კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 21:08

 

მზია გველესიანს

 

მე ვარ ძლიერი, მე დავიბადე ოთხი თუ ხუთი ათასი წლისა,

მე ავირიდე ყველა ხიფათი, მე ვიცი, რასაც ვიტყვი და ვიზამ...

ჩუმი ფუსფუსი საღამოს ბინდში ისე გათავდა, როგორც ბაზრობა

და მე ვიგრძენი სიკვდილის შიშის უსაფუძვლობა და უაზრობა.

მე ვარ უკვდავი, დავკარგე ჩრდილი და სვეტებივით ჩემი ფეხები

მიწას ეყრდნობა და შუბლზე თბილი მარადისობის სუნთქვა მეხება.

მე ვარ ძლიერი, ჩემი ხელმწიფე მე თვითონ ვიყავ, ვერავის ვენდე.

და რაც მებადა, სულ მთლად შევწირე ჩემს ბოროტ ღმერთებს და კეთილ ღმერთებს.

მე ვარ ძლიერი და მე ვერასგზით ვერ დამხრის, რამაც უნდა დამხაროს,

მე ვარ ნათელი და ჩემს მზერაში მოქცეულია მთელი სამყარო.

რასაც ვეძებდი, ვერ უკუმექცა, მე დავინახე იგი უეცრად,

მაგრამ მე ღიდი გზა გავიარე, რომ დამენახა იგი უეცრად...

იყო ტკივილი, ეჭვი და რყევა, ჩემი გარდაქმნა, გაზრდა და წინსვლა,

მე სხვა ვარ, მაგრამ მე მაინც მე ვარ და რაც ვიყავი, მე მაინც ის ვარ...

და იგი, რასაც ვეძებდი დღემდე და მივაგენი, თურმე იტევდა

სხვისთვის მიგნებულ და მხოლოდ ჩემთვის ჯერ მიუგნებელ ჭეშმარიტებას...

მე უკვე ვიცი: ეს მიწა მე ვარ, ჯერ დაუფშვნელი ცოცხალი ბელტი,

გაჩენის დღოდან ამ მიწადქევას მე სიჯიუტით ვებრძვი და ველტვი...

მზე სულ ახლოა, ცა სულ ახლოა, ზევით მეწევა ყველა ვარსკვლავი,

მტანჯავს მიწის და ცის უთანხმობა - ქვევით მეძახის მიწა დამსკდარი...

ვერა, მე ასე ვერ დავუბრუნებ მოუქანცავ და  უბრძოლველ სხეულს,

ასე უეცრად, ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ ცარიელ რვეულს...

გაურჯელ მკლავებს, მოუღლელ სხეულს ვერდავუბრუნებ ასე უდროოდ,

ჩემი სიცოცხლის მზიანი დღეა, ისევ მამშვიდებს ეს სიმყუდროვე...

ჩემი ოცნების გემებს დაღლილი ზღვა რომელიღაც კუნძულთან არწევს,

ვერ მეფარება დიდი სახლები და ვხედავ დიდი  გემების ანძებს.

ერთგული მიწა სირბილით ხვდება თვითმფრინავების დაშვებულ ბორბლებს,

ისევ მაღლდება ყვითელი მთები და მზე ბილიკზე ბავშვივით მორბის...

გაბრწყინვებული დიდი სინათლით მოზღვავებულა დღეს სახილველად,

რაც მე პირველად ვერ დავინახე და რასაც ვხედავ ახლა პირველად!..

ჩემს შუბლზე ფეთქავს ცისფერი ძარღვი და ყველაფერი იმ ძარღვში ფეთქავს,

ხმაურობს სისხლის პატარა არხი და ეს ხმაური თავს იყრის ერთგან.

იგი აყრუებს და იგი ფარავს ყვირილით ნათქვამ სიტყვების ქაოსს,

მაღალ ბალახზე გაწოლილ ქარებს, მატარებლების ბორბლების ხმაურს...

ის რეკავს, იბრძვის, ფეთქავს და არხევს მზეს, დედამიწას, დროსა და სივრცეს,

ამ ძარღვში ფეთქავს იმათი ძარღვიც, ვისაც მე, ალბათ, სიცოცხლეს მივცემ...

მე ვარ ძლიერი, მე ვარ ტანადი, მე ვიცი, სადაც ვივლი და მივალ

და ჩემს ოფლიან სახეს ანათებს დამწიფებული თავთავის ბრწყინვა...

ჩემამდე აღწევს მდინარის სუნთქვა, ჩემი ცოცხალი მდინარის სუნთქვა,

იმ მდინარეში ჩემი სისხლია, ჩემი სუნთქვაა მდინარის სუნთქვა.

ის არ ეხლება, ეს მე ვეხლები ქვიან ნაპირებს და ხის ბოგირებს,

მისი სიცოცხლე, მისი სიმხნევე მე კვლავ მაცოცხლებს და მაბოგინებს...

ველზე გასული, როგორც მთესველი მე მდინარესთან ერთად ვთენდები

და ვეჭიდები მიწას ფესვებით, ჩემი წარსულით და ლეგენდებით...

ხეებში სუნთქავს დამცხრალი ვნება და ქვენაქარზე ქანაობს ბალბა,

ჩემი წინაპრის საფლავის ქვები უფრო და უფრო მიიწევს დაბლა.

მე ვარ უკვღავი და ეს შიშველი კედლის ნანგრევი ჩემი ფესვია,

მე ვერ ვიცოცხლებ და დავიქცევი, თუ დამექცევა ეს ეკლესია!..

 

აქ, ამ ველებზე და ამ ბორცვებზე განისვენებენ ჩემი ღმერთები,

მე იმათ ფერმკრთალ შუბლზე ვლოცულობ და როცა ვკვდები,  მათ ვუერთდები.

ღამით რომ მიხმობს, მათი ხმებია და ჭრიალებენ მათი ურმები,

ისინი ყოველ დილით დგებიან და ასდით სველი თივის სურნელი...

უდგათ ზარფუში და ზედადგარი, წისქვილის გელაზს კლდეებში თლიან,

მდინარეებთან მოსული მთები მათი დახრული ძვლებივით ყრია...

და სამხრეთიდან ცხელი სამხრეთის ქარს მოაქვს ჩემთან მათი ჩურჩული,

რომელიც ახლა ისე მამხნევებს, როგორც ტაძარი მზით გარუჯული.

მე ღამიო ვუსმენ მწუხარე ეჟვნებს, აქლემებს მისდევს უდაბნოს მტვერი

და ამ მხურვალე უდაბნოს მტვერში თვალს ეფარება მრავალი ერი...

სულ სხვანაირი დგება ამინდი, წითლად ანთია  ცის ნახევარი

და ღვთაებრივი სემირამიდას ბაღებში ფრთხილად ჩადის მხევალი...

ანატოლიის ქვიშას მიმხმარი ხეთი სულს ებრძვის და იყურება,

სამი ათასი წლის შემდეგ მიხმობს: „დამალევინე, წყალი მწყურია!..“

და იხლიჩება დიდი ხეები, ტრიალებს ქვიშის მაღალი სვეტი,

მარდუქის ტაძრის საკურთხეველზე ეცემა სისხლის მაძღარი წვეთი...

თრთის ბაბილონი, თრთის ქანაანი, ძლივს მოჩანს  ჩემი გზის დასაწყისი

და მაღალ ხეზე ნელა ქანაობს დაკიდებული ოქროს საწმისი...

და მესმის, როგორ კანკალებს სივრცე და როგორ სუნთქავს სიცხე მკათათვის,

და პომპეუსის ხავსიან ხიდზე ჩემი მდინარე როგორ გადადის...

 

ჩემო ღრუბელო, ჩემო ავდარო, ჩემო მინდორო, ჩემო ზეგანო,

მოულოდნელად ზღვასთან თავდები, მე კი მგონიხარ  უკიდეგანო!..

უშენოდ მე ვარ ხორბლის მარცვალი, ქარში ნასროლი და უბინაო,

მე მოვდიოდი შენსკენ ცახცახით, მე ვიქცეოდი და მე ვგმინავდი.

მე მოვდიოდი და ქარი მხრიდა. აქვითინებულს და გაღიმებულს

მე შენს წიაღში გაჩენის დღიდან მინდოდა ძილი და გაღვივება.

მე ვიყავ ლტოლვა, ვიყავ სიცოცხლე, ვიყავ ძიება, როგორც ნაფოტი

წყალს მოვყვებოდი და მე ვიცოდი, ვისთან და ვისკენ მოვისწრაფოდი.

მე შემზარავი ვნახე სურათი, მე ვნახე წარღვნა, დამტვრეულ რტოებს

სახეში მცემდა და მივცურავდი, ბნელში კამეჩი ყვიროდა: „ნოე!..“

უკან სიკვდილი მომდევდა ბერწი და ყოველ ბუჩქთან თვლემდა ხიფათი,

ვეფარებოდი ჭაობის ლერწმებს, ფეხებს ევფრატის წყალში ვიბანდი.

მე გავიარე კაბადოკია და დასიცხული ქვიშაზე ვეგდე,

ხან დაპყრობილი და გათოკილი მე მივყვებოდი ასურულ ეტლებს...

მე ხმალს ვიქნევდი და მძიმე ფარზე ასგან ელავდა მზე ჩაჭყლეტილი

და ბორცვზე იდგა ძლიერი მარსი და მისთვის ვიყავ მხოლოდ წერტილი.

მე მიკვირს: ჩემმა დაღლილმა ძვლებმა როგორ გაუძლო სირიის მტვრიან

გზებზე ხეტიალს, ჩაზნექილ გემბანს, იალქნიანი  ნავების ჭრიალს.

და დასისხლული ჩემი ხელები ეჭიდებოდა  წვეტიან კიჩოს,

ენთო ბოსფორი და გალერებზე ჯაჭვით მიბმული ვუსვამდი ნიჩაბს...

მიმძიმდა ტვირთი... ის მხრებში მხრიდა და ჩემი ძვლების ჭრიალს ვუსმენდი,

მე გზაზე ვიდექ გაჩენის დღიდან და დაბეგვილი მქონდა ქუსლები...

სინათლისაკენ გზა იყო შორი, მე ვგრძნობდი,  სადღაც ენთო აპრილი

და ჩემი სული იყო ღრმა ორმო, მზე აშუქებდა მხოლოდ ნაპირებს...

მაწყევლინებდა ტანჯულ სიცოცხლეს ფარისევლობა ფარისეველთა,

თურმე ვტიროდი და არ ვიცოდი, თუ ფერმკრთალ ღაწვებს რა მისველებდა!..

მე დაღლილ სხეულს ძლივს მივათრევდი არარაობის  განწირულ გზებზე,

მე ვოცნებობდი დიდ სინათლეზე და იმ სინათლის მოტანა შევძელ!..

 

ჩემს ძლიერ სახელს მაღალ კლდეებზე შენ კრძალვით წერდი, თიგლათფალასარ,

მაღალ კლდეებზე ჩემს დამარცხებას შენ კრძალვით წერდი, თიგლათფალასარ!..

საუკუნეთა იმ სიმრუმეში იდექ სასტიკი და სხვას ჰკიცხავდი,

და შენ გეგონა თურმე უმეცარს, დროს მოაქცევდი წელთაღრიცხვაში!..

ცის ლურჯი თვალი იყო ვეება, იყო გამშრალი, იყო უცრემლო,

ამოხაპული მდინარეები პირაღმა იწვნენ თეთრი მუცლებით...

და მიჰყვებოდა დამწვარ ფერდობებს ჯოგი და ჯოგი, ძვალი და ტყავი

და დედაჩემის მოთქმა ერთვოდა წამოქცეული საქონლის ბღავილს.

სასოწარკვეთა, ზიზღი უღრმესი, შურისძიების ველური ვნება

უკან მომდევდნენ, როგორც ურმებზე ჯაჭვით მიბმული ძაღლების ყეფა...

ჩემს ტუჩებს, გამშრალს და გაფიცხებულს მხოლოდ და მხოლოდ სურდა სისველე

და მაწვალებდა უღვთო სიცხეში მოჩვენებები ოაზისების...

და უსიზმრებო უდაბნოს ძილში და სიყვითლეში ნელა ახელდა

ცხელ ქუთუთოებს უსაზღვრო შიში - გაურკვეველი და უსახელო...

მე ვნახე ხვატით დამწვარ მიწაზე უეცრად ცეცხლის გათავხედება

და რამდენიმე ღამე იწვოდა ჩემი ქალაქის დიდი კედლები.

სადაც ტაძრები მხრებით ეკავათ წელში გადრეკილ კარიატიდებს

და უზარმაზარ ზარებს რეკავდნენ, - იყო ნაცარი და მე ავტირდი...

 

შენ იყავ ქართლი, ცისფრად გღებავდა თრიმლივით ჩუმი საღამოს მოსვლა,

რა იდუმალი და რა მგზნებარე იყო მაღალი ხეების ლოცვა!..

ის აწყდებოდა უხილავ თაღებს და მე არსმენილ ლოცვას ვისმენდი

და მიდიოდა სულ უფრო მაღლა ცა უსასრულო და შვინდისფერი.

მე მოველ მწირი და უბინაო და შენ კალთაში ჩაგიდე თავი,

- მოდი, დამლიე, - მითხრა მდინარემ, - ჩემს ზედაპირზე ჩაუშვი ნავი...

ხვალიდან უნდა ჩემს ცეცხლს ებოლა აქ, ამ მიწაზე და ჩემს უძველეს

გატანჯულ მოდგმას და არსებობას სურდა ფესვები და საფუძველი...

ვიწექ ბალახზე, ხარბი წყურვილი გაქრა და ახლა ძილში მესმოდა

განრისხებული და დათრგუნვილი, ვით შესჩიოდა ცას ჰელესპონტი...

და გაბზარული უკვე ყვიროდა ბნელ ქვესკნელიდან ჩემი ბილინგვა,

მე მაშინ უკვე ვიყავ ისეთი, როგორიც მსურდა რომ ვყოფილიყავ...

მზე მოდიოდა ღიმილით ჩემსკენ, მწვავდა, მრუჯავდა, ვნებით მკოცნიდა,

მე მაშინ უკვე ვხატავდი ფრესკებს, ავაგე გრემი და ნიკორწმინდა.

უკვე სუნთქავდა ჩემი ნაყოფი, ჩემი მბორგავი სულის კივილი

და უარყოფის ეს უარყოფა მშობიარობის მთხოვდა ტკივილებს...

შენ იყავ ქართლი და მიწის ძარღვებს დაწაფებული ხარბად გსრუტავდი

და მივდიოდი ცეცხლივით მაღლა და ჩაღდებოდა სული მბჟუტავი...

მე ვხმაურობდი შენი სისხლივით, ჩემი ხმა რეკდა, როგორც ფოლადი,

პეშვით მომქონდა შენთვის მზის სხივი და აპრილივით  გზებზე ვბოლავდი...

მე ძლიერ მსურდა, რომ ალერსიან სიცოცხლეს ეთქვა: „ნუ წახვალ, დარჩი!..“

და ფართხალებდა, როგორც თევზები ჩემი შიშველი ფეხები წყალში...

მე ბედნიერი ვიყავი: წვიმდა!.. ირგვლივ სინათლე იდგა ყვითელი, 

მოწყურებული ალერსით მღლიდა ზაფხულის წვიმის გრძელი თითები...

მე შევყურებდი ცას უსათნოესს, მერცხლების ფრთებქვეშ მღეროდა ქსანი

და თავთავების სუნი მათრობდა... და ნეტარებით კვნესოდა ტანი...

ის მაბრუებდა, სინათლეს მფენდა, მე მივდიოდი და სიკვდილამდე

გაჩირაღდნებულ თვალებში მენთო იმ თავთავების დიდი სინათლე...

 

მე ვწერდი, როცა იდგა წყვდიადი და სოფელს ჩემსას ერქვა ცურტავი,

მე სიბნელიდან გამოვდიოდი და სინათლეში თვალებს ვჭუტავდი...

და მომყვებოდა დაქანცულს გარეთ დამძიმებული წიგნების მტვერი,

თრთოდა და ზანტად ეფინა მზვარე და ქვითქვითებდა ყანაში მწყერი...

შენ იყავ ქართლი და დედის ძუძუდ შენი მზიანი მქონდა ბორცვები,

შენი ღრუბლები აკვნის ჩვრებია: მე ყრმა ვარ შენი - შენზე მლოცველი!..

მე მზით გავსებულ თვალებს ვახელდი და მე მწყუროდა ვნებით ცახცახი,

ჩემს შიშველ ფეხქვეშ გრძელ საწნახელში იჭყლიტებოდა ყურძნის მარცვალი.

ვხნავდი, ვკაფავდი, ვრწყავდი, ვბარავდი და მე მტკიოდა ყველა სახსარი,

მიწით ვცოცხლობდი და მიფარავდა ჩემი კოპალა და იახსარი.

მე არ მეძინა და გაფითრებულს და ძილდაკარგულს, მშიერს და მწყურვალს

თავმონგრეული კოშკის ქვითინი მესმოდა: „შვილო, სადამდე, ზურაბ!..“

ის იყო დედა. მე მან მიხილა თავის სიზმრებში და დავიბადე.

ის მიწასავით მისკენ მიხმობდა და თბილი იყო,  როგორც თიბათვე...

ყველა ჭრილობა იმან მომბანა და შიგ მიფენდა ნამიან თივას

და ახლა ძველი ნაჭრილობევი მხოლოდ ღრუბლიან ამინდში მტკივა...

 

მე ვარ ძლიერი და კვლავ არსებობს ჩემი ჯილაგი და გასაგისი

და დღეს არ ვიცი, რად გამახსენდა ჩემი დიადი გზის დასაწყისი...

მე გავარღვიე წყვდიადის ალყა, ეცემა ჩემი სინათლის ჩქერი,

მე შეურყეველს უეცრად ვარყევ, მე ვარ ჭურჭელი, არა მაქვს ფსკერი...

მე მოვიშორე ის, რაც მიშლიდა, გავექეც ფარულს და გაურკვეველს

და ისე მავსებს ახლა სიმშვიდე, როგორც ნახშირი - გემის ბუნკერებს... 

ჩემმა კეთილმა ღმერთებმა უცებ ისეთი დიდი ღონე მაჩუქეს,

რომ ჩემი ძველი წიგნების ფურცლებს მე ვტოვებ, როგორც კვერცხის ნაჭუჭებს...

მე გავიზარდე ძალიან სწრაფად, ბუნებამ მომცა, მე რაც მოვთხოვე,

ეს მე დავცქერი ურანის ქვაბებს, წყვდიადში მძინარ აეროდრომებს...

მე ჩავიდინე საქმე საზღაპრო, რადგან ვიცოდი: სივრცის მემართა

და წაიშალა ახლა საზღვარი ადამიანის მისწრაფებათა...

მე თეთრ ქაღალდზე ფიქრით დახრილმა განუზომელი ვიგრძენი ძალა, 

ეს მე ვიყავი, მე შევარხიე სეისმოგრაფის დამფრთხალი შკალა.

მე გავუძელი შფოთვას და ტკივილს, მე გავიარე ღამის კიდეზე,

მაღალ ხეებში სინათლის სხივი ფართხალებს, როგორც ჩემი სინდისი...

თრთის და კანკალებს მიწის ორბიტი -  ჩემი საყრდენი და ჩემი ფუძე,

ვით ყრმა, რომელიც ჩემსკენ მორბოდა და ახლა გული ფეთქავს და უცემს...

მე დავიჯერე: შენობის გროვად ვერ გადვიქცევი და ვერ მომსპობენ

და იმ ღამეში, რომელიც მოვა, ანათებს ჩემი ძვლების ფოსფორი...

 

მზე სულ ახლოა, ცა სულ ახლოა, ზევით მეწევა ყველა ვარსკვლავი,

მტანჯავს მიწის და ცის უთანხმობა - ქვევით მეძახის მიწა დამსკდარი...

ვერა, მე ასე ვერ დავუბრუნებ მოუქანცავ და უბრძოლველ სხეულს,

ვერ შეგელევი ასე უბრალოდ ჩემი სიცოცხლის მზიანო დღეო!..

მე შენი სუნთქვა მეხება თბილი და დგახარ როგორც ჩემი ბეთლემი,

შენ ხარ მაღალი და მე ვარ ჩრდილი შენს განათებულ მზიან კედლებზე...

მხოლოდ შენა ხარ ჩემი ამინდი და ჩემს სურვილებს შენ გამინაღდებ,

შენ დამადგები და შენ ამინთებ აუნთებელი სულის ჩირაღდნებს...

მხოლოდ შენა ხარ ჩემი ამინდი და ცისფერ ძარღვში ფეთქავ სისხლივით,

უნდა შენზე ვთქვა, რაც ჯერ არ მითქვამს და ის,  რაც მხოლოდ იგულისხმება...

მე შენ გეძებდი, როცა გუგუნი იდგა, და მე შენს ალერსს ვითხოვდი,

დაბადებული ღამის შრიალში მე შექმნილი ვარ შენი სითბოთი. 

სული შთამბერე, ვიყავ თიხისა და ვიგრძენ ჩემი ტერფი და თხემი,

იყავ ნათელი და შემიხიზნე და ჭურჭლად გქონდა სხეული ჩემი...

და იმის შემდეგ, რაც დაგინახე, ვიწრო ოთახში  ვეღარ ვეტევი,

გავსებულია შენი სინათლით ჩემი ცხოვრების ეს ფრაგმენტები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen