|
გუშინ, ნაშუადღევს, საათის ორზე - ამოვიარე რა რუსთველის პროსპექტი, პროსპექტი - საყვარელი ყველა თბილისელის, პროსპექტი - ყოველ ღამე ხოხბებით სავსე აღმოვჩნდი ლენინის ქუჩაზე. შევჩერდი. შევნიშნე კედელზე აკრული ქაღალდი: - გვესაჭიროება მჭედლები, დურგლები! - ეწერა ქაღალდზე ასე. მე ვარ სტუდენტი... ავანთე პაპიროსი და აუღელვებლად განვაგრძე გზა... დღე იყო საამური, დღე, როცა არ გჯერა, რომ კაცი მოკვდავი არი. იმ დღეს საიდანმე ჩემს დასაჯერებლად რომ გამოეტანათ კუბო, - კაცი უკვდავია! - ვიტყოდი დღის კარნახით, - სტყუის! ეგ არ არის მკვდარი! გაზეთის დაფასთან შევჩერდი (გამახსენდა წუთის წინ ნანახი ქაღალდი). გაზეთში ეწერა: - იზრდება უოლ-სტრიტზე უმუშევართა ტალღა! - უმუშევარო!.. რაც უნდა გერქვას შენ: ჯეკი, მარტინი, გინდ ჯონი! ვიცი: დამშეული, გამათხოვრებული... რესტორანთან დგახარ ახლა. - რატომ?! აი რატომ: მანდ, ამერიკაში, არ არის ლენინის ქუჩა! ვიდრე არ გაჩნდება მანდ ლენინის ქუჩა, - მშიერი იქნები, ჯონ! - დაარქვი ბროდვეის ლენინის ქუჩა! - ძნელია?! - არ არის შიმშილზე ძნელი! დაარქვი, თუ გინდა იცხოვრო კაცურად, დანაყრდე, გამართო წელი! |


