|
ვუძღვნი ჩემს ძაღლს
კუდ-ქიცინა და ’შავ-ყურა, ჩემო ძაღლო, ჩემო მურა, სუყველამ ჭირი მოგჭამოს, ვინც მე ტყვილად დამემდურა...
უსასყიდლო არსად არი, სულ ძებნით რომ გადვიაროთ ოცდაათი მთა და ბარი.
თუმც, პირუტყვო, არ გაქვს ენა. მაგრამ გშვენის კუდის ქნევით ერთგულების გამოჩენა.
შენც გიღრინავს მაშინ გული, წუწკუნით თვალებში მიცქერ შენ კუდ-ამოძუებული.
ჩემს: სიხარულს შუა იყოფ; კუდს აქიცინებ, ნავარდობ, ყურებს ცქვეტ, ჰყეფ და ამაყობ!
მეგობრებს აწ აღარ ვსტირი, რადგანც შენ დაგემეგობრე - ყველამ შენ მოგჭამოს ჭირი!.
კაცნი ვართო, ამაყობენ, მაგრამ მხოლოდ შენ გბაძავენ: ძაღლობენ და ვერ იტყობენ.
საზრდოს სუნით დაეძებენ, ძლიერს ფეხებს უსლაქავენ, სუსტებს კი საზრდოს სტაცებენ.
ნაცვლად მრავლობენ მხეცები, მაგრამ ბევრნი ვერა ჰხედვენ, რადგანც არიან ბეცები!..
და მჭვრეტელნი გავაკვირვოთ: მოედანზედ გამოვაგდოთ ის მხეცები, დავიჭიროთ.
სსსი!.. ჰკარ მაგას!... მაგას ეცი... რა მხეცია, ერთი ვნახოთ? დამართნია კიდეც ქეცი!..
ჩამოუგდია ქვიქვირი, ეხლა ვიცი, ვინც ბძანდება: ბატონია დიდი ვირი!
პირუტყვების თავი არი, თუმც გარჩევა კი არა აქვს, სწორედ უჩნს მას მთა და ბარი!..
თუმც კიტრია მაგის ფასი. - შეუტივე მაგ ყურ-გრძელსა, მმუ! ამუ! ჰკარ მაგას!... სსსი..
სჯობს, წამძანდეს ვირის ჯოგში! "აცე, ვირო! აცე, ვირო!" მივაძახო: ჩოქში! ჩოქში!“
მოუყეფე ახლო-მახლო, გამოაგდე მოედანზედ მხეცი, კბილი კი არ ახლო!..
რა მხეცია? - გახლავსთ ღორი! ღრუჩუნითა მოძუნძულობს, მსუქნადა აქვს ტანზედ მძორი.
მისის დრუნჩით მამულსა სთხრის, სხვის ეზოში ნაგავსა სჩხრეკს, გამოაქვს და შარაზე ჰყრის.
რადგანც აქვს დიდი ზვინია. თვისას სვრის, სხვის ეზოს სწმენდავს, ერთგული და მომჭირნეა!..
ეგ პირუტყვი ჩვენ ნუ გვინდა! წასულია მაგისი დრო, მაგის დილა დაიბინდა!
უკბინე და გაამწარე, რომ ხალხში აღარ გამოჩნდეს, მოძებნოს თავის საღორე!
ჩუ! გამოხტა კიდევ მხეცი! აბა სცანით, რა მხეცია, თუ არა ხართ ყველა ბეცი!
მოცუნცულებს ნელ-ნელა! აბა კარგად გამოვიცნოთ, დაუკვირდეთ მაგას ყველა!
მაგან ყველა მოგვინელა: არც მტერსა და არც მოყვარეს, არ ზოგავს თუ დაიხელა!...
სხვის ეზოში რომ მიძვრება, და ვაი მაგის მიმდობსა, რა უწყალოდ ტყავი სძვრება!
დადის ეგ გაწუწკებული, გაუტანლობით, ღალატით და ეშმაკობით ქებული!
სერი გადაარბენინე! კუდიდამ ტყავი ააძრე და თავზედ გადააფინე!...
ეგ მყრალი და საძაგელი: სულ მაგისგან ამოვარდა საწყალი ჩემი სოფელი!..
საზრდოს სტაცებს ყველას, ძალობს, მაგრამ ვერვინ რას უბედავს, რადგან თვითონ ლომი სწყალობს.
მოაგონდეს თავის სორო, უტეხს ტყეში გლიჯინობდეს, აღარ ჰქონდეს ბინა მყუდრო!
ტაცებაზედ ხელს აიღებს და, ახლა რომ ფეხებს სლაქავს, იგივე ძაღლი შეუყეფს.
ან და ნუ ჰყეფ! აწ კი კმარა... თორემ ამ ერთგულებისთვის დაგვერქმევა მეტიჩარა!..
დავანებოთ თავი მხეცებს!.. თუ სუყველა გამოვაგდეთ, ცოტას ვნახავთ ჩვენ ში კაცებს!..
ვფიქრობთ, ბევრს არ ეყურება!.. მართალისთვის, კარგად ვიცით, რომ ბევრი დაგვემდურება!..
ტკბილად მყეფო, კარგო მურა, სუყველა შენ გენაცვალოს ვინც ამ ლექსზედ დამემდურა! |


