|
(სურათი ლადო ასათიანის ცხოვრებიდან)
სიბერისაგან მთლად ხელუხლები და მარად სიკვდილმიუკარები, იდგნენ ნაძვები, გრძელი მუხლებით, მწვანე თმებით და ღია თვალებით.
ხიბლავდნენ მიწას, ხიბლავდნენ ცასაც, იტყოდი: ირგვლივ სიცოცხლე მღერის, სიცოცხლე მღერის პოეტის მსგავსად.
დადის და ფიქრობს, ფიქრობს და დადის. თურმე დღეს მწვავედ შეიგრძნო ლადომ, მოახლოვებულ სიკვდილის ლანდი.
ნაძვებს გაანდო თავისი სევდა: - ღმერთმა სიცოცხლე ნეტავ, რად მომცა, ასე უდროოდ თუ წამართმევდა?!
მაგრამ გულს მაინც იმედი მოსავს, ცოტა სიმწვანე და სიჭაბუკე, ცოტა სიცოცხლე აჩუქეთ მგოსანს.
- რატომ გაჩუმდით, არ მშველით, განა?! ნაძვმა დახარა მწვანე ხელები, უნდოდა მგოსნის ხელში აყვანა.
პოეტის დიდ გზას, დიდ სავალ მანძილს ბოლოს ასრულდა ვედრება მისი და ლექსებს შერჩათ სიმწვანე ნაძვის. |


