|
ზღაპარს ვიწყებ წითელი საოცარი ხარისას, ავი დედინაცვლისას, პირცეცხლიან ქალისას; წააქეზებს დიაცი, ბიჭის მამას გარეწარს, მამა შვილის დასაკლავად ჩუმად დანებს დალესავს, შენ ნუ შეგეშინდება, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ხარი იხსნის ბიჭუნას, რეგვენს ხრამში ჩალეწავს; უერთგულებს ძმასავით, განსაცდელში დაიცავს, მერე მისთვის მოკვდება, გულზე მოგვფენს კაეშანს... ზღაპარს ვყვები წითელი საოცარი ხარისას, სიკეთის ყვავილისას, ბოროტების ქარისას.
ცხრა მთას იქით იწყება, ცხრა ათასი წლის წინათ ეს ზღაპარი... საწყალი ქოხი მოჩანს გზის პირად; ბიჭის მამა ერდოზე წვერს აფხავებს ხანჯლისას, ლესავს, კვნესას ყურს უგდებს, ბიჭის დედინაცვლისას.
- ვკვდები! - კვნესის ყასიდად, ქმარს სიმარჯვეს უწუნებს. ლოგინიდან არიგებს: - კისრის ძარღვში დაჰკარო! სად ხარ, მორჩი, დაბდურო! რა ჰქენ, რით ვერ დაჰკალო?! -
მამა პირდაღრეჯილი, დანა-ხანჯლის მლესვარი; ეკითხება ბიჭი მამას: - მამა, შენსა მზესაო, რას უპირებ დაკვლას და დანებს რისთვის ლესავო?!
ერთი დედა მკვდარი გყავს, ესეც გახდა ავადო. მკითხავს უთქვამს: ქმარ-შვილი სიკვდილს გადაგარჩენსო, თუ წიქარას დაგიკლავს და მის გულ-ღვიძლს გაჭმევსო. სანამ დანებს დავლესავ, გავაფხავებ კარგადო, გასწი, ხარი არწყულე, რა ვქნა, უნდა დავკლათო...
ჩაიყვანა წყაროზე ხარი დასარწყულებლად; წყლისპირ ქვაზე ჩამოჯდა, ხარს გულმკვდარი გაჰყურებს, ტირის, ტირის ბეჩავი, თან წიქარას არწყულებს:
ძმავ და მეტო ძმაზედაც, შავ ვარსკვლავზე შობილო. შენ დაკვლას გიპირებენ, შენთვის დანებს ლესავენ, მითხარ, მე რა ვიღონო, რა ვქნა, შენი კვნესამე?! -
- კმარა, თავი აიღე, ეგ ცრემლის ღვრა გეყოფა! შენი დედინაცვალი ქაჯთან წილნაყარია, მამაშენიც საწყალი, მისგან ჭკვაზედ მწყრალია.
სწორედ შენ გიპირებენ და კიდევაც დაგკლავენ, მაგრამ მე გიერთგულებ, მე გიშველი ძმასავით, ოღონდ დაიმახსოვრე, რასაც ახლა გასწავლი:
ამოიღე საწყალი დედაშენის სკივრიდან - სავარცხელი ცისფერი, სასწაულს რომ გპირდება, ქვა-სალესი უბრალო, დოქით წყალიც გვჭირდება;
სალხინო და საჭირო - სკივრში წყვილად იდება... დანარჩენი ჩემზეა, მე ვიცოდე, ძამიკო! თუ არ გადაგარჩინო, მე წიქარა არ ვიყო! -
ამოიღო საწყალი დედამისის სკივრიდან: სავარცხელი ცისფერი, სასწაულს რომ ჰპირდება; ქვა-სალესი უბრალო, დოქით წყალიც სჭირდება;
ობოლს მათი შეწევნით ჭირი დაულხინდება... საღ-სალამათს გხედავო, შეჰბღავლა და იხარა, ბიჭი ზურგზე შეისვა და გაფრინდა წიქარა...
ერთი ქეჩოაშლილი ღორი ჰყავდა წყეული; რომ გაიგო წიქარას და ბიჭუნას გაქცევა, გადააჯდა წუპაკ ღორს, გადაწყვიტა დაწევა.
ბიჭს მიაფრენს წიქარა, მიჰქრის, როგორც ფრინველი. მიჰქრის, მიჰქრის წიქარა, სანამ ღონე ეყოფა, მიჰქრის, მიარბენინებს ცხრა მთას იქით მეგობარს.
მიიხედე, თუ ძმა ხარ, მდევარი ხომ არ ჩანსო?! - უპასუხებს ყმაწვილი: - ცისკიდურზე, შორსაო, ვხედავ შავს და პაწიას, რაღაც ბუზის ტოლსაო.
გავერიდოთ - ტახზე ზის, მამაშენი მოგვდევსო! - მისდევს მამა ბიჭუნას ალესილი დანებით, მისდევს ბიჭს და ეწევა კიდეც თანდათანობით.
გადაღვარე ეგ წყალი, რაღას უცდი ნეტაო! - გადააქცევს ბიჭი წყალს - ტალღა ზეცას ასწვდება, წიქარას და ღორს შუა ზღვა ვეება გაჩნდება.
მიჰქრის, მიჰქრის წიქარა, მიაქროლებს მეგობარს. მაგრამ ღორი ზღვაშია, ვეშაპივით მიცურავს, ისევ მისდევს წუპაკი ღორი ხარს და ბიჭუნას.
მისდევს ბიჭს და ეწევა ისევ თანდათანობით... ეუბნება წიქარა ბიჭს: - ვმარცხდებით, ხედავო, სავარცხელი ისროლე, რაღას უცდი ნეტაო!
წიქარას და ღორს შუა, უცბად ტევრი გაჩნდება. თუმცა წვრილიანია, ტყე ნორჩი და წვრილია, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს შიგ, ისეთი ხშირია.
მიჰქრის, მიჰქრის წიქარა, მიაქროლებს მეგობარს. ტევრს ვერ გამოაღწევსო, ხარს და ყმაწვილს ჰგონიათ, მაგრამ მისდგა ჯიუტად, ვეშაპივით ღორია,
კბილით ჭრის და მიარღვევს, ტევრს ხშირსა და წვრილიანს. ეკითხება წიქარა ყმაწვილს: - ეჭვი მტანჯავსო, მიიხედე, თუ ძმა ხარ, ჩანს ღორი თუ არ ჩანსო?! -
ტყე გამოჭრა წყეულმა, ვხედავ ბუზისოდენსო! - მისდევს მამა ბიჭუნას ალესილი დანებით, მისდევს ბიჭს და ეწევა კიდეც თანდათანობით.
ქვა-სალესი ისროლე, რაღას უცდი ნეტაო! თუ არც მაგან გვიშველა, ეს იცოდე ნაღდადო, დედინაცვალს მიუვა ეგ გულ-ღვიძლი სამხრადო!
წიქარას და ღორს შუა უცბად ფლატე გაჩნდება. წინ მინდვრები ლბილია, ღორს კლდე გადაეღობა; მიჰქრის, მიჰქრის წიქარა, მიაქროლებს მეგობარს.
მისდგა ტახი, კბილით ჭრის კლდეებს შავი ტინისას. საკიბურებს იკეთებს, მაღლა-მაღლა მიიწევს; ვაჰ, თუ ბედმა უმართლოს, კლდეს გადვიდეს, ვინ იცის!
კლდის ფხას ფეხი შეაჭრა, ღორს ჭყივილი აღმოხდა, მხედრიანად ფლატეში თავდაყირა ჩაეშვა, ცას შესჭყივლა საზარლად - შორს წიქარას ხმა ესმა.
ხარი ეტყვის: - ბოროტმა შენი ჭირი წაიღო! - ჰკითხავს ბიჭი ხელახლა: - კლდეს რა მოსწყდა სხმარტალით, ანუ საით მიჰქრიან ყვავ-ყორნები ყრანტალით?!
უკვე სამშვიდობოს ვართ, აწი არ გვეშინია! - ცისკიდური ჩალურჯდა და მზე გადაიხარა, მიაგელვებს მეგობარს, მიჰქრის, მიჰქრის წიქარა.
დგას წყაროსთან ალვის ხე - კენწეროთი ცას სწვდება. მეგობარი მეგობარს როსმე უნდა დაშორდეს, აქ შეჩერდა წიქარა, ყმაწვილს ეტყვის: - გახსოვდეს,
შენთვის ამიერიდან ეს ალვის ხე - სახლია! სალხინო სალამური შენ არაფერს დაგიჭერს, მოგშივდეს თუ მოგწყურდეს, დაუკარ და - გაგიჩენს.
ხიდან არ ჩამოხვიდე, არ გაბრიყვდე მწარედო! და თუ მაინც, კაცნი ვართ, ოდესმე გაგიჭირდეს, ჭირმა არ შეგაშინოს, ჭირი არ გაგიკვირდეს,
მე წიქარა არ ვიყო, თუ არ გადაგარჩინო! ველ-მინდორი მწვანეა, წავალ, ბალახს წავწვდები; ჩაჰბერავ და მეც აქ ვარ, წუთში შენთან გავჩნდები! - ესა თქვა და სხვაც ბევრი არიგა და ასწავლა, თვითონ ველად გასწია, ბიჭი ხეზე აგზავნა.
თავი მეორე
მზე ჩადის და ამოდის, ნისლი მთებს ჩაბალახობს, ბიჭი ალვის ხეზე ზის, წიქარა დაბალახობს. ხეზე ცხოვრობს ობოლი თავის სალამურებით; ველ-მინდვრები უსმენენ ყმაწვილს განაბულები.
ობლის შემწე სალხინო უცხო სალამურია. მზე როგორც კი ინათებს და ცისკიდურს დაჰფერავს, მომშივდაო, ბიჭუნა ჯადო-საკრავს ჩაჰბერავს;
მოფრენენ ხმიადები, მოფრენენ ნაზუქები. კი, ველ-მინდვრად ნავარდი ბიჭს ნამდვილად სწადია, მაგრამ ახსოვს წიქარას დარიგება, ცხადია.
საჭირო სალამური ბიჭს ჯერ არ უხმარია. ერთხელ მთა-მთა გულღვარძლი ვინმე მწყემსი გამოჩნდა, უცხო რამ სალამურის ხმა ესმა და გაოცდა.
ხმამ ხესთან მიიყვანა, ალვის ხესთან შეჩერდა; ხედავს: ხეზე ბიჭია, სალამურს აწკრიალებს; გარინდულა ალვის ხე, ფოთოლს არ აშრიალებს;
ფარფატებენ პეპლები, ცეკვავენ და როკავენ; სალხინო სალამურის ნაბოძებ-ნაჩუქები ხის ტოტებზე ტაბლა დგას, ივსება ნაზუქებით...
დაებრიცა თვალები, ლამის შურით წასცვივდა. ბიჭს აბრიყვებს: - ყმაწვილო, მწყემსი ვარ და მრცხვენია, რომ ჯერ სალამურის ხმა მსგავსი არსად მსმენია.
თუ კაცი ხარ, მანახე, ძირს ჩამოდი, ბიძია! - სალამურის წკრიალი ბიჭმა უცბად შეწყვიტა, ალვის ხიდან ძიაკაცს ჩამოხედა ეჭვით და
მაგრამ ბოროტს რა მოსპობს, ქვეყნად ბოროტს რა დალევს! რა ვქნა, აკრძალული მაქვს! ხეზე იმის გამო ვარ, რომ პატრონმა მიბრძანა, და ვერაფრით ჩამოვალ... -
უზრდელ თავს ხომ წააგებ, ზედ დაგამტვრევ სალამურს. გირჩევ ამ წუთს ჩამოსვლას, ჯიუტობას არ გირჩევ, თორემ, მანდ თუ ამოველ, თავდაყირა დაგიშვებ! -
ხელისგულზე გიყურებ - კაი სული არ ჩანხარ! დაბრიყვებას მიპირებ, მაგრამ ცუდად გიცვნივარ, არც კითხულობ, საიდან, ვინა ვარ და ვისი ვარ!
არც მთლად უპატრონო ვარ, რომ დამჩაგრო ადვილად! სალამური სალხინო თუ ხალისის წყაროა, სალამური საჭირო შენთვის საზარალოა.
თუ შენი გზით არ წახვალ, ერთსა ისეთს ჩავბერავ - ჩემი მწე და ქომაგი წუთში ჩემთან გაჩნდება, ვაი მას და ვუი მას, ვისაც ქინჩში წასწვდება.
მოყვარესთან წყნარი და მტერთან გრიგალ-ქარია... - ესა თქვა და ჩაჰბერა ყრმამ საჭირო სალამურს, ჭირში წამალს უებარს, გაჭირვების მალამოს.
მრისხანებას ჰყიოდა და სიმშვიდეს ჰკარგავდა. - ჩემკენ, ჩემკენ, წიქარავ! - შორს ისმოდა ძახილი, გამოჰყავდა გვირისტით ჰანგს წიქარას სახელი.
ახლა გააბრეშუმდა, მოიჩვარა ლაჩარი. ეხვეწება ბიჭუნას: - რა ვქნა, შევცდი, ყმაწვილო, კვლავ სალხინო დაუკარ, შეაჩერე საჭირო!
კვლავ სალხინო სალამურს ჩაჰბერა და დაუკრა. უმალ დაცხრა ბუნება, კვლავ დაწყნარდა მთა-ბარი, შებრუნდა და მოცოცხა, გარბის მწყემსი ჯაბანი.
წინ გაიგდო საჩქაროდ, მთა-მთა მიერეკება... მზე ჩადის და ამოდის, ნისლი მთებს ჩაბალახობს, ბიჭი ალვის ხეზე ზის, წიქარა დაბალახობს.
აწკრიალებს ბიჭუნა კვლავ სალხინო სალამურს. მაგრამ ქვეყნად სიკეთის გვერდით ცხოვრობს ბოროტიც, ბოროტებად დარჩება, ბოროტება ბოლომდი.
გულში მადლიერების ნაცვლად ბოღმა ჩაიდო: ბიჭს დასმენას უპირებს ტყუპისცალი იუდის, ცხვარი თმაზე მეტი ჰყავს, გორა-გორა მიუდის.
ცხრა ხეობა გადავლო, ცხრა მთა გადაიარა. და ჰა, თვე რომ გასრულდა, როგორც იქნა, ზღვის პირად, ზღვათა ქვეყნის ხელმწიფის კოშკი დაჩნდა ცისფერად.
უთხრა: - ნუმც ამცდენია შენი რისხვის ლახვარი, თუ ტყუილი ვიკადრო, გკადრო ენის ჭარტალი, ორთავ თვალით ნანახი არ გიამბო მართალი.
ცხრა მთას იქით ჭალაა, მსგავსი არსად მინახავს; დგას ჭალაში ალვის ხე, ფოთოლს არ აშრიალებს, ალვის ხეზე ბიჭი ზის, სალამურს აწკრიალებს.
ბიჭის შემწე სალხინო უცხო სალამურია; მზე როგორც კი ინათებს და ცისკიდურს დაფერავს, მომშივდაო, ის ბიჭი ჯადო-საკრავს ჩაჰბერავს;
მის წინ ტაბლა გაჩნდება, ივსება ნაზუქებით... მაგრამ ესეც, მეფეო, არ იქნება, არ ითქვას: იმ ბიჭს ერთი წყეული საშინელი ხარი ჰყავს.
თანაც ერთი კი არა, სალამური ორი აქვს, და სალამურს მეორეს - ფუი, ეშმას ნახელავს! - თუ რამ იგრძნო ხიფათი, ერთს როგორც კი ჩაჰბერავს,
ვაი მას და ვუი მას, ვისაც ქინჩში წასწვდება. ფურცელივით ცახცახებს კაცი მისგან ძლეული; ბიჭი ხარით დიდგულობს, გრძნეულია წყეული... -
ყურს უგდებდა ხელმწიფეც სტუმარს პირდაღებული. ჯერ იხარა ხელმწიფემ, მერე ფიქრში ჩავარდა, უხმო ნაზირ-ვეზირებს, ცოდვისკითხვა დამართა.
კაცი არ მყავს, გახვრეტილ გროშ-კაპიკად ღირდესო! - თქვა მან: - მუქთად პურსა ჭამთ, ტყუილს ვამბობ, იქნებო?! სალამური ყოფილა, მე - პირველად ვიგებო! -
ამ წუთს მიდექ-მოდექით, გაანძრიეთ კეფაო! - ბრძანა: - სამ დღეს ვიძლევი, ვადას გაძლევთ მოკლესო, კაცი ნახეთ, საჩქაროდ ვინც იმ ყმაწვილს მომგვრისო! -
შემიმცირებს ასწილად სახელმწიფო ხარჯებსო! დიდ შეღავათს მპირდება, ვენაცვალე გამჩენსო! სალამური მჭირდება, ამდენ რეგვენს არჩენსო! -
უხმო ნაზირ-ვეზირებს, კვლავ შეჰყარა თავიდან. წინ წამოდგა მოხუცი, მდაბლად თავი დახარა, მოახსენა ხელმწიფეს დიდვეზირმა ჭაღარამ:
და რაც მწყემსმა გვიამბო, მისხალ-მისხალ სწორია. ალვის ხეზე - ბიჭია, ბიჭი - გლეხის ჯიშია, ხოლო სალამურები მეფის საკადრისია.
რაკი მართლაც წყეული ქაჯთან წილნაყარია, ძალით ვერას დავაკლებთ, ღონით ვერას გავხდებით, ხერხი თუ არ ვიღონეთ, სათითაოდ წავხდებით;
ეშმაკობა ვიხმარეთ, ხერხი გამოვიგონეთ... - დიდვეზირი გაჩუმდა, რაც თქვა, იმას იკმარებს; მსახურებმა ხელმწიფეს დედაბერი მიჰგვარეს.
თვალს აცეცებს წყეული ცოტაოდენ დაბნევით. მაგრამ არც „მზევ!“ არც „მეფევ!“ ლიქნით სიტყვა არ უთქვამს, თქვა პირდაპირ საქმეზე, მეფეს ყინჩად წარუდგა,
ცოცხი, კაი სადგისი! - და ხელმწიფეს ჰპირდება: - ნუ წუხხარო სრულებით, ხერხით, ხრიკით, ცთუნებით, მე მოგგვრიო წყეულ ბიჭს თავის სალამურებით!.. -
შვებით ამოისუნთქეს, ღმერთს მადლობა შესწირეს. ჩაეცინა ხელმწიფეს დია კმაყოფილებით, ჩაეღიმა ბებერსაც ჩაჭვარტლული კბილებით.
ცოცხი, ჯვალო-ტომარა... ტაშსა ჰკრეს და იხარეს. დაყაბულდა ბებერი სადგისს, ჯვალო-ტომარას, საკლავს - ყორნის ფრთასავით შავ თხას, - ცეტს და მხტომარეს,
რცხილის ტარი დაუგეთ, საიმედო იყოსო! - მოიყვანეს დურგალი და დედაბრის ჩარევით იმ ცოცხს ტარად დაუგეს რცხილა - სპილოს ძვალივით.
გადააჯდა წყეულ ცოცხს, ავარდა და დავარდა, კაბა შეაფრიალა, ფარდა ცოცხით გაფლითა, და ფანჯრიდან პირდაპირ ცხრა მთას იქით გაფრინდა.
თავი მესამე
მზე ჩადის და ამოდის, ნისლი მთებს ჩაბალახობს, ბიჭი ისევ ხეზე ზის, წიქარა დაბალახობს, და არც ერთმა არ იცის, კარს ვინა ჰყავთ წვეული, ან რა ხიფათს უმზადებთ ბედისწერა წყეული.
მზისფერია დღეები, ცისფერია მეტწილად; ველ-მინდვრები ჰყვავიან, ცად ფრთოსნები დაჰქრიან, სალამურის წყალობით ბიჭს არც სარჩო აკლია;
მოიწყინა ყმაწვილმა, რაღაც მოისაკლისა. თქვა: - სარჩო მაქვს უშრომლად, რასაც გინდა, მისწვდიო! ჭამა-სმაში რა ჰყრია, აქ როდემდე ვიჯდეო?! -
თხის გაისმა ხავილი უცბად ალვის ხის ძირას. ჩახედა და, რას ხედავს: დედაბერი ფანცქალებს, შავ თხას ეჯაჯგურება, სადგისს ჩხვლეტს და აჩხავლებს.
დედი, მაგას რას შვრები, მაგას რასა სჩადიო?! ვინ ხარ, გხედავ პირველად, აქამდე არ ჩანდიო! რა საბრალოდ აჩხავლებ, თუ ღმერთი გწამს, წადიო! -
ხელს იჩრდილებს, ვითომცდა მანდ პირველად გხედავო, და პასუხად ასძახებს, თან ხელს ივლებს ყანყრატოს: - ჩამო, დედაშვილობას, მომეხმარე, დავკლათო! -
- კი, საქმეს ვერ ჰკიდიხარ დიაცისთვის შესაფერს. მაგრამ ვერც მე დაგიკლავ, ხეზე იმის გამო ვარ, რომ წიქარამ მიბრძანა, რა ვქნა, ძირს ვერ ჩამოვალ! -
ეუბნება: - ყოჩაღ, შენ, რა ოჯახში გაგზარდეს! ის კერია გამწარდეს, ბალღს გაზრდა არ დასცალდეს, ჩემისთანა დედაბერს ვინც თხის დაკვლას დაზარდეს! -
ბიჭი შეფიქრიანდა და სირცხვილში ჩავარდა. თქვა: - მოხუცს არ მივხედო, ბეჩავს, მაშინ რა ვარო! რაც იქნება - იქნება, რა ვქნა, წუთით ჩავალო!
ჩამოცურდა სალხინო სალამურის ამარა. ეუბნება სიცილით, ხუმრობით და ქილიკით: - წიწილა არ დამიკლავს, კიღამ დამკლეს პირიქით,
მზად ვარ, გემსახურები, მასწავლე და დავკლათო! - მაგრამ ბიჭი ბებერმა უპასუხოდ დატოვა, რაღაც ჩაიბუტბუტა, წუთში მოაჯადოვა,
შეულოცა ხელახლა, მკვდარივით დააძინა. ჯვალოს თავი მოუკრა, აიწია ხაბარდა. გადააჯდა თავის ცოცხს და ზეცაში ავარდა...
მუხლზე უწევს მძინარი ბიჭი ჯვალო-ტომარით. სძინავს ბიჭს და არც იცის, ვისგან არის ძლეული, სად და რისთვის მიაფრენს დედაბერი წყეული.
სახელმწიფოს კაცები ზეცას გამოსცქერიან. ბროლის კოშკი ზღვის პირად ხალხით გაჭედილია, ჭოგრიტები კოშკიდან ცისკენ გაშვერილია.
ვაჰ, თუ ხელცარიელი ან სულაც არ მოფრინდეს! მეფე ცმუკავს ბალღივით, წუხს და ტუქსავს მსახურებს: - ალბათ, მიტომ არ ჩანსო, რომ კარგად ვერ ჩაჰყურებთ!
დიდვეზირმა ჭოგრიტებს ჩახედა და გახევდა; ეუბნება ხელმწიფეს: - რაღაც მოჰქრის შორადო! ჯერ ვერაფერს გახარებ, ვხედავ ბუზის ტოლადო!
ჩახედა და - რის ბუზი, დედაბერი მოჰქრისო! - ხელი უშვა ჭოგრიტებს, ხალხი ფანჯრებს მივარდა; ცისკიდურზე შხივილმა და იმ ბუზმა იმატა...
მუხლზე უწევს ჩვილივით ბიჭი ჯვალო-ტომარით; დაბლა-დაბლა დაეშვა, ვაშა ესმა დაბლიდან და ფანჯრიდან პირდაპირ ხელმწიფის წინ დაფრინდა...
ატყდა ჟივილ-ხივილი, ღმერთს მადლობა შესწირეს. გახალისდა ხელმწიფეც, აღარ გახლავთ მოწყენით, კარისკაცებს აჩქარებს: - ჯვალოს თავი მოხსენით!
სალხინო სალამურით სუფრა გამაშლევინეთ! დედაბერმა ღიმილით კვლავ შელოცვა წარმოთქვა, თავი მოხსნა ტომარას, ტომრით ბიჭი წამოდგა;
ამდენ ჭრელ ხალხს შესცქერის, - სად ვართ? - ჰკითხავს დედაბერს. დიდვეზირმა დედაბერს აჯობა და დაასწრო - ბიჭს ქამრიდან სალხინო სალამური წააძრო.
მერე თვალი მოხუჭა და სიამით ჩაბერა... მაგრამ ეს ხმა რას ნიშნავს, რისგან არის, რა მოხდა? ნაქებ საკრავს უმწეოდ ყელს ხავილი აღმოხდა.
ხელმეორედ ჩაჰბერა - უფრო მაგრად ამჯერად... სალამურმა სასახლეს არც წკრიალი მოჰფინა, არც ხელადა იდგმება, არც ნაზუქი მოფრინავს.
ბრძანა მეფემ: - მიეცით! თვითონ ბიჭმა დაუკრას! - თვალები აქვს ბიჭუნას ცრემლებით დანამული; მიუტანეს საბრალოს თავისი სალამური,
ვერც პატრონმა უშველა, კვლავ აღმოხდა ხავილი... შეჩოჩქოლდნენ კაცები, შედრკა მეფის ამალა, ყველამ თვალი დახარა, თავი მხრებში ჩამალა.
- რათა მოღორებული მწყემსისაგან არ დავრჩეთ, აქ მომგვარეთ რეგვენი, პირქვე წამოაქციეთ, ხალხის თვალწინ ჩახედეთ, ოცი როზგი აწვნიეთ!
სასახლის წინ დირეზე თავდაყირა დაჰკიდეთ! - ხოლო ყრმაზე სათნოზე, თუმცა არცთუ სანდოზე - უხეირო, მტყუანი სალამურის პატრონზე -
რაკი დამნაშავეა შედარებით ნაკლებად, ვბრძანებ: ციხე აკმაროთ, ცხრაკლიტულში ჩასვათო, ხმელა პური აჭამოთ და დურბელა ასვათო! -
ერთურთს აღარ აცდიან, მწყემსს ხელიდან სტაცებენ. მოათრიეს, ჩახადეს, პირქვე წამოაქციეს, საკადრისი აკადრეს, ოცი როზგი აწვნიეს;
ყმაწვილს ფარნით წაუძღვნენ, ცხრაკლიტულში ჩაკეტეს; შევასრულეთ ბრძანება, ხელმწიფეო, ახარეს, დადგნენ ტახტთან მორჩილად, თავი მდაბლად დახარეს.
ტუჩზე უკრთის ღიმილი ზედ პილპილის წაფრევით. ეკითხება ხელმწიფე: - რაღაც ისე დგახარო, თითქო ჩემი სიმართლის კმაყოფილი არ ხარო?!
კაი სული არც შენ ხარ, კაი მუდო ჩანხარო! - დგანან მხრებაწურულნი, ბუზი რომ გაიქროლებს, კაცი ბუზის გაფრენას და ბზუილს გაიგონებს.
მე თუ მკითხავ, ცხარი და სამართალში მცდარი ხარ! მწყემსი ტყუილუბრალოდ თავდაყირა დაკიდე! ბიჭი ტყუილუბრალოდ ცხრაკლიტულში ჩაკეტე!
ემსახუროს, ეტყობა, მარტო პატრონს, სწყურია! როგორც ყოველ სიკეთეს, სალამურსაც ჯადოსნურს, ერთგულება სჩვევია - ქედს არ უხრის მტრად მოსულს;
გრძნეულება წაერთო, ჯადო-ძალა გაწყალდა... აწი კარგად მეყოლე! რა ვქნა, ბევრიც მავალო, ვეღარაფერს გავხდები და ჩემი გზით წავალო!
შებრუნდა და ბუტბუტით აიწია ხაბარდა, ხალხი სახტად დატოვა, მეფეს ბნედა დამართა, გადააჯდა წყეულ ცოცხს და სარკმელში გავარდა.
გულბოროტი მწყემსისგან ბიჭი გაყიდულია, ირგვლივ შავი დილეგი, შავი ცხრაკლიტულია. ფანჯარასთან მიმჯდარა, შორს ჰყავს ყმაწვილს ძმობილი, ტირის, ტირის, ცრემლი სდის ბეჩავს შეუშრობელი.
ხეზე ოხრად დარჩენილს ნატრობს თავის სალამურს. ყურში ესმის წიქარას ხმა: - არ შეცდე მწარედო, ხიდან არ ჩამოხვიდე, ძე-ხორციელს არ ენდო!
ირგვლივ შავი დილეგი, შავი ცხრაკლიტულია. ჩაუფრინეს ყვავებმა ცხრაკლიტულის ფანჯარას, ტყვემ ფანჯრიდან გასძახა, ეხვეწება ყვანჩალას:
მიხსენ! კუბოს ფიცრამდე, მიყმე, შენი ყმა ვარო! ჯადო-სალამური მაქვს, მაგრამ სანანური მაქვს, მინდორშია ალვის ხე, - ხეზე დამალული მაქვს;
გასწი, შენი შვილების გაზრდა-გახარებასო! - შეანელა ფარფატი, ბიჭს სათქმელი აცალა, და პასუხად უარი ცივად მოსჭრა ყვანჩალამ -
ამ დღეს რად არ ელოდი, შენ მე რას მერჩოდიო?! ახლაც ლეშის სუნი მცემს სადღაც ქვემო მხრიდანო, არ მცალია, სალამურს მე შენ ვერ მოგიტანო! -
გაეცალა დიდგულად ცხრაკლიტულის ფანჯარას. ჩაუარა ტივტივით ყმაწვილს ახლა არწივმა, ახლა არწივს გასძახა გულმოკლულმა ყმაწვილმა:
სადაც კლდეა მაღალი, შენ საბუდრად არჩევო. ჯადო-სალამური მაქვს, მაგრამ სანანური მაქვს, მინდორშია ალვის ხე, - ხეზე დამალული მაქვს;
მიხსენ, მომიტანე და მიყმე, შენი ყმა ვარო! გასწი, ნუ დამზარდები ობოლს დახმარებასო! გასწი, შენი შვილების გაზრდა-გახარებასო! -
შეუბღვირა ამაყად, თავისი გზით მიცურავს; უთხრა: - ლოცვა-კურთხევა შენი შენვე გქონდესო! ძღვენი მოგირთმევია თხა ან კრავი როდისო?!
დამასაქმო ბალღივით, რა პირითა ჰბედავო! - თვალს მიჰფარდა არწივი, ახლა, როგორც შურდული, მოჰქრის უკვე მერცხალი ჭიკჭიკით და ჟღურტულით.
ყელწითელავ, გულთეთრო, შენ, ეგებ შენ მიშველო! გასწი, აქ მომიტანე - უცხო სალამური მაქვს, მინდორშია ალვის ხე, - ხეზე დამალული მაქვს;
უპასუხა მერცხალმა: - უკვე კაი ყმა ხარო, რაკი ბოროტ ხელმწიფეს ცხრაკლიტულში ჰყავხარო! ვხედავ, სიტყვა-პასუხით, ზრდილობითაც სხვა ხარო, არხეინად იყავი - დღეს იქნება ან ხვალო, მე სალამურს მოგიტან, შენ შენი გზით წახვალო, აგრე როგორ დაგტოვებ, კაცი ცეცხლში დგახარო! -
ის დღე ცდაში დაღამდა და, დილა რომ გათედა, ვარდისფრად რომ შეღება ცისკიდური აისმა, მძინარს მერცხლის ჭყივილი უცბად ყურში ჩაესმა;
მერე თვითონ მერცხალი ფანჯარაზე ჩამოჯდა; ბიჭს სიზმარი ჰგონია, ხელი სტაცა სალამურს - ცხაკლიტულის გასაღებს, გაჭირვების მალამოს;
ვერ გადვიხდი, რომც ვცადო და ბევრიც რომ ვეწვალო! - ესა თქვა და ძახილის წიქარასკენ საფრენად ტუჩი ახლო სალამურს, ჩაბღუჯა და ჩაჰბერა.
მოწოდებას ჰყიოდა, სევდა-ნაღველს ჰქარგავდა. - ჩქარა, ჩემკენ, წიქარავ! - შორს ისმოდა ძახილი, გამოჰყავდა გვირისტით ჰანგს წიქარას სახელი.
ეს წიქარამ იბღავლა, გრგვინვას ჰგავდა ბღავილი. მთა-ბარს მტვერი ავარდა, ცისკიდური მტვრიანი რისგან არის? - წიქარა მთებს მოარბევს გრიალით.
მოჰქრის, მოჰქრის წიქარა, მეგობრისკენ მოფრინავს. ზღვათა ქვეყნის ხელმწიფის ცხრაკლიტულში ბინდია, ცხრა კარები უბია, ცხრა ბოქლომი ჰკიდია;
პირველ კარებს ეძგერა, ძირს დაამხო ლაწანით. გადმოსძახა მაღლიდან ბიჭმა თავის საკნიდან: - ფრთხილად, ძმაო წიქარავ, აჩქარება არ გინდა!
არაფერი იტკინო, რქა არ მოგტყდეს, ძამიავ! - უპასუხა წიქარამ: - რქებს ჯერ არ ვემდურები! - მიადგა და რიგრიგად ლეწა საკეტურები.
სისხლი წასკდა თქრიალით, ძირში ცალი რქა მოტყდა; თვალზე ცრემლი მოადგა, შედრკა ქედი წახარა, დაცხრა გავეშებული და ფარ-ხმალი დაყარა. საიდანღაც, ანაზდად, როგორც დაბარებული თაგვი გამოცუნცულდა ამ დროს გახარებული.
- სხვა საშველი არ ჩანსო, ბედმა ასე გარგუნა, მაგ რქას მე გაგიმთელებ, თუ პირობას მაძლევო, რომ ხვალ ამ დროს მოკვდები, და ლეშს შენსას მაჭმევო! -
გიცნობ, გიცნობ, წყეულო, გიცან, ვინც და რაც ხარო! შენ ის სული არა ხარ, ფერ-სახეს რომ იცვლიო, დედინაცვლად დაჯდები, ბოროტ მწყემსად იბრძვიო?!
რქა მომაბი და ლეში, კი ბატონო, გქონდესო! - თაგუნია ცმაცუნამ რაღაც ბალახს დასუნა, რაღაც ჩაიწრუწუნა, რქაზე მოუცაცუნა -
ყალყზე შედგა წიქარა, კვლავ საკეტურს მივარდა. ცხრაკლიტული - ცხრაკარა ბნელი საპყრობილეა, რვა კარი ხომ მტვრად არი, მეცხრეც დამხობილია...
დაუკოცნა რქები და ჰკოცნის, ჰკოცნის თვალებში. ეუბნება წიქარა: - ხვევნა-კოცნა შემდეგო! ახლა ჩვენს გზას ვეწიოთ, სწრაფად ზურგზე შემჯექო! -
მიჰქრის, მიჰქრის, მიაფრენს ძმობილს ალვის ხისაკენ... ცხრა მთა გადაიფრინეს და მზეც გადაიხარა, ალვის ხესთან შეჩერდა, ეთხოვება წიქარა,
ორი სალამური გაქვს, შენ ორთავე გქონდესო, მაგრამ, თუმცა სალხინო სალამური გარჩენსო, საჭირო სალამური ვგონებ, ვეღარ გასჭრისო! და თუ, როცა ჩაჰბერავ, უმალვე არ გავჩნდეო, არ შეშინდე, ძმობილო, არ შედრკე და წახდეო!...
შეერია წიქარა ყვავილიან საძოვრებს. მზე ჩადის და ამოდის არ შია და სწყურია, ობლის შემწე სალხინო ჯადო-სალამურია.
ხეზე ცხოვრობს ბიჭუნა თავის სალამურებით. მოენატრა ბიჭუნას ერთ დღეს თავის ძმობილი. სალამური დაუკრა ჭირში მოსახმობელი.
გზას მტვერი არ ავარდა, არ გაისმა ბღავილი. კვლავ ხელახლა ჩაჰბერა, კვლავ ამაოდ დაუკრა; მოიწყინა ბიჭუნამ თვალში შუქი ჩაუქრა.
ჩამოვიდა ხიდან ძირს, მინდორ-მინდორ გასწია. გადუფრინეს ყვავ-ყორნის ნალეშარმა გუნდებმა, გუნდი კლდისკენ მიფრინავს, გუნდი - კლდიდან ბრუნდება.
ეძებს ბიჭი წიქარას, თან სალამურს აკვნესებს. უცებ, გველნაკბენივით შედგა ბიჭი, რას ხედავს: წევს წიქარა მდელოზე, ზედ ყორნები ასხედან.
ოჰ, წიქარა კი არა, ეს - წიქარას გვამია! აიშალნენ ყაშყაშით, გადუქროლეს მთა-გორებს. საკოცნელი თვალები დაუთხრიათ ყვავ-ყორნებს.
აატირა მთები და აატირა ველები: - ვაჰ, შენ, ჩემო წიქარავ, ვაჰ, შენ, ჩემო ძმობილო, ძმავ და მეტო ძმაზედაც, შავ ვარსკვლავზე შობილო!
რაღად მინდა სიცოცხლე - უნდა მოვკვდეთ ერთადო! - არ იფიქროთ, ბავშვებო, სიკვდილს ცალყბად ჰპირდება, შეძვრა წიქარას გვამში, თქვა და მოკვდა კიდევაც.
* * * * * * *
ჭირი იქ და ლხინი - აქ! ზღაპარი დამელია! ქატო იქ და ფქვილი - აქ! აქ ჩვენი მთა-ველია! დამივლია მთა-ველი, მთა-ბარი დამივლია, მეგობრობის ყვავილი - მთავარი ყვავილია! |


