|
როცა მოდიან ჩემთან სტუმრები, ვერც კი მოვასწრებ კარის გაღებას, უმალ იწყება საყვედურები: რად აგვიანებ დაოჯახებას!
და გაოცება კვლავინდებურად: ნუთუ არა ჰყავს ვინმე მიჯნური, უცოლოდ რატომ გათეთრებულა.
მაგრამ ხუმრობას ვინმე შეგარჩენს? შვილიშვილი რომ არ ჩაიხუტოს, ბიჭო, ნუ მოკლავ ისე დედაშენს.
მე თვით გავაღე სახლის კარები. დაბადების დღეს რა მომივიდა, მეჩხუბებიან ნათესავები.
მე მოკრძალებით ყველას თავს ვუხრი, რა დაემართათ ამ ჩემს მეგობრებს, ჩემს ნაცვლად მაინც გასცენ პასუხი.
და მოვიშველე ისევ ლექსები. მაგრამ ისინიც შემომესიტყვნენ: ოცდათექვსმეტი, ოცდათექვსმეტი!
და შორს წასული წლები შევრისხე, შენ, ჩემო თავო, სად არ გივლია, მაინც მარტო ხარ დაბადების დღეს.
დაგიბურდია გზები ცვრიანი. რა დაგრჩენია მშობელ მხარეში, მარტო ლექსები და ხეტიალი.
ვით მეომარი, ვდგავარ უფაროდ. და ჩემს სუფრაზე ისე დავდუმდი, როგორც წისქვილი უწყლო, უღარო...
და როცა ბოლოს ყანწი შემივსეს, ისევ მესმოდა: წყვილად გვენახე მომავალი წლის დაბადების დღეს! |


