მე ჩამოვქნი ნაზ სანთლებს,
შენს სახვეწრად ასანთებს.
ავანთებ და მუხლმოყრით,
ცხარე ცრემლთა გადმოყრით.
შევახვეწებ შენს სახელს
წმინდა ნინოს მკრთალ სახეს.
და ვლოცულობ: „იყავი,
ვით ლამაზი იგავი,
მარად დაუვიწყარი,
მარად გაურიყავი
და, როგორც ეს სანთელი,
მოლიცლიცე კუთხეში,
ენთოს ჩემი სახელიც,
შენს სასმენად უხეში.
ნათელ ხელში გეჭიროს
მოციმციმე ცვილები,
სანთლები შეგეწიროს
ჩემი ჩამოქნილები“.


