კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:25

 

თენდება, 

ყვითლად დაშრა შანდალი

სველი ვარდივით მიდგმული კედელს,

- აყრია ხატებს ბზა შარშანდელი

და მწუხარება

უთქმელი დღემდე.


გულამოვარდნილ დღეების სრბოლით

საკუთარ იღბალს 

ბოლომდე ვენდე,

ოდეს ჭაღების ბრდღვიალა ბროლი

უსმენდა მოცარტს, 

ბახსა და ჰენდელს.


აფენდნენ ღამის ამორძალები

თეთრ მაგნოლიებს

ლილისფერ გედებს...

- ვიცი ბევრ რამეს დამაბრალებენ

ან ახლა,

ანდა ცოტა ხნის შემდეგ!


მაგრამ იმ მწარე სიმღერის მოტივს 

ოდესმე მაინც 

გაიგებს ვინმე...

- ბეჭებზე მიდევს ლოდინის ლოდი, 

ყოველდლიური ცოდვებით მძიმე!..


ვერ გავიტანე სული ტაძრიდან, 

ვერ დავთმე სიტყვა 

ფერი და ბგერა,

და მავანივით მხოლოდ ნაცრიდან

ვერ გამოვძერწე სიმღერა, ვერა!


შემოაფრინდა ცისკარი სარკმელს

წყალწყალა თოვლით გალუმპულ ფრთებით,

ვაგროვებ

როგორც გატეხილ სარკეს

დარდს და

იანვრის სითეთრით ვთვრები.


ჩვეულებრივად მოდის ცხოვრება -

თავაზიანად მხვდებიან მტრები, 

თვლემს ნებიერად

და იზმორება

ქალაქი თვალთა ელამი ვნებით.


მე კი მარტო ვარ, 

ჟინჟლავს მარტივით,

მამტვრევს, მცივა და შენ მენატრები!

და ძველ რვეულში

ისე მარტივად

აგვისტოს სვამენ ოლეანდრები.


შეკრთება ფიქრი

შერხეულ ფარდით

და ჩრდილი სარკეს პირისპირ უზის, 

ოთახში დადის

მოხრილი ლანდი

მძიმე ეჟვნებით ასხმული კუზით...


ტანით ვეკვრები და ვეტმასნები 

მიმქრალი ბუხრის

მილეულ სითბოს...

ლალით და ლილით თლილი სტანსები

ვიღაცამ კიდევ იმღერა თითქოს.


მოხუცი მგოსნის გამოწვდილ ჭიქას

მთელი ცხოვრება

გიჟივით ველი,

მაგრამ ერევა მოღრეცილ ნიღაბს 

ღიმილი მწარე და შიშისგვრელი...


წკრიალებს თუნგი

სიჩუმით მთვრალი,

გადარეკლილი ფარდაგით ჭრელით, 

- და ახლა როგორც

სიცხიანს წყალი,

მე მინდა შენი 

გამხდარი ხელი!


სული თანდათან მიიწევს მაღლა, 

დრო კი ტრიალებს.

როგორც კორიდა...

- ჭორით მაძღარი თბილისი ახლაც

ჭოგრიტით ხელში

მიმზერს შორიდან!


- მიშველე რამე! 

ჩემს ფიქრს არეულს

სანამ ქუჩებში გაფენდეს ვინმე,

თორემ ჩემს სხეულს

მთვრალს და მთვარეულს

გადავაკივლებ იანვრის ყინვებს!..


- თენდება.

ყვითლად დაშრა შანდალი

სველი ვარდივით მიდგმული კედელს,

აყრია ხატებს ბზა, შარშანდელი

და

მწუხარება უთქმელი დღემდე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen