|
ვინ არის-მეთქი, ვინ არის, რომ შემოგყურებს სარკეში, აქამდე ნუთუ ვერ მიხვდი, ნუთუ იმისთვის იცოცხლე, რომ ეს მოხუცი გენახა, ეს ნაღვლიანი რელიქტი.
რომ უთიმთიმებს მუცელი და დადის თავმოდრეკილი, ქუჩაში გზას რომ მიიკვლევს და ხელში ჩანთა უჭირავს ატატებული ლეკვივით.
ამ მოხუცს ვეღარ ნახავდი, რომ სცივა შალის წინდებში და ბანდეროლზე გამდნარი ლუქით რომ ხელი ესვრება და აღარ ახსოვს ინდექსი.
ფუსფუსით, ტკბილში ცხოვრება ნაღველს ვერ აგილესავდა, დღეს, როცა დაქსაქსულია დელტა და ბოლოს მდინარე უახლოვდება შესართავს.
რომ შემოგყურებს სარკიდან, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი, ნუთუ იმიტომ იცოცხლე, რომ ეს მოხუცი გენახა, ეს ნაღვლიანი რელიქტი.
შეღამება და სიბერე მოულოდნელად მოვიდა, სიტყვის ხაფანგში გაბმულმა დასკვნა ვერ გამოიტანე წყვდიადის სიახლოვიდან.
მიმზიდველია ცხოვრების გაშიშვლებული დეკოლტე, მაინც ტკბილია უთოთი აორთქლებული ზეწარი, ნაღველს რომც დაუმეგობრდე.
ტვირთად რომც გექცეს სხეული ჭრიალი იატაკისა, რა ვუყოთ, თუკი გახუნდი და ჭიქას ხელს თუ აფარებ, სასმელი რომ არ დაგისხან...
თუ ერთხელ მაინც სინათლემ თვალებში შემოგაშუქა, ნაჩუქარია სიცოცხლე, არ ესინჯება კბილები ცხენს ნაბოძებს და ნაჩუქარს!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |


