|
ქანდაკი, ქვაში გამოკვეთილი, გმირებს გვახსენებს, სულით ძლიერებს. ამ ქვეყნად ზოგი არის კეთილი, ზოგი კეთილ კაცს ანსახიერებს.
აქვე შეგხვდებათ. აქვე განა შორს? - კაცი, რომელიც არის სულგრძელი და კაცი, - სულგრძელ კაცს რომ თამაშობს.
და არ უყურებს ცვალებად ამინდს. მე ვიცი, ზოგი არის რაინდი, ზოგი, უბრალოდ, თამაშობს რაინდს.
არ შეგეშინდეს დროებით მარცხის. ჩემს წინ დგას კაცი. - სულით ბოროტი და ნიღაბს ირგებს უწყინარ კაცის.
ვუმზერ ცხოვრებას. ვით ფილმს - საბავშვოს. ზოგს ვერ უცვნია თავისი თავი. სხვის როლს ისეთი ჟინით თამაშობს.
ვუმზერ ხმასუსტებს, ვუმზერ ხმიერებს. მსურს გავარჩიო სულით ძლიერი მისგან, ვინც ძლიერს ანსახიერებს.
თქვენც აქვე ნახავთ, აქვე, განა შორს? ზის სავარძელში ქალი - მხევალი და წმინდა ნინოს როლსა თამაშობს.
მე ვერ დავდგები კუთხეში, მიღმა, იმდენი ვინმე დადის ნიღაბით, იმდენი ვინმე ატარებს ნიღაბს...
ვერ ვეგუები ამ წესს, ამ ჩვევას. ჭეშმარიტ სახის, უნიღბო სახის, ნიღბიანისგან მიჭირს გარჩევა.
გინდ მიკიჟინოთ: - ნუ ღრიალებო. - გზიდან გადადით! გზიდან გადადით! გზიდან გადადით, - ნიღბიანებო!
თვალში მხნედ ვუმზერ დიდებს, პატარებს. არ მწამს ის, ვინც სხვის ნიღაბით დადის, არ მწამს ის, ვინც სხვის ნიღაბს ატარებს.
რომ მივდევ ჩემს გზას, ეკალ-ბარდნიანს. ჩემთვის ცხოვრება, არის ცხოვრება თქვენთვის კი - იგი მასკარადია!
მე თქვენ გიყურებთ, როგორც ცივ ლითონს. თორემ... მაგ ნიღბებს ჩამოგგლეჯთ ახლავ და თქვენი თავის შეგრცხვებათ თვითონ.
ვინ არს განმგები ან განმკითხავი?! შენ ეი!.. პოეტს რატომ თამაშობ?! გთხოვ, დამანებო მე ჩემი თავი.
ხმა მაქვს მკაცრი და ნაგანგაშები. რომ მაიძულონ როლის თამაში, მე მხოლოს ჩემს თავს ვითამაშებდი. |


