|
ჩემი ცხოვრება არაა მშვიდი, - გზა ეკლიანი აღმართზე მიდის, ცის ნაპრალივით მოჩანს შორიდან უფსკრულის თავზე გაბმული ხიდი.
მიწის სიცილს რომ მოჰგავდა მაღლით, და სადღაც, მზიან ბურუსში ბრწყინავს დაუვიწყარი ფრესკა და თაღი.
ულამაზესი ეჭვი და ელდა; სიზმრებიც მახსოვს: ვარსკვლავით ხელში მზის სიახლოვეს ვიდექი შენთან.
ხელებს მიწვდიდა სამოთხის ქარი და ყვავილოვან კედლის ბზარებში ენთო სიცილი ქარვის და ლალის.
და თბილი სუსხი ბუნების სიბრძნის. ბუნების სიბრძნე, რაც წლები გადის, უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის.
და ეს სამეფო ეძახის მგზავრებს. შორს მწვერვალია... იქაურ წყაროს ასი მგზავრიდან ერთი თუ დალევს.
გზა აღმართიდან აღმართზე მიდის, ცის ნაპრალივით მოჩანს შორიდან უფსკრულის თავზე გაბმული ხიდი.
აკიაფდება სვეტები ბროლის და გაზაფხულებს კვლავაც მოჰყვება თავდავიწყების ექო და თქორი...
გზა - დედამიწის და სივრცის შვილი, აგვამაღლებენ მელოდიები სკის ჰაერივით სუფთა და თბილი.
და ეს სამეფო ეძახის მგზავრებს. შორს მწვერვალია... იქაურ წყაროს ასი მგზავრიდან ერთი თუ დალევს.
ბედნიერი ხარ და მაღლა იწევ, ჩვენი თვალებით და მზით გამთბარი საოცრებაზე მეტია სივრცე! |


