|
რა ვუყოთ, თუკი გამერია თმაში ჭაღარა და შენზე ფიქრში გამიფრინდა ლამაზი წლები?! მე ისევ შენი ერთგული ვარ, როგორც მურია, შენს ნაფეხურებს ვდარაჯობ და ვეალერსები.
რა ვქნა, თუ შენი წერილები ისევ გვიანობს? კვლავ შენს ხეობას გადმოვყვირი, როგორც ქორბუდა, და შენი სოფლის ბილიკებზე დავხეტიალობ.
მე შენზე ფიქრი ქარის ქროლვას ვერ გავატანე, ოცი წლის შემდეგ ისევ მინდა შენი დანახვა, კვლავ მენატრება მაგ თვალების ლურჯი სავანე.
ციხეგორობას კიდევ ერთხელ შევხვდეთ მე და შენ, და კიდევ ერთხელ, ისე, როგორც ოცი წლის წინათ, დაამწყალობნოს ხევისბერმა ჩვენი ზედაშე.
შენს ლამაზ თვალებს კიდევ ერთხელ მინდა, ვუცქირო და სიყვარულის ტრაგედია ოცი წლის შემდეგ, თოთო ბავშვივით შენს კალთაში მინდა, ვიტირო. |


