ლერას
|
შენით სავსეა ეს ბეტონის ვიწრო გალია. შენი მზრუნველი მზერითაა ნაალერსები ყველაფერი ამ კედლებს შიგნით: ფანჯრების წინ დაყუდებული ხრიოკი მთებიც, ეს ზეცაც მთებზე ნაღვლიანად ჩამომხობილი. ამ ოთხ კედელში ახლა მხოლოდ მოგონებათა ლანდებიღა დაწრიალებენ. ვინ გახსნის ფანჯრებს? რა პირქარი გაანიავებს შენს სურნელებას? ძველ ლარნაკშიაც აღარ ყვავის ახლა ვარდები, მაგრამ შენი თითების სითბო შერჩენილია მის გლუვ კედლებზე, მოჩითულია სიყვარულის მხურვალე ტვიფრით. აქ ბედნიერი ფრინველი სტვენდა. მისი გალობის თითეულ ბგერას, როგორც ნიჟარა ზღვების შრიალს - ისე ვიგონებ, ამქვეყნიური ყაყანისგან დაოსებული. შენით სავსეა, შენით სავსეა, შენით სავსეა ეს ბეტონის ოთხი კედელი! |


