კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:32

 

მე შენთან ერთხელ შემოვედ, ლუკა

რაზიკაშვილის ასულო გულქან,

და დავინახე, შენ მამაშენი

თუ როგორ გადგა უხილავ შუქად.


საწოლზე იჯექ და დაეძებდი

ძირს ჩამოშვებულ ფეხით იატაკს,

შემოგცქეროდი, მაგრამ ასაკმა

თვალში სინათლე გაგიცრიატა.


სახეზე გედო ფერი მიწიდან

ამოღებული ძველი ამფორის

და მე ვერაფრით ვერ გაგიბედე

გაძვალტყავებულ ხელზე ამბორი.


საწოლზე იჯექ და ყრმობის სიზმრებს

თითქოს სიფრთხილით და მორიდებით

უხილავ თოკზე, ვით ბევრჯერ რეცხვით

გაცრეცილ ქსოვილს, ისე ჰკიდებდი.


მე მივხვდი, როცა გავიდა ხანი,

რაზიკაშვილის ასულო გულქან,

რომ თურმე მაინც არა ყოფილა

მამაშენისთვის საწუთრო გულქვა.


რადგან შენ ჰყავდი, შენ ღაღანებდი,

როგორც ახუნის გორზე კესანე,

მისი სიბერის მანუგეშებლად

და მისი სულის მონათესავედ.


ის ბედნიერი იყო მის გვერდით

როცა მინდორში იქნევდი სამთითს,

ან როცა დინჯად ცომს აბრტყელებდი

და ჯვარს ასტამით შუაში სვამდი.


ის ბედნიერი იყო, პაწია

ქალბატონს როცა კაბას გჩუქნიდა

და ქალამნები თალათინისა

როცა მოჰქონდა შენთვის დუქნიდან.


იმან იცოდა, ფერდობს ქოშინით

ჩამოირბენდი და ვით ალქაჯი,

მოეხვეოდი და მოიქცევდი

შენი მკლავების ვიწრო ალყაში.


ახალ კაბაში შენ გაფხორილი,

ვით ინდაურის იდექი ჭუკი

და მამის წითლად გადმობრუნებულ

უპეში ნელა დგებოდა შუქი.


და შენ გესმოდა ხნულში ჩამჯდარი

მისი ჩურჩული და საუბარი,

ქვას რომ აწვდიან კალატოზს ისე,

როცა აწვდიდა სიტყვას უფალი.


ამ ქვეყანაზე მცირეა ჩვენი,

თურმე უფლებამოსილებანი,

ვით განუზრახავს არსთა გამრიგეს,

ისე ლაგდება კაკლის ლებანი.


ო, ღმერთმა ჩემთვის ვერ გაიმეტა

პაწაწკინტელა ლურჯი კესანე,

ვისი სათუთი თითები სულის

ჭრილობებს სწრაფად გამიკემსავდნენ.


სწორედ ამიტომ მაშინებს-მეთქი,

ალბათ სიბერე თავის მუქარით,

ჩემს მაგიდასთან ბალღურ სიანცით

რომ არ კისკისებს ჩემი გულქანი.


როცა მოვკვდები და თვალს დავხუჭავ,

ეტყობა იმის ღირსი არა ვარ,

შავს ჩაიცვამდეს, თმას გაიშლიდეს,

წინ დაიდებდეს ამ ჩემს ტალავარს


და ცრემლით ისე დაასველებდეს,

რაზიკაშვილის ასულო გულქან,

ვით შენ ამკობდი უმანკო ცრემლით

ჩემთვის საწუთრო ყოფილა გულქვა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen