|
1
შემოაბიჯე, გამოაღე კარები ფრთხილად, გამოჰყევი იატაკზე დაპნეულ სხივებს, ღვინის სუნით გაჯერებულ ჰაერს მიანდე მკრთალი თითები და ხმადაბლა წაიჩურჩულე: აჰა, მოვედი.
რომ ჩემს სულში დაბორიალობს აუხდენელი ზღაპარივით სუსტი სხეული, აუხდენელი ზღაპარივით სუსტი სურნელი, მიხმობს, სულ მიხმობს, მიხმობს თავისკენ.
განიავდა ჩემი ოთახი, ყვითელი მტვერი წაეფარა, როიალმა თვალი დახუჭა შენი თითების სამშობლოში...
2
თანდათან ბინდი ეფარება ჩემს მახსოვრობას, ჭაობივით მიწოვს წყვდიადი, ვხედავ ამ კედლებს ჩემი ცრემლი უკვე ეპკურა, ამ საწოლში უკვე მეძინა, უკვე ტკივილს ვეფერებოდი.
დაგანახეს შენი თვალები, აირეკლეს შენი ღიმილი, სულში ცივად ჩაიხარხარეს. როცა მობრუნდი და მიწაზე დაეცა მზერა, როგორც ლითონის ნივთი, მაშინ შენიშნე ალბათ: შენც იქ იდექი, ჩაჰყურებდი შიშველ საფლავებს, როგორც სიკვდილის რეკვიზიტებს, შენც გეჭირა ხელში ნიჩაბი და საკუთარ საფლავს ითხრიდი.
3
თანდათან ბინდი ეფარება ჩემს მახსოვრობას, თანდათან მიჭირს გავარჩიო სახე, საგნები და მივაბიჯებ ისე მშვიდად, რომ გეგონება წყალს ვუსხამდე წითელ ყვავილებს.
მომაყარეს ტანზე ხარხარი, როგორც ავადმყოფს დამიხუჭეს ორივე თვალი. და წმინდა ჰიმნის სიკამკამეში დამაბრუნეს საკუთარ თავთან. შემოაბიჯე, გამოაღე კარები ფრთხილად.
4
აქ აღარ დარჩა სიყვარული, შენი სიცილი ვეღარ შეარხევს მდუმარების უჩინარ ტაღებს, შენი სიცილი გამოჰკიდეს გზებზე ჭაღივით, სულს უბერავენ, ვით ჭრილობას, ეტმასნებიან. აქ აღარ დარჩა სიყვარული და შემოდგომა დადის სასახლის კიბეებზე, ყვითელ ფოთლებს ათვალიერებს, აშრიალებს ყვითელ სამოსელს,
პრეისტორიულ გრავიურებს: მთვარეს, ვარსკვლავებს... მე გამოვდივარ ოთახიდან და სიცივეში გული ივსება სიმარტოვით, ივსება ცრემლით, მე მეშინია ამ კედლების და გადავრბივარ გაძარცვულ ბაღში, გადავრბივარ შეშფოთებული როგორც ხალხისგან დაცლილ თეატრში.
5
მოვიტყუე მრავალჯერ თავი: სიყვარულით, რომანტიზმით, წრფელი ცრემლებით და გვიან მივხვდი: ყველაფერი გამოვიგონე- შენი თმები შენი სურნელი.
სიყვარულის სიყვარულისთვის... მოვიტყუე მრავალჯერ თავი, დავფანტე ჩემი უდარდელი სუფთა ვნებები გაქვავებულ ნაკადულებად, დარბაზებში, მთვრალ ღამეებში ჩამომგლიჯეს თითო ნიღაბი, ჩამომკაფეს თითო ტოტი, თითო სხეული, შემათრიეს სიმარტოვეში-კომფორტაბელურ სასტუმროში.
მე მძინავს, მძინავს და სიზმრიდან მოვდივარ ნელა, მოვდივარ წმინდა სამეფოდან, სადაც მწუხარე ანგელოსები ფარფატებენ და უნატიფეს ბაგეებს ფრთხილად ეხებიან ჩემი ტუჩები.
6
უმზირე, როგორც ავზნიანმაამ ცივ სახეებს, უმზირე დიდხანს და თვალები დახარე დაბლა, შენც მათი ტყვე ხარ-მათი ცრემლით უნდა იცრემლო, მათი ქვითინი რამესავით მოჰფინო სხეულს. შენც მათ წინაშე გაითამაშებ სასაცილო ტრაგედიას სენი სიკვდილის...
ძალიან ხშირად მავიწყდება, რომ დავიღალე, რომ უკვე დავიკრიფო გულზე ხელები, ძალიან ხშირად მავიწყდება,რომ სიჩუმეში ვიზრდებით ყველა, ვით მცენარე, რომ სიჩუმეში ყმუიან ჩვენი ღვთაებრივი შმაგი ვნებები. და გამოვდივარ აივანზე, ჩავყურებ ქუჩებს, ტანჯვის, ტკივილის, სიძულვილის იდუმალ კორტეჟს ჩაყურებ ქუჩებს და ვგრძნობ მწარედ, რომ ჩემი სული ამ კარებშია მოყოლილი, კივის, წკმუტუნებს.
7
დაიგვიანე-შენი ცრემლებით სხვამ გაიღიმა, შენმა სიყვარულმა სხვა ფანჯრებში შეიხედა, სხვა მუსიკას მიუგდო ყური.
როგორ დაცლილა ძარღვებში სისხლი, რა შეუმჩნევლად გაფრენილან შენი ბუდიდან დიდი ჩიტები, დიდი სიზმრები... გადაუვლიათ შენი მინდორი დიდ ყაყაჩოებს, სხვა მხარეებს შეხიზნებიან. როგორ დაღლილხარ, როგორ ქვითინებს შენი ბალახი უგემური და უმწიფარი.
ვით ნაქურდალით სავსე ტომარა, რომელიც გინდა, დამალო და ვეღარ მალავ, ეხლები-კედლებს, მაგრამ არსად არცერთი ბზარი, ეხლები წყვდიადს-მაგრამ არსად არცერთი ყლუპი სინათლე... მზეზე ბრჭყვიალებენ შენი ცოდვები.
8
როგორ დაღლილხარ...ახლა ჯავრი შენზე იყარეს მიწამ, ბალახმა, მზემ, ჰაერმა, ვით ქანდაკებას ჩამოგაცალეს თხელი რიდე და დაგტოვეს გაშიშვლებული მიწამ, ბალახმა, მზემ, ჰაერმა გაგმზადა სიყვარულისთვის, როგორც მოწაფე სკოლისათვის, მაგრამ წიგნები გზაში დაფანტე, ფურცელ-ფურცელ ქარს გააყოლე, ვერ ამოხსენი ამოცანა, სადაც შეცდომა პირობაშივე დაუშვიათ... როგორ დაღლილხარ, შემოაბიჯე, გამოაღე კარები ფრთხილად.
9
როგორ დაღლილხარ... ამ ბალახზე ჩამოისვენე, დაიფარე სუსტი სხივები, მარტო ხარ.. და დღეს სულ პირველად უნდა გაიგო, უნდა გაიგო ტკივილის და ცრემლების ფასი და ხალხს, რომელიც შენს სხეულში გალურსულია, დროშასავით უნდა გადასცე.
ჩამოვსხედით მდინარის პირას, მწარე მოთქმას ხმა ავაყოლეთ.
რა სიწმინდეზე ვიღაღადებდი.
არ გამთელდება ეს ნიღაბი, იგი გაფანტეს, გაინაწილეს, ვით მშიერმა პური და წყალი, შემოაბიჯე, გამოაღე კარები ფრთხილად.
10
რა უცნაურად ჩაქრებიან შენი თვალები! წვიმის თაღებში თავდახრილნი გაგაცილებენ ნათესავები, მეგობრები, მოცარტი, ღამე.
შეყვარებულნი ერთმანეთზე შუბლს მიადებენ, ნათესავები ივალალებენ, მეგობრები ჭიქას დაცლიან. ტყუილუბრალოდ დაეძებ სიტყვებს. სიზიფეს ლოდი დაბლა მიგორავს. ტყუილუბრალოდ დაეძებ ალერსს, იგი გაქვავდა, ქვამარილად იქცა, რომელსაც გამწარებულნი ლოკავენ ენით.
11
ჩვენი როლები ხომ სუყველამ გავინაწილეთ, სიამოვნებით ხომ შევფიცეთ ერთმანეთს ძველი ტკივილების განმეორება, ხომ მოვატყუეთ ერთმანეთი, ხომ ვუღალატეთ, ხომ ვუერთგულეთ ცოლს და მეფეს, ხომ გავიგმირეთ სიყვარულის ძველი სქემებით და აღტაცებულ მაყურებლის ტაშის გრიალში ბედნიერებმა დავხარეთ თავი....
12
შემოაბიჯე, გამოაღე კარები ფრთხილად, მე ხომ ჯერ კიდევ დამჭირდება შენი სითბო და სიძულვილი, შეიძლება, რომლებსაც ვუღალატო და ტრაგედიის ფინალი გაღიმებულმა დავასრულო, მე ხომ ჯერ კიდევ სცენაზე ვარ... მაყურებელი მოითხოვს ცრემლებს, თავგანწირვას, ღიმილს, მკვლელობას, მაყურებელი მკაცრია და არ გაპატიებს თუ სადმე ყალბი ნოტი აიღე... |


