|
მე რომ ბოლოს სიცოცხლესთან განშორება დამენანოს, მზემ კვლავ უნდა მაგრძნობინოს ჯადოქრობა თავისი, როგორ დავემორჩილები ამ ცხოვრების ურღვევ კანონს და სად წავალ, თუკი ბემოლს იმეორებს კლავიში?..
გაზაფხულის მახარობლად უნდა ვნახო ჩემს პერანგზე ნიავქარის ფართხალი და ენძელა უნდა იდგეს ძლივს მიწიდან თოვლში ობლად ამოსული და თავისი თავხედობით დამფრთხალი.
ის, ვინც ახლა ზის და ცმუკავს, უნდა ხელში ავიყვანო, უნდა მხრებზე შევისვა, ოთახებში ვარბენინო უნდა პაწაწინა ლუკა და დროებით შევიფერო როლი ბაყბაყდევისა...
განშორება დამენანოს, უნდა მივხვდე, რომ აქვე ხარ და თვალებში ჩამცქერი, აქვე უნდა შრიალებდეს შენი თეთრი კაბა ანუ შენი თეთრი მუხლებიდან დაცემული ჩანჩქერი.
მაგ თვალებშა გასამხელი, უნდა მივხვდე, არაფერი რომ მე არ დამიმალეს, მე ვიქნები ბედნიერი, თუკი შენი გრილი ხელი გადაივლის ჩემს საფეთქლებს და გაცრეცილ ყვრიმალებს...
განშორება დამენანოს, მზემ კვლავ უნდა მაგრძნობინოს ჯადოქრობა თავისი, როგორ დავემორჩილები ამ ცხოვრების ურღვევ კანონს და სად წავალ, თუკი ბემოლს იმეორებს კლავიში?..
და სიკვდილთან მიბრძოლია, თუ არ მახსოვს, თუ სიცოცხლემ ხელი მაგრად ჩამკიდა და თუ ლექსის დაბადება ახლა ისე იოლია, როგორც ჭუპრის გამოფრენა აბრეშუმის პარკიდან... |
| პოეზიის გვერდი • • • |


