კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 10:08

 

აკვნიდან ქართულ ნანას ისმენდი,

ამ ხმებმა თითქოს სხვისთვის იდინა,

რა სიყვარული შეგხვდა ისეთი,

თვით სამშობლო რომ გაგაყიდინა.


ანდა ელინთა ჩვენ რა გვემართა,

არც მხდალნი ვიყავთ, არც უწარსულო,

რა დაგემართა, რა დაგემართა,

კოლხეთის მეფის ბრძენო ასულო.


გახსოვს, რა მორჭმით იყავ მარები,

მკურნალად ექმენ სნეულთ, უპოვართ,

ღალატის გველმა შენს გულს კარები

როგორ შეხსნა და როგორ უპოვა.


სად გაქრა შენი კდემა-სინაზე,

მიჭირს, მომხდარი რომ გავიაზრო,

რა დაჰკარგვოდათ ქართულ მიწაზე

იმ არგონავტებს, ანდა იაზონს.


ეგ გული სიბრძნით რად არ დადინჯდა,

რად ცოდვილ ვნებას ასე დაება,

როგორ მიუგდე უცხოთ საჯიჯგნად

ერის ღირსება და უკვდავება.


ფაზისთან დღეს სხვა ქარები ქრიან,

შაშვიც სისხამზე ისევ იტირებს,

ღალატზე მეტი ღალატი ჰქვია,

შენივ სისხლ-ხორცით თუ გაიწირე.


შენს ქებად ხმობდნენ ჩანგი, ებანი,

შეგტრფოდა ერი ლაღს და იღბლიანს,

იცის უფალმა, თუმცა მებრალვი,

შენდობა მაინც არ შემიძლია.


რადგან ჯერ ისევ მეწვის იარა,

გული ჯავრისგან გახლეჩას ლამობს,

მე ვტირი, მაგრამ შენთვის კი არა,

შვილნაღალატევ კოლხეთის გამო.


განა რა გრძნებით შეგკრა მავანმა,

რომ შენი ჰგმე და სხვის ღმერთს უფერე,

რომ ჰელიოსის შთამომავალმა

მამულს უმზეო დღე გაუთენე.


ნუთუ ამგვარად უნდა გვვნებოდი,

ასე ვით ეყმე სურვილებს სხვისას,

შენ თვითონ უნდა აჰფარებოდი

კოლხეთისაკენ მომართულ ისარს.


ვაი, დამხობილ ტაძრებს, პალატებს,

ვაი, დაქცეულ ბჭეს და კერიას,

სამშობლოს ორგულს და მოღალატეს

შენდობა არსად არ უწერია.


თოვლს წვიმა ცვლიდა, ავდარს - მზედარი,

დრო - ჟამმა თავის წესზე იბრუნა

და მთელი შენი ნამოქმედარი

მისხლობრივ შენვე შემოგიბრუნა.


თუმცა შეგფიცეს და მოგიწონეს,

უმალ განქარდა შენი დიდება,

რადგან მამულის ტოლ საპირწონედ

პინაზე არც რა არ დაიდება.


წყევად შემორჩი აქაც და იქაც,

ახლაც არ ვიცი, დრო რას გიპირებს,

მე ვერც შენდობით წაგიქცევ ჭიქას

და ვერც ქართულად ვერ დაგიტირებ.


რადგან სამკვიდრო, რომ ჰგავდა ედემს,

მოსპე, დალეწე ზეცა ბროლებად

და ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ,

იმ ღალატს როგორ მიეტოლება.


ჩადის წარსულის მზე დაწურული,

კოლხეთს კვლავ ბევრჯერ უწვიმ-უთოვებს

და თრთის ზღვის ტალღა, როგორც კულული,

სახსოვრად დედას რომ დაუტოვე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen