|
ხშირათ გიყურებთ გატაცებით და აღელვებით, მხიბლავთ და მათრობს თქვენი ტანის მალული ვნება, როგორც ორი ტბა დაჩრდილული მაღალ ალვებით - შავია ცივათ მაგ თვალების აელვარება.
უცხო ფერისა პირის სუნთქვა, ბაგეთა ალი, ოცნებას იპყრობს, ვით სიზმარში ხმა სიმღერისა, ვით ბნელ ოთახში, როიალის ნაზი გრიალი.
ცხელი ქვეყნების მთა, მინდვრები, უსაზღვრო ზღვები, ჩემ თვალთ წინ შლიან სხვა სიტურფეს, სხვა ფეროვან ცებს, სხვა ზღაპრებს მიმცემს ინდოეთის დამწვარი ქვები.
არაბულ ბაღებს მე ვადარებ, სადაც სულთანი მის წინ მოცეკვავ ტიტველ ქალებს თვალს გადაავლებს, რომ აირჩიოს ერთ ღამისთვის მაცდური ტანი.
შემოგევლები, თავს შეგწირავ - თქვენ ვინ არ გეტყვით? უცხო რაინდზე ოცნებაში ხშირათ იღლებით და ყოველ უხეშსს თქვენ აწამებთ დაცინვის სეტყვით.
საშინელ იანუსს, ბოროტ ჩემ სულს, ეგ სილამაზე სურს მისცეს მსხვერპლათ და სავაჭროთ, თუ გინდ რომ მავრებს, რომ ვით დიაცმა აქვითინდეთ საზარელ ხმაზე.
საყვარლის მკერდზე მოთენთილი, დამონებული; მისი კბილების წითელ დაღით მოღერილ ყელზე, აშლილ ლოგინზე ურცხვი ხელით გატიტვლებული. |
| პოეზიის გვერდი • • • |


