(„ამ ლექსში მიკოლა ბაჟანი იხსენებს „დავითიანის“ თარგმნის ერთ-ერთ ეპიზოდს მცხეთის შემოგარენში. მან ეს თარგმანი სიმონ ჩიქოვანთან ბანქოში წააგო. თავად ბაჟანის მონაყოლიდან ვიცი. მეგობარი, რომელმაც იგი აქ ჩამოიყვანა და მერე ჩამოაკითხა, სწორედ სიმონ ჩიქოვანია. დღევანდელ ქართულ მწერლობაში თუ გვეგულება „მოთამაშე“, რომელიც კლასიკოსის და არა საკუთარი ნაწერების თარგმნაზე დადებს ფსონს?“)
მთარგმნელი: რაულ ჩილაჩავა
|
მცხეთის მუქ-ლურჯი ფოთლოვანით დაყურსულ მთიდან, კლდეთა, ნაპრალთა, ხეობათა გამოვლის მერე, დაეშვა ნორჩი, საყვარელი ირემი მშვიდად და ჩემს ეზოში შემოუძღვა სისხამის ფერებს.
მივართმევ ხორბალს, დავუყვავებ, მივუალერსებ. ვარდისფერ ენით ის ალოკავს ნამცეცა მარცვლებს და გაუკრთება სიხარულის ცრემლი თვალებზე.
ქედებს გადაღმა, ნათელხილვის ახლოა ჟამი. ჩემს გრილ აივანს მან აახლა რიჟრაჟის ფთილა, ხეთა სურნელი, ახალი დღის პირველი ჩქამი.
დღის დაბადების პირველ მოწმეს გიხილავ როდის. მე ყოველ დილით მოუთმენლად ველი სულ იმას, როცა ბაკუნით ამოირბენ აივანს ოდის.
ღამის მღელვარე მდუმარების ჩახიე კალთა. ხელს გადაგისვამ უხმოდ დახრილ ჯიღოსან თავზე, ჩავხედავ სიღრმეს მოციმციმე, უზრუნველ თვალთა.
ენას გასაგებს გამონახავს ერთობა ჩვენი. სიტყვაუთქმელად კვლავ გახდება ცხადი ყოველი, კვლავ მოვიკითხავთ ჩვენ ერთმანეთს დუმილის ენით.
დამიბრუნდება მე, ბედნიერს, ნადირის გეში და მიმახვედრებს შემეცნების ფარული ძალა, რა ხდება ირგვლივ - ქარაფებზე, ღელეში, ტყეში.
სურნელი ასდის იალაღებს, რაკრაკა რუებს! ო, მთის რიჟრაჟო, სასწაულო გაუგებარო, შენი სურნელი სიხარულის მსგავსად მაბრუებს.
დავთვრები მისით, ის შვებაა, საპყარსაც შველის. დავეწაფები წყაროს, ქარებს, ცვრიან ბალახებს, რომ გავისველო წყურვილისგან გამშრალი ყელი.
დაჰბერა სიომ, მთის ნიავით სუნთქავს ბუნება, ნორჩი ირემი, ციცქნა რქებზე შუქდაფრქვეული, მტკვრისპირა სახლის ზღურბლისაკენ მოეშურება.
ჩემი ფარული მწუხარების და სიმარტოვის! შენ ცდილობ მუდამ განთიადი გამიმზიანო, ახლაც, მჭმუნვარემ, მე შენ გარდა სხვას მივმართო ვის?
და მე ვიხილე, ცისკრის ალმა როგორ იალა, როგორ განიპო განფენილი ირგვლივ წყვდიადი და უფსკრულებზე ისარივით გადისრიალა.
ღვთისმოსავივით ყურს დავუგდებ მის ნაზ სალამურს, და გავიგონებ, ოქროს სხივი როგორ წკრიალებს, - ეს ლექსი რეკავს თუ ტალღებმა მითხრეს სალამი!
ხეთა, ცხოველთა, მდინარეთა განვმარტავ ენას, ცხადი გახდება ჩემთან შენი მოსვლის მიზანი, შენი გულისთქმა უსიტყვოდაც მოსწვდება სმენას.
ქართლის რიჟრაჟში მოციმციმე წვეთებს დავითვლი. და მე გავიგებ, რასაც ბრძენი ხვდებოდა ვაჟა, მას, რაც იცოდა რუსთაველმა, გრძნობდა დავითი.
მის წყაროთაგან უკვდავების ამოჩქეფს წყალი. მე მარადისი, უჟანგავი ნათელი ვიხმე, რათა მთებსა და ციხის გოდლებს შევავლო თვალი.
ციმციმებს იგი, თავანკარა, როგორც კურცხალი - და ვგრძნობ, ივსება მოგზაურის ჭაბუკურ ვნებით სული მწყურვალე, ბობოქარი და დაუმცხრალი.
ძველ წიგნს გადავშლი მოცახცახე მთრთოლვარ თითებით, დავითის სიზმრის სამყაროში შევაღებ კარებს, მისი ცრემლებით მეც ვიგლოვებ, მეც ავტირდები.
და თვალს შევავლებ მგოსნის სატრფოს ნათელსახიანს, კავკასიონის გოლგოთიდან რომ მოეახლა და სიზმარშიაც მწუხარების ალში გახვია.
კვლავ მთათა წიაღს დაუბრუნდა ჩემი ირემი. მე კი კატრენებს ვრითმავ მართლაც უჩვევი თმენით, ვშლი, ვხევ ნაწერებს, თითქოს მალე გადავირევი.
ვარ განწირული, ვერ მიწამლონ ვერარა წამლით. დავითის ლექსის ცეცხლში იწვის ჩემი სხეული და ცას შეერთვის კოცონიდან ასული კვამლი.
გათელილია ჩემი სიტყვა ოხერ-ტიალი, აქამდის სადღაც მიმალული, დაუნახველი, შეტოკდა ლანდი, ბალახების ისმა შრიალი.
რომ მისი რჩევა მჭირდებოდა, თვითონ უგრძნია. არც ტყეს, არც მანძილს და არც ბიბინს ლურჯთა მდელოთა მის მისნურ მზერის დაბრმავება არ შეუძლია. |


