|
მე გამოვექეცი პატარა სოფელს და ახლა ვცხოვრობ დიდი ქალაქის დიდ სახლში, რომელსაც აქვს ბეტონის კუნთები და რკინის სახსრები, ქვიშის ხორკლიანი კანი და შუშის ცივი თვალები; აქ მარტვილობს ქალაქის ხმაურისაგან დაღლილი, ოთახის თეთრ თავისქალაში გამომწყვდეული ჩემი ტვინი; და ხშირად, ძალიან ხშირად, სოფლის სიმყუდროვეს დანატრებული ჩემი სული მიილტვის შორს, სულ მაღლა და მაღლა, ოცნების უკიდეგანო ოკეანეში, რომელშიაც არეკლილია ჩემი სოფლის მწვანე ბაღები და ჩიტების ჭიკჭიკი... ხოლო, როცა განცდებისაგან დავიქანცები და რიგრიგობით ჩაქრებიან ოცნების ცაზე ხსოვნის ვარსკვლავები, მე კვლავ ვუბრუნდები დიდი ქალაქის დიდ სახლს, რომელიც ნელ-ნელა ინელებს მის დაუნდობელ რკინის ყბაში გაჩხერილ ჩემს არსებას... |


