|
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან... შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილი და სილამაზე ფერთა. ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან!
ბევრი ვიარე კენტად, მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები, ვერ დავემალე ვერსად, ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან!
არ არსებულა ქვეყნად, სულმა სიამე შენთან განცდილი ვეღარსად ჰპოვა, ვერსად, – ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, მე ისევ მოვალ შენთან!
ვერ დავემალე ვერსად, გული საოცარ დარდით დაჭრილი ფეთქავს და აღარც ფეთქავს... ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან!
მაბნევს სიმუქე ფერთა... მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე, შენ სიყვარულის ერთავ! ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან! |


