|
ღამით მივედი სასაფლაოზე და ვინახულე ძველი ტაძარი, ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე, ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში, ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი, მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით, ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...
მიცვალებულთა რეკავდა ზარი, და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩა, - მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი, შეერეოდა ცოცხალთ ძახილი და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...
ჩაბნელებული უფსკრული შავი ბნელი თვალივით იცქირებოდა, სამარადჟამოდ დაუნახავი...
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი, დაცინვა იყო, ვით ორი სული, ვით ის ქვეყანსა და ეს სოფელი...
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა... მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა... |


