|
ჩამოგლეჯილი ფერდობები, ფრიალო კლდენი, მღვრიე ბურუსის ბორიალით გულდანესტილი, გადმოღუნული, ზეაწვდილი, გასული განზე, ზურგგაზნექილი და გამტყდარი მრისხანე ხაზით. სდგას, ქარბუქების და ღრუბლების ნავთსაყუდარი, კატაკლიზმების დაკივლებით უეცარ ძვრაში ცეცხლმოდებული უფსკრულიდან ამობურთული, ამოვარდნილი ატომების ვეება შვავი. მარად უძრავი, უმეტყველო, უკმეხი მარად, კლდოვან ჯიშების სალტეებით შემოჭერილი, შემოგარსული ტრიასების მძიმე შრეებით, სადაც უსხივო ჯურღმულებში მილიონ წლობით ნელა ამშვიდებს დედამიწის დაფლეთილ ძარღვებს თვალებდავსილი მატერიის უძირო თვლემა. |


