|
ჩქრიალა წყლებით ჩოჩქოლებს ხევი, მიიზლაზნება ბინდი ბორცვს იქით და ბამბუკების ოჩოფეხებით დაღლილი მთვარე მიდის ბორძიკით.
* * * * * * *
თითქოს წამოფრინდა ნიმფა უცნაური, ელდის, სიხარულის მომფენელი, მკერდზე დანთების უხმაუროდ, ორი ღვთაებრივი პროპელერი.
* * * * * * *
ჩუმად იმსხვრევა წყლის ლურჯი სარკე და ჭავლში აჩენს ფერს მოულოდნელს, იხვებმა წყალში რაღაც დაკარგეს, დაეძებენ და ვერ პოულობენ.
* * * * * * *
აჰა, კვერცხიდან ხსნად სამყაროსი გადმოდის ბარტყი ფრთების სავსავით. გდია ნაჭუჭი უკვე ამოხსნილ სიკვდილ-სიცოცხლის ფორმულასავით.
* * * * * * *
ჭა ოწინარით კალმისტარიან სამელნეს მოჰგავს, თითქოს ცას იწერს ბაღ-ბოსტანში მეზობლის გოგო.
* * * * * * *
ხელს იჩრდილებდა თელა ბექიდან, კაცს ისე ჰგავდა, გადაირევი, წელზე მტევნებიც ისე ეკიდა, ვით მონადირეს ნანადირევი.
* * * * * * *
მეტყევეს წელში გაურჭვია კაუჭა წალდი, თითქოს ნისკარტით ჩაფრენია მუხას კოდალა.
* * * * * * *
ხევიდან ხევზე მიხტოდა ყეფა, ხოლო დამფთხალი, მშიშარა ექო მიცუნცულებდა მელიასავით და მიირთევდა სიჩუმის გრძელ კუდს.
* * * * * * *
აქა-იქ უკვე პარპალებს შუქი, აქა-იქ თითქოს კოცონებს დგამენ. გაიხსნა მთვარე პარაშუტივით და მსტოვარივით ეშვება ღამე.
* * * * * * *
ზღვისპირ სილაზე გარბის გოგონა და მიჰყვებიან კვალში გოგმანით, როგორც ჩიტები და ბეღურები გამოჩეკილი ნაფეხურები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


