვარ, პაპა.

- სად აქა?

- ბოთლში ვარ, ვერა მხედავ?

- მანდ რა გინდა, შვილო?

- წყალი უნდა დამელია, თავი ჩავყავ და ჩავყირავდი!

ბოთლში კარგა ბლომად იდგა წყალი. უნდა გენახა, რა დღეში იყო, რანაირად აფართხალებდა საცოდავი გოგო ხელებსა და ფეხებს, არ დავიხრჩოო. კიდევ კარგი, შარშან ზაფხულს სპერლონგაში რომ წაიყვანეს, ცოტა ბაყაყური მაინც ისწავლა.

დაიცა, შვილო, ახლავე ამოგიყვანო, უთხრა პაპამ და ბოთლში ბაწარი ჩაუშვა.

ალისა ყოჩაღად ამოჰყვა ბაწარს და ამოვიდა ბოთლიდან. აი, სწორედ მაშინ მიხვდა, რა სასარგებლოც ყოფილა ტანვარჯიშის მიყოლა.

ერთხელ კი მართლა დაიკარგა ალისა. პაპაც ეძებდა, ბებიაც ეძებდა, მერე ის მეზობლის ქალიც წავიდა საძებნელად, ყოველდღე პაპას ნაყიდ გაზეთს რომ კითხულობდა და ამით ორმოც ლირას ზოგავდა.

- ღმერთო, რა გვეშველება! - ჩურჩულებდა შეშინებული ბებია. - რა უნდა ვქნათ, თუ ვერ ვიპოვნეთ და სამუშაოდან მაგის დედ-მამამ მოგვისწრო.

- ალისა ალისა სადა ხარ, ალისა?

უყვიროდნენ, ეძახდნენ, მაგრამ არსაიდან ალისას ხმა არ ისმოდა. ან რა ხმა უნდა გაეცა, როცა ძახილი არც ეყურებოდა? თურმე სამზარეულოში რომ დაცუნცულებდა, თავისი მჩხრეკელი ცხვირი იმ უჯრაშიც ჩაეყო, სადაც სუფრებსა და ხელსაწმენდებს ინახავდნენ. ჩაეყო და, ამას რაღა ტარჭრელი კოვზები უნდა, თან გადაჰყოლოდა კიდეც.

რაკი თავი რბილად იგრძნო, ხელად ჩასძინებოდა. ამასობაში ვიღაცას უჯ-რა მიეწია. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ შიგ ალისა იყო? როცა გაიღვიძა, დაინახა, რომ

ირგვლივ უკუნეთი იდგა. მაგრამ, შენაც არ მომიკვდე, იმას არ შეშინებია. ადრე წყალსადენის მილში რომ ჩავარდა, აი იქ ბნელოდა, თუ ბნელოდა.

"მალე ალბათ ივახშმებენ. - ფიქრობდა ალისა. - სუფრის წასაღებად მოვლენ და მეც მიპოვნიან".

მაგრამ აბა ვახშმის დარდი ვიღასა ჰქონდა, როცა ალისა ჯერაც არსად ჩანდა?

ვახშამი კი არა, თავი აღარ ახსოვდათ. საღამოთი ალისას დედა და მამა სამუშაოდან მოვიდნენ და, უნდა გენახა, რა დღე დააყენეს პაპასა და ბებიას. ბავშვი დაგვიკარგეთ, თქვენ რა პაპა და ბებია ხართო.

არა, ჩვენი შვილები წყალსადენის მილებში არა ცვიოდნენო, სიტყვას უტრიზავებდნენ პაპა და ბებია, ჩვენს დროს ბავშვი დიდი-დიდი საწოლიდან გადმოვარდნილიყო და შუბლზე კოპი დასჯდომოდაო.

ალისას კი ამასობაში ლოდინით გული გადაელია. გაღრღნა სუფრები და ხელსაწმენდები, როგორც იყო, უჯრის ძირამდე დავიდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, პაკაპუკი დაიწყო.

"პაკ! პუკ! პაკ! პუკ!"

- სსს! - თქვა მამამ. - მგონი, სადღაც აკაკუნებენ.

ალისამ კი უფრო მოუმატა:

"პაკ-პუკ! პაკ-პუკ! პაკ-პუკ!"

უჯრიდან რომ ამოიყვანეს, ლამის ხვევნითა და კოცნით დაახრჩეს. ახლა ალისას არ იკითხავ, რა ქნა? ბარემ ჯიბესთან ახლოსა ვარო, ისკუპა და მამის პიჯაკის ჯიბეში ჩაყირავდა. იქიდან რომ ამოჰყავდათ, იმდენი ებღაუჭა კალმისტარს, სულ მელნით მოითხუპნა მთელი თავ-პირი.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen