(ვუძღვნი ჩემის ძმის ვაჟა-ფშაველას ხსოვნას, სამარესთან ყოფნის გამო)
|
ძმის საძებნელად წამოველ, წინ არსად შემომეყარა: ვეძახენ, ვერ გავაგონე, ზედ გრილი მიწა ეყარა. იქნება გავაცოცხლებდი, სამარე გადამეთხარა? საშველს ვეძებდი გულისთვის, წამალი რამე მეხმარა. ბევრი ვიტირე და სევდა მაინც არ გადამეყარა, გული არ მორჩა მაინცა, ზედ შავი ლოდი ეფარა. მიმოვიხედე, მაგრამ რას, წყვდიადი იყო ყველგანა, ნეტა რა ნუგეშს მომცემდა ჩემი ტანჯული ქვეყანა? მშიერ-მწყურვალი, მტირალი აჩრდილი იდგა ჩემთანა! ჩამძინებოდა, ძმა ვნახე, ცოცხალი, მხიარულადა, დამჭყივლა, შემომცინოდა, მკოცნიდა მხიარულადა, მეტყოდა, „რა დაგმართნია, რადა ხარ მგლოვიარეო? გაჰხედე, აყვავებულა ჩვენი სამშობლო მხარეო.“ აღარც სიკვდილის აჩრდილი, აღარც ნაღველი მწარეო, იშვებდა დიდი, პატარა, მშიერი, გულმწუხარეო, იყო დრო გაზაფხულისა, ჰყვაოდა არე-მარეო. ავდეგ, ღმერთს მადლობა შევსძღვენ მისთვის, რაც ზევით თხრობილა, ეჰა! ვნებული გულისთვის წამალიც შიგვე ყოფილა, და სიცოცხლეზედ სიზმარი, უფრო საამო ყოფილა. |


