ვახტანგ ჭელიძეს
|
როგორც სასწაულს, ვით ღვთის წყალობას, ვუსმენთ ხანდახან შაშვის გალობას... ხანდახან, რადგან ეს დალოცვილი, ხანდახანაა მხოლოდ მოცლილი. მთელი დღე თავის პირღია ბარტყებს თავზე ევლება, უზიდავს საკვებს. ხოლო როდესაც ყელს მოიღერებს, ერთს იმისთანას ამოიმღერებს, რომ მიუწვდენელს სწვდება საუფლოს, რაღაც უთქმელს და დიადს საუბრობს. გვეძახის, გვიხმობს, ყურს ეფერება - თაფლი იღვრება თითქოს ბგერებად. გალობა მისი შორს გაგიტყუებს - თითქოსდა ებრძვის ქვეყნის სიყრუეს... მადლობა უფალს, რომ გვიწყალობა ეს დიდი ჯილდო - შაშვის გალობა! |


