|
მუსიკა: სუნთქვა ნაქანდაკართა. ალბათ: სურათთა მდუმარება. ენაო, სადაც უძლურია ენა ყოველი. ჟამი ხარ, შვეულ ზღუდედ დგახარ, წარმავალ გულთა მიმართულებით. გრძნობები - ვისთვის? ო, შენ გრძნობათა ფერისცვალებავ, რა სახით მოხველ? - ბუნება ხარ აჟღერებული. უცხო ფრინველო: მუსიკავ. ჩვენგან ამოზრდილო გულის სივრცეო. ჩვენივე სულის იდუმალება, განუზომლად რომ აღგვემატება, დაუოკებლად მიილტვის ჩვენგან, - წმიდათაწმიდა გამოთხოვება: როს ჩვენი არსი გარს გვახვევია, როგორც ნაცადი შორეთი, არე, როგორც ჰაერის მეორე მხარე: უზადოდ წმინდა, უსაზომო, არსებობისთგის ვერსადაგი, უკაცრიელი. |


