კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:44

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

დღე აღარ დღეობს, ჩაქრა მნათობი,

ცით გარდმოვიდა მაცნე გლოვისა...

... მწუხრის ვარსკვლავი შემობრუნდა 

ძალთა მპყრობელად,

კვლავ ძოწეულით იმოსება დასალიერი...

და გარდასული სასოების გამომხმობელად

გარე-მომდგარან მწუხარების ასაბიები...


ცას იდუმალი ბინდი აშინებს, მზე გაკრეფილა

ჩრდილში მალიად

და საღამოის უჩინმაჩინებს ბნელ წიაღებში მიუჩქმალიათ...


მიუჩქმალიათ, აჰავაი, მიუჩქმალიათ!..


...რა არის ჩვენი ყოფა: - სულთქმა წუთიერი,

ბნელთა შიგან გამომკრთალი ჩვენება...

მიწად მიიქცევა იაკუთიელი

მიდის,

მზედ მიდის...

მიესვენება...


ვინ გამოიხმო მედროშენი ვაებისაი,

ცრემლი რომელმან ინატრისაო?

ვარსკვლავთმისანო, მიტიე გზაი,

მოვედ, მორბედო სინათლისაო!


მზეო, მობრუნდი

მზეო, მოიქეც,

სისხლით შეღებე შენი ქიტონი;

გუმბათიონით გარდამოიღეს 

გაუქმებული პარაკლიტონი.


ცათა ნათელი მიღმიეთში მიეფინება,

უფლის ტაძარში დაიშრიტა დიდი კანდელი;

დრომან შესწყვიტა თვისი დინება,

ღამე არ ღამობს ამაღამდელი...


მზეო, მობრუნდი

მზეო, მოიქეც,

წითლად შეღებე შენი ქიტონი;

კვლავ სინანულით გარდამოიღეს 

ცის მგლოვიარე პარაკლიტონი...


კვლავ დაუქროლა ქარმა ზამთრისამ,

დრომ მიითვალა სითბო მკათათვის,

კვლავ შეტრიალდა ბედის ბორბალი, 

ცა განემზადა ცვალებათათვის...


ცვალებათათვის, სულო ჩემო, ცვალებათათვის!..


ღვთის ასაბიამ 

ალამდარი მოინაკლისა,

ყრუდ მიიქცევა სიბნელეში მისი ჩვენება;

მაგრამ სად წავა სვეტი ნათლისა,

ვის საუფლოში ჩაიწვერება?


ძალი რა უყავ, ძალთა მძლეველო,

სად ჩაიშრიტა შენი მთიები? 

- ცრემლთ მარგალიტებს მოამცვრევენო, -

- აღესრულაო, იეკუთიელი!..


აღესრულაო, ვაი, ავაჰმე!

განასრულაო ყოფნა წუთიერი...

აღესრულაო...

აღესრულაო...

აღესრულაო იეკუთიელი!..


მზეო, მომხედე,

მზეო, დამიცავ!.. 

უნდა მის ხსოვნას ლიბოდ დავედო

გარნა რად მაკრთობ, ბინდო ღამისავ,

სადით სად მოხვალ, მალახ-მავეთო?


...მზის შესაყრელად მოდგა ლანდეთი,

ისევ გაცუდდა ძალი მძლეველის

ეჰა, სად მიდის შარავანდედი

იეკუთიელ ნათლისმცემელის?


რას გვაუწყებენ ბნელი ნიშები, გაღმით ვინ მოსთქვამს:

"- ვერღა ეწიოთ!.."

რად აღიძვრიან პარაკლისები

სააღლუმოდ და

საეკლესიოდ?..


ცად აგუგუნდნენ საგუმბათენი, 

მეგუმბათენი შემოკრბნენ ვაით...

სად გარდაეგო მისი ნათელი,

მზე სადაური გარდახდა საით!..


მოდგა ჩრდილოით შავი გრიგალი,

სამხრეთს უმტვრია სრათა რიგები,

მაღრიბს მოდიხარ ნამაშრიყალი 

და ნაღვლიანად გვეშიკრიკები,


გარნა არ გვესმის შენი ძახილი,

მრევლი აწვიმებს ცრემლთა ნაკადებს

და მწუხრეული სულის საოხად 

ხმა ქვეშეთიდან ამოგვღაღადებს:


- ხელმან მტრისამან ცეცხლი ჩაუქრო, 

უნდა მიწაში ძვლები ჩაკრიფოს, 

მზემან დააგდოს თვისი საუფლო

მაშრიყს გასცდეს და გამაღარიბოს.


ვაი, საყდრეულო გადაბუგულო, 

ვაი, სანუთროის ცრუო ზმანეთო!

გზა უბადოა, მწყემსი - უგულო, 

ხალხიც უნდო და უერთმანეთო!..


იეკუთიელ! 

იეკუთიელ! 

ჟამი ფიცხელ არს, ყოფნა - წუთიერ...


უფლის ვანში დგას შენი კარავი

გარე-გივლიან ვარსკვლავები წყნარი გალობით...

მაგრამ, რაც დაგშთა მიუთვალავი,

დრო მიითვალავს თანდათანობით.


თანდათანობით...

თანდათანობით...


„ყოფნა სიზმარს ჰგავს!" -

მჭევრობს მავანი,

ყურად არ იღებს სხვათა საბუთებს,

ჩვენ კი გულს გვიკლავს სიტყვის ჯავარი, 

გზასაც გვიბნევს და გვიაბლაბუდებს.


"ყოფნა ყოფნაა!" -

ბჭობენ მეფენი, 

გარნა ხმა გვეტყვის ზესთა კრებულის:

ვინ ინიშნაო სანიშნებელი

არსებულის თუ არარსებულის?


და მიგვაცილებს კითხვა ცისმარი,

ისევ ისე ჭირს ბნელში გაგნება,

აღარც ცხადი ჩანს, აღარც სიზმარი,

გზაც - უსასრულოდ მიიკლაკნება.

 

..............

 

ცამ სინანულის დაგვდო ბეჭედი,

მზე შემოგვადგა გლოვის წერილით,

ისევ ყრუდ დრტვინავს ცათაქვეშეთი

დროც მიიქცევა უწინდელივით...


ძალნი რად გლოვენ, ძალთა მძლეველო,

რას გადმოგვძახის შენი მთიები? 

- ცრემლთ მარგალიტებს მოამცვრევენო, -

აღესრულაო იეკუთიელი...


იეკუთიელ! 

იეკუთიელ! 

ჟამი ფიცხელ არს, ყოფნა - წუთიერ...


მე კვლავ მარცვალს ვთეს, ნახირს მივდენი,

დრომ მიითვალა სიტკბო იმდენი,

შენდა არ მზეობს იგი სამზეო, ჟამი არ ჟამობს 

იმჟამინდელი.


გინდა მზეს შეხვდე.

შეექილიკო? -

ნაცვლად ჩაგიხვევს მიწის ბელტები;

სიდან სად ჩახვალ, სოფლის ბილიკო,

ვის ჯურღმულებში ჩაიფერდები?..


ჩაიფერდები, აჰავაი, ჩაიფერდები!..


ვერღა აღანთო შენი ტაძარი,

იყოს, რაც არი, - იეკუთიელ!

ცეცხლი მინელდა, დაშთა ნაცარი,

იყოს, რაც არი, - იეკუთიელ!

გახსოვს? - კედლებზე ჰანგებს შეფენდა

შენი ებანი, - იეკუთიელ!

აწ ვინ გვასმინოს მქადაგებელთა

ქადაგებანი, - იეკუთიელ!..


ვინ განადიდოს შისი სახელი,

ვინ აამჭევროს კვალად ბაგენი,

ვინ შეავედროს მექულბაქენი,

იეკუთიელ!..

იეკუთიელ!..


მზეო, მობრუნდი,

მზეო, მოიქეც,

სისხლით შეღებე შენი ქიტონი,

გუმბათიონით გარდამოიღეს გაუქმებული

პარაკლიტონი...


...რა არის ჩვენი ყოფა: -

სულთქმა წუთიერი,

ბნელსა შიგან გამომკრთალი ჩვენება...

მიწად მიიქცევა იეკუთიელი,

მიდის, მზედ მიდის...

მიესვენება...  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen